LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე თვეში საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება ამოქმედდება

F9B73487-05CD-4C59-A945-0821040DDBA5

რამდენიმე თვეში, საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამჟამად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც შეთანხმება პრაქტიკულად ამოქმედდება.

„ეს არის 2011 წლის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საბაჟო მონიტორინგს. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით შვეიცარულ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა შეთანხმება. ამ დროისთვის კორიდორების ამოქმედებასთან დაკავშირებით ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს და ველით, რომ ამ პროცესის შემდეგ შეთანხმება ამოქმედდება,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ხშირად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზება ხდებოდა, რაც მიუღებელია.

„პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს საბაჟო მონიტორინგს კორიდორში და არა სატრანზიტო საკითხებს. ვფიქრობ, ამით შესაძლებელი იქნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ზუსტი მონიტორინგი და აღრიცხვიანობა მოხდეს. აუცილებელია, ტექნიკური სამუშაოების შეთანხმება შესაბამის ფორმატებში და ვფიქრობ, რამდენიმე თვეში შესაძლებელი იქნება, აღნიშნული შეთანხმება ამოქმედდეს,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველო-რუსეთს შორის „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების“ შესახებ შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. ამის შემდეგ, 2017 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის. სწორედ ამ კომპანიამ უნდა განახორციელოს ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობს.