LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენჯერ არის რეკომენდებული ორსულობისას ექოსკოპიის გაკეთება – მარიამ გოცირიძის რეკომენდაციები

14393

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ჰიპერტონუსის, მღვრიე წყლების, კისრის ნაოჭისა და ზრდაში შეფერხების სინდრომის შესახებ. რა ინფორმაციას გვაძლევს ორსულობის სხვადასხვა ვადზე ჩატარებული ექოსკოპიური კვლევა და რამდენად ინფორმატიულია ის – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, რადიოლოგმა მარიამ გოცირიძემ ისაუბრა.

რამდენჯერ უნდა მიაკითხოს ორსულმა ექიმ რადიოლოგს 9 თვის განმავლობაში და რატომ არის ეს ვიზიტები აუცილებელი?

ექიმ რადიოლოგს მენსტრუაციის გადაცდენიდან ერთ კვირაში უნდა მიაკითხოთ, რათა ორსულობა დადასტურდეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ორსულობა საშვილოსნოს ღრუშია. თუ პაციენტი ნაკეისრალია, ნაწიბურთან მიმართებაში უნდა ვნახოთ, რა ადგილზეა სანაყოფე პარკი, ჩასულია თუ არა ღრუში,  არის თუ არა ჰემატომა. ანუ პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს 3- დან 4 კვირის ვადაზე. შემდეგი ვიზიტი ორსულს 6-7 კვირის ვადაზე უწევს, როდესაც ემბრიონს  უკვე გულისცემა აქვს. ვაფასებთ  სანაყოფე პარკის ფორმას, ებრიონის გულისცემას და ზომას, ასევე ვნახულობთ, არის თუ არა ჰემატომა. შემდეგ უკვე 12-13 კვირაზე ვაფასებთ კისრის ნაოჭს, ასევე ნაყოფის ორგანოებს, ხერხემალს, ძვლების სისტემას, ცხვირის ძვალს და ამ ვადაზე ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რადგან სხვა დროს ეს არ არის შესაძლებელი. 16 კვირაზე, მეოთხე ვიზიტის დროს ვამოწმებთ როგორ გაიზარდა ნაყოფი, როგორ განვითარდა მისი ორგანოები და ასევე, უკვე გვაქვს გულის მდგომარეობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. შემდეგ ვიზიტზე, 19-20 კვირის ვადაზე ხდება ორგანოების და ზრდის შეფასება, ნაყოფის ზომის, პლაცენტის მიმაგრება, საშვილოსნოს ყელის და ზოგადად, ორსულობის მიმდინარეობის ანალიზი. შემდეგში 24, 30 , 36 კვირაზე სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ვიზიტებია და ამ ვადებზე ვნახულობთ  უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფის ზრდა-განვითარებას, ფიზიოლოგიას, ვადგენთ, როგორ ვითარდება და როგორ მიდის ორსულობა. მხედველობასა და სმენას ექოსკოპია ვერ აფასებს. რაც ეხება ანატომიას, ყველაფერს სათანადოდ ვნახულობთ.

დღემდე ბევრს სჯერა, რომ რადიოლოგიური კვლევა ხშირად რეკონედებული არაა და ის ნაყოფის „დასხივებას“ იწვევს…

ეს არის აბსოლუტურად უვნებელი, ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც არ ვნებს ორგანიზმს. ის უსაფრთხოა როგორც ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებიც წლობით ვმუშაობთ აპარატთან, ასევე პაციენტისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბევრად დიდი სარგებელი მოაქვს თვითნებურად გაკეთებულ ექოსკოპირ კვლევებს, ვიდრე გეგმიურად ექიმის მიერ დანიშნულს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ორსულებზე ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.  ზოგს ცუდი სიზმარი აქვს ნანახი, მეგობარმა, მეზობელმა რაღაც უთხრა აღელვებული მოდის და გთხოვს, რომ გულისცემა მაინც მოასმენინო. მისთვის ეს ერთი ექოსკოპია ბედნიერი ერთი კვირის ტოლფასია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გაიკეთოთ ის ექიმის დანიშნულებითაც და თვითნებურადაც. ეს არის აბსოლიტურად უსაფრთხო პროცედურა, მსოფლიოში არანაირი მონაცემი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ეს ულტრაბგერითი ტალღა რაიმე უარყოფითს იწვევს.

12-13 კვირაზე ხდება კისრის ნაოჭის განმსაზღვრელი კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას პათოლოგიის შესახებ. მაშინ რატომ ხდება აუცილებელი  გენეტიკური კვლევების ჩატარება?

12-13 კვირაზე კისრის ნაოჭის, ანუ საყელოსებრი სივრცის გაზომვა არის აუცილებელი. ეს გახლავთ მარკერი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იქ შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგია.  კისრის ნაოჭის ზომის ნორმად ითვლება 3,  მაგრამ შეიძლება იყოს 3,5,  4,  4,5 და ბავშვი იყოს სრულიად ჯანმრთელი. ამიტომ რადიოლოგებმა თავს არ უნდა მივცეთ უფლება, მშობელს მივაწოდოთ მცდარი ინფორმაცია ნაყოფის შესახებ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული. აუცილებლად უნდა გაკეთდეს  ტესტები, ორმაგი,  სამმაგი ტესტი. თუ იქაც რაიმე ცვლილება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა გაკეთეს ამიოცენტეზი,  რომელიც 99%- ში ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს. ექოსკოპია არის მხოლოდ მარკერი, რომელიც გაძლევს ინფორმაციას, საჭიროა თუ არა კიდევ დამატებითი კვლევები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან არსებული 4 მმ საყელოსებრი სივრცით.

 

რაზე მიუთითებს მღვრიე წყლები ორსულობისასას?

რეალურად არც ერთ წიგნში და სახელმძღვანელოში მღვრიე წყლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. არცერთ ევროპულ და ამერიკულ სახელმძღვანელოში არ წერია როგორია ის, სად ჩანს და რანაირად. რაც უფრო ახალია აპარატი, მით უფრო ბევრ რამეს ვხედავთ ეკრანზე, ამიტომ ამის შეფასება არ იქნება სწორი, რადგან გამოიწვევს დამატებით მედიკამენტების დანიშვნას და ექიმი შესაძლოა, შეცდომაში შევიყვანოთ. ბევრჯერ ყოფილა, უმშობიარიათ, ექიმ რადიოლოგს ეგონა, რომ იყო მღვრიე წყლები  და აღმოჩენილა, რომ  წყალები აბსოლუტურად სუფთაა. ასევე ყოფილა პირიქითაც. ჯობია ასეთი შეფასებები რადიოლოგებმა თავიდან ავიცილოთ. არ არსებობს მღვრიე წყლების შეფასება, სიმართლე ესაა.

ორსულებს ყველაზე მეტად აშინებთ ჰიპერტონუსი. რისი მანიშნებელია ეს მდგომარეობა ექიმ რადიოლოგისთვის და რა  გამოსავალი არსებობს ასეთ დროს?

პაციენტი თვითონ უნდა მოვიდეს ამ ჩივილით, რადგან ეს არის შეგრძნება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის დამოკლება. ტონუსის მიზეზი შეიძლება იყოს სიმძიმის აწევა, ნერვიულობა და სტრესი, გადაღლა. საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ძალიან ადვილად იკუმშება კუნთი და პაციენტს აქვს ჩივილი, მუცლის დაჭიმულობა. როდესაც პაციენტი ამ ჩივილით მოდის,  ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ გამოიწვია თუ არა ჩივილმა საშვილოსნოს ყელი დამოკლება. თუ საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, პაციენტი გადამისამართდება თავის ექიმთან, რომელიც მიიღებს გარკვეულ ზომებს.  ორსული ქალბატონი თვითონ უნდა დაუკვირდეს თავის ორგანიზმს, რა შეუძლია და რა არა, არ უნდა მიიყვანოს თავი მუცლის დაჭიმვის მდგომარეობამდე. იმდენი არ უნდა ისეირნოს, რომ დაიჭიმოს მუცელი.

ჯობია გარშემომყოფები მივეხმაროთ ორსულს, რომ არ აწიოს მძიმე, მივეხმაროთ ქუჩაში, ყველაზე დაუცველები სწორედ ორსულები არიან და ყველაზე მეტი დახმარება მათ სჭირდებათ. ყველაზე მეტად კი ეს მაშინ სჭირდებთ, როდესაც არ ეტყობათ რომ ორსულად არიან, ეს არის 2-3 თვე. სწორედ ამ პერიოდშია ხასიათი არეული და ჯობს მას დავეხმაროთ,  რათა სტრესმა არ გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ყელის დამოკლება, სტაციონარი და ა.შ.

რადიოლოგები არ ვსვამთ ტონუსის დიაგნოზს, ქალი მოდის ჩივილით და ჩვენ ვაფასებთ მის მდგომარეობას. ჩივილი უნდა გამოიკვლიოს ექიმმა, მისი გუშინდელი გუშინწინდელი დღე, ერთჯერადია, ორჯერადი თუ ხანგრძლივი, სწორად უნდა შეფასდეს რადგან მესამე ტრიმესტრში ტონუსი ნორმად ითვლება, პაციენტმა კი ეს არ იცის. თუ ტონუსი გადაღლამ ან სიმძიმის აწევამ გამოიწვია, როგორც კი ორსული წამოწვება, ეს მდგომარეობა გადაუვლის. თუ პაციენტი დილას იღვიძებს და მას აქვს დაჭიმული მუცელი უმიზეზოდ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს და ჩააყენოს საქმის კურსში, ასეთ დროს მკურნალობა აუცილებელია.

რა დროს არის საშიში ზრდაში შეფერხების სინდრომი ან დიდი ზომის  ნაყოფი?

ნაყოფი უნდა მიყვებოდეს თავისი განვითარების ვადას, თუმცა 25 კვირიდან შეიძლება შეიქმნას პრობლემა და ნაყოფმა ვეღარ შეძლოს ზრდა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიამ, გენეტიკამ. ექოსკოპიურად გაზომილი და აწონილი ბავშვის ზომები  შესაძლოა არ შეესაბამებოდეს, ჩამორჩებოდეს ნორმას და ასევე შეიძლება, ნორმაზე გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი. თუ გამოირიცხება ჰიპერტენზია, დიაბეტი, დოპლერი არ არის გაფუჭებული ანუ სისხლის მიმოქცევა არ არის დარღვეული, მაშინ მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ.  უმჯობესია, რომ ბავშვის ზომები ნორმალური იყოს, მაგრამ თუ ეს გენეტიკურია და მაგალითად ბავშვის  მამა ან ბაბუა 5 კილო დაიბადნენ, ბუნებრივია, რომ ბავშვი შეიძლება 4,800 დაიბადოს. ანუ თუ გამოირიცხება ყველანაირი პათოლოგია, ანალიზებშიც ყველაფერი წესრიგშია, დაე ბავშვი იყოს იმ ზომის, რამხელაც არის, არანაირი პრობლემა არ არის.

ახდენს თუ არა გავლენას ნაყოფის ზომაზე დედის კვების რეჟიმი და მისი მომატებული წონა?

ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ დედა მკაცრ დიეტაზეა, რათა ფორმები არ დაკარგოს, ცხადია, ამ დროს ბავშვს ბევრი აკლდება. არიან დედები, რომლებიც ბევრს ჭამენ და ბევრიც აქვთ მომატებული, ასე დროს ბავშვები ზომაზე მეტს იღებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედა დიეტაზე უნდა დავსვათ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას.

 რა არის დოპლეროგრაფიული კვლევა, რა ინფორმაციას გვაძლევს ის,  აუცილებელია თუ არა მისი ჩატარება ყველა ორსულისთვის და რითი განსხვავდება სხვა კვლევებისგან?

ძალიან ბევრი რამის დოპლერი შეიძლება გაკეთდეს, ეს არის თავის, სისხლძარღვების, ხერხემლის, კისრის მალების, ფეხების, სადაც არის სისხლძარღვი ყველგან შეგვიძლია დოპლერის გაკეთება. ამით ჩვენ ვნახულობთ სისხლძარღვში სისხლის გამავლობას, სიჩქარეს, რაოდენობას, იკვებება თუ არა ის ორგანო, სადაც მიდის სისხლი. ვნახულობთ მარაგდება თუ არა ნაყოფი საკმარისად დედისგან, ანუ ჭიპლარში როგორ მიედინება სისხლი. ულტრაბგერით კეთდება, ჩვეულებრივი ექოსკოპიაა და მის გაკეთებას რამდენიმე წუთი სჭირდება. როდესაც დოპლერი ნორმაშია, რა ზომაც უნდა იყოს ეს ბავშვი, პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე ვადაგადაცილების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია დოპლერული მონაცემები, უნდა შეფასდეს, უჭირს თუ არა ნაყოფს. თუ  კვლევამ ნორმალური მონაცემები გვაჩვენა, ნაყოფს შეუძლია იყოს მუცელში იმდენ ხანს,  რამდენსაც ექიმი ჩათვლის. ასევე, როდესაც  ბავშვები ხშირ და მკვეთრ მოძრაობებს აკეთებენ მუცელში, ამ დროს მოდიან  კვლევისთვის. თუ დედა კარგად გრძნობს თავს და ნაყოფს ურჩევს პოზას, თუ როგორ დაიძინოს პრობლემა არ ჩნდება. მაგალითად ვიცით, რომ ზურგზე წოლა არ შეიძლება, რადგან მასა აორტას აწვება, მექანიკურად იწვევს დედის ცუდად გახდომას და უფრო მეტად ნაყოფის დისკომფორტს, შესაბამისად ის ბევრს მოძრაობს. შესაძლოა ასევე სისხლში არ იყოს საკმარისი ჟანგბადის მომარაგება და ამ შემთხვევაშიც ნაყოფი ბევრს მოძრაობს. ჩვენ ვამოწმებთ ნორმალურად ამარაგებს თუ არა დედა ჭიპლარით ნაყოფს, თუ ყველაფერი წესრიგშია, ესეიგი ბავშვს აქტიური ხასიათი აქვს.

 ბოლო რეგულაციების მიხედვით ბავშვის სქესის გაგება გარკვეულ ვადამდე არ შეიძლება, თქვენ როგორც ექიმს რა დამოკიდებულება გაქვთ, სწორია თუ არა ეს მიდგომა და რა ვადაზე უნდა ვიცოდეთ ნაყოფის სქესი?

ძალიან მიხარია, რომ ტენდენცია შეიცვალა საქართველოში და გოგოებიც შეუყვარდათ. ქართველებში დიდი ხანია არ შემინიშნავს ეს ამორჩევითი ტენდენცია. ჩემი დაკვირვებით ჩვენთან ამას აღარ აკეთებენ და არასოდეს მინდა გავიგო, რომ ვინმემ მსგავსი არჩევანი გააკეთა ბიჭს და გოგოს შორის. მიხარია ისიც, რომ 16 კვირამდე არ ვაძლევთ ინფორმაციას სქესის შესახებ, რადგან 12 კვირაზე სქესის შეფასებით შესაძლოა შეცდომაში შევიყვანოთ პაციენტი. ჯობია გაიზარდოს ნაყოფი, გახდეს 16 კვირის, ჩამოუყალიბდეს სასქესო ორგანო და შემდეგ გაიგოს მშობელმა. ასეთ დროს არც აბორტის გაკეთება შეიძლება და ჩვენც მართველი ვიქნებით. 12 კვირაზე ხშირია შეცდომების ალბათობა.

 

რატომ არის ასეთი აქტუალური 3D და 4D კვლევა და შესაძლოა თუ არა, რომ მსგავსმა კვლევამ მეტი ინფორმაცია მოგვცეს ნაყოფის მდგომარეობაზე ვიდრე სტანდარტულმა, ორგანზომილებიანმა კვლევამ?

2D ეს არის კვლევის ფორმა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ის ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. 4D არის ის, სარაც ვიდეოს სახით ვუყურებთ, ხოლო 3D გახლათ ერთი კონკრეტული კადრი, რომლითაც შეგვიძლია ნაყოფის გარეგნული მონაცემების შემოწმება. მაგალითად თითები, ტუჩები, ბავშვის გარეგნობა, ხერხემლის მალები. სურათებსა და ვიდეოებს მშობლისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ჩვენ რადიოლოგებს ყველას ძალიან გვიყვარს ეს პროცესი, ვხარობთ პაციენტებთან ერთად, გამოფენაც კი გვაქვს ბატონ კახა ტატიშვილთან ერთად. 3D და 4D საკმაოდ ინფორმატიული დამატებითი კვლევებია, მაგრამ  არა ისეთი ინფორმატიული, როგორიც 2D კვლევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები