როგორ დავაღწიოთ თავი უსიამოვნებებს და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ჩრდილოეთ აფრიკის ყველაზე კოლორიტულ ქალაქში – მარაქეშში მოგზაურობით, რომელზეც ივ სენ-ლორანი და კატრინ დენევი გიჟდებოდნენ.

fortuna.ge გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რათა არ დაუშვათ ბანალური ტურისტული შეცდომები.

არ ღირს ქუჩის გიდების ნდობა – რა თქმა უნდა, მეგზურის გარეშე მარაქეშში ვერაფერს გახდებით, თუმცა მაინც არ ღირს გულღიად მომღიმარი გიდების ნდობა, რომელთა სიმცირეს ქალაქის ძველი ცენტრი არასდროს განიცდის. გამყოლთა უმეტესობა ვირტუოზი თაღლითია და უკეთეს შემთხევევაში მეგობრების საეჭვო სუვენირებით სავსე მაღაზიებში შეგიტყუებთ, უარეს შემთხვევაში კი, ფულს გამოგძალავთ. მოერიდეთ ადგილობრივ მოზარდებსაც, რადგან მედინას ლაბირინთებში წამით შეყოვნებაც საკმარისია, ახალგაზრდა გიდების მახეში გაბმელად, რომლებიც გზასაც მიგასწავლან და ქალაქის გაცნობასაც შეგპირდებან, თუმცა ამგვარი „ალტრუიზმი“ არასდროსაა უანგარო.

არ ღირს ადგილობრივებისთვის ფოტოს გადაღება ნებართვის გარეშე – ზოგადად, აღმოსავლეთში მიუღებელია ადამიანის ფოტოგრაფირება, მარაქეშის მთავარ მოედანზე – Jamaa El Fnaa-ზე კი, ყველაფერთან ერთად საკმაოდ ძვირიც დაგიჯდებათ. რა თქმა უნდა, ბაზრის მოედანზე ყოველთვის სიამოვნებით პოზირებენ ეგზოტიკური, ძალიან ფოტოგენური დავრიშები და მათი  „შინაური ცხოველები“ – მომაკვდავი ხვლიკები, გათანგული მაიმუნები და კობრები, რომელთაც წარმატებით დააგლიჯეს შხამიანი კბილები, თუმცა მაროკოელ ფაკირებს ყოველთვის ერთი სული აქვთ თქვენი ფოტოაპარატის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ალყაში მოქცეულს გამოგძალონ ფული, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დაბნეული და დამფრთხალი ტურისტები ნებისმიერი თანხის გაღებას თანხმდებიან, ოღონდ თავი დააღწიონ მყვირალა ბრბოს.

არ ღირს ვაჭრობის გარეშე სუვენირების შეძენა – ვაჭრობა აღმოსავლეთ ქვეყნების უძველესი ტრადიციაა და პრაქტიკულად ხელოვნებადაა ქცეული. ასე რომ, თამამად ივაჭრეთ, რადგან თავისუფლად შეიძლება შეთავაზებული ფასის რამდენჯერმე დაკლება, რითაც არა მხოლოდ საშვებულებო ბიუჯეტს დაზოგავთ, არამედ ადგილობრივების პატივისცემასაც დაიმსახურებთ.

არ ღირს ქუჩაზე უყურადღებოდ გადასვლა – მართალია, ოფიციალურად მაროკოში ევროპელებისთვის ჩვეული საგზაო წესები მოქმედებს, მაგრამ ადგილობრივები ნაკლებად იღლიან თავს მათი დაცვით. მოერიდეთ ოთხთვალას, რომელშიც ჩვეულებრივ ჯორებია შებმული და ქუჩაზე გადარბენას, რომელიც არასდროს რეგულირდება შუქნიშნით.

არ ღირს მოკლე კაბის ტარება – მაროკო საერო ქვეყანაა, თუმცა ქალაქის ქუჩებში მაინც მოქმედებს დრეს-კოდის დაუწერელი კანონი. რა თქმა უნდა, დეკოლტეს, მოშიშვლებული მხრებისა და მოკლე შარვლისთვის არავინ დაგსჯით, მაგრამ ადგილობრივთა გამკიცხავ მზერას და არასასიამოვნო ჩურჩულს აუცილებლად დაიმსახურებთ. განსაკუთრებული  გულისყურით მოგიწევთ სამოსის შერჩევა თუ მედინას ყველაზე ატმოსფერულ – ტყავის მღებავთა კვარტალში გეგმავთ ხეტიალს.

არ ღირს ტაქსის დაქირავება წინასწარი შეთანხმების გარეშე – აღმოსავლეთში მძღოლები განსაკუთრებულ „კასტად“ ითვლება, რომელთა უმეტესობა არა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ, არამედ ექსკურსიასაც მოგიწყობთ თქვენთვის სასურველი მარშრუტით, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ ფულის გამოძალვაზე ფიქრობს, ამიტომ უმჯობესია წინასწარ შეთანხმდეთ და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ფურცელზე დაწეროთ თქვენთვის სასურველი თანხა.

არ ღირს JEMAA EL FNAA-თან ახლოს დაბინავება – ქალაქის რომელ ნაწილშიც არ უნდა სეირნობდეთ, გაჰყევით გზის მაჩვენებლს და აუცილებლად  Jemaa el Fnaa-ზე ანუ „მოკვეთილი თავების მოედანზე“ გახვალთ. ნაკლებად მომხიბვლელი სახელის მიუხედავად, მოედანი ქალაქის გულად ითვლება, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებთ და ფოლკლორულ კონცერტსაც დაესწრებით, უცხოელ „კოლეგებსაც“ გაიცნობთ და „გრძნეულების“ ღამის შოუსაც იხილავთ. თუმცა, არ ღირს მოედანთან ახლოს სასტუმროს დაქირავება, რადგან ერთის მხრივ, ძვირი დაგიჯდებათ, მეორეს მხრივ კი, ხალხმრავლობა და სფეციფიური ხმაური არასდროს მოგცემთ დასვენების საშუალებას.

არ ღირს მოედანზე ბროწეულის წვენის დაგემოვნება – ადგილობრივების მტკიცებით, მაროკოში ყველაზე გემრიელი ბროწეული ხარობს. რა თქმა უნდა, მაროკოელების „ამბიციების“ გადამოწმება მარტივად შეიძლება, რადგან მარაქეშში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემოგთავაზებენ მის დაგემოვნებას, მაგრამ ხშირად, „ჯადოსნურ წვენი“ არა ახალი და ნატურალური, არამედ ჩვეულებრივ წყალში გახსნილი არომატიზირებული ფხვნილია.

არ ღირს მოგზაურობა ნაღდი ფულის გარეშე – სოლიდურ რესტორანსა ან სასტუმროში თავისუფლად შეიძლება საბანკო ბარათის გამოყენება, თუმცა პატარა ოჯახურ კაფეებსა და მაღაზიებში ნაღდი ფულის გარეშე აუცილებლად სერიოზულ პრობლემები შეგექმნებათ.

არ ღირს ე.წ. „სთრით-ფუდის“ დაგემოვნება – მართალია, მაროკანული სამზარეულოს ბუმი რამდენიმე წლის წინ დასრულდა, მაგრამ ადგილობრივი „კულინარიული გამოფენა“ – ტაჟინი მარილიანი ლიმონით, კუს-კუსი არაჩვეულებრივი სუნელით და აღმოსავლური ტკბილეული,  მაინც ძველებურად გემრიელია, მით უფრო, რომ კერძების დაგემოვნება საკმაოდ იაფად შეიძლება მედინას რესტორნებში Nomad დაTerrace des Epices, თუმცა ნუ დაუჯერებთ „გასტროექსტრემალებს“, რომლებიც ირწმუნებიან, თითქოს ქვეყნის ნამდვილი გემოს გასინჯვა მხოლოდ ქუჩაში შეიძლება, რადგან „სთრით-ფუდი“ მარაქეშში ნამდვილი ლატარეაა, რომლის მოგება ძალიან რთულია, საკვებით მოწავლის ალბათობა კი, – პირიქით, ძალიან მაღალი.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05