გასულ კვირას ფეისბუქზე არაერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ პოლიციელები მათ ჩხრეკდნენ. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სუბელიანმა კი ფაქტის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტო დიდუბის მეტროშია გადაღებული. მოგვიანებით „ფორტუნას“ მოქალაქე დავით ხახიშვილმა მისწერა, რომელმაც თქვა, რომ პირი, რომელსაც პოლიცია ამოწმებს, თავად არის. როგორც ამბობს, თან 0.012 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა. სასამართლომ მას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

 

დათუნა ხახიშვილის ისტორია

რომ გამაჩერეს დიდად არ აუხსნიათ არაფერი. როცა ვკითხე რატო მაჩერებდნენ, მითხრეს, რომ ვარაუდის საფუძველზე. რომელი ვარაუდის საფუძველზე? – დილა-საღამოს ერთი და იგივე გზით დავდივარ სამსახურში.

არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა, პირველი შემთხვევა იყო, ძალიან ცოტა მქონდა. თვითონ მომკიდა გარედან ჯიბეზე ხელი – აქ რა გიდევსო? მეთქი, 0.012 გრამი მარიხუანა, აი არაფერი საერთოდ. მერე ოთახში შემიყვანეს, რაღაცეები წერეს, სადაც არ იყო ნახსენები, რომ თვითონ მომკიდა ჯიბეზე ხელი, დაწერეს, რომ თავად ამოვიღე თუ რაღაც ასეთი.

არ ველოდებოდი, რომ ამაზე რაიმე პრობლემა შეიძლებოდა შემქმნოდა. მერე მოსამართლესაც ვკითხე მოხმარება თუ შეიძლება სახლში და კიო. მაშინ სახლში მიმქონდა-მეთქი, არაო – გადატანა აკრძალულია. მოსამართლემ უთხრა პოლიციელს – რაღატო დაატარებთ ამ ხალხსო? დაახლოებით ასე გამოუვიდა.

ამის მერე ისევ ვხედავ ამ პოლიციელს, რამდენჯერმე შეველაპარაკე, ვხედავ, რომ სხვებსაც აჩერებენ. კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ ასეთ ამბავს.

 

დათო ცომაიას ისტორია

ბოლო პერიოდია ხშირად მაჩერებენ. ძირითადად ეს რაიმე გადამეტების გარეშე ხდება. რამდენჯერმე უფორმოდ გამაჩერეს, მაგრამ რომ ვუთხარი საბუთები წარმომიდგინეთ-თქო, წარმოადგინეს. საცხოვრებელ სახლთანაც გავუჩერებივარ, თავისუფლების მოედანზეც, ბევრგან. იყო შემთხვევები, როცა ჯიბიდან ყველაფერი ამომალაგებინეს, ჯიბეში ხელი არ ჩაუყვიათ, მაგრამ სურათები გადაუღიათ. პირადობას ითხოვენ, პირადობასაც უღებენ ფოტოს და მერე მეც მეუბნებიან, რომ მეც უნდა გადამიღონ. ხშირად ხდება ასე, ბოლო ასეთი შემთხვევა იყო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

გავუჩერებივარ დღისითაც და ღამითაც. გაჩერებისას ძირითადად მეუბნებიან, რომ პრევენციის მიზნით მაჩერებენ. არც ვეკითხები ხოლმე, ერთი-ორჯერ, როცა ვკითხე, მითხრეს, რომ აი, მოხდა რაღაც და მაგას ვერ მეტყვიან, ინფორმაციაა შემოსული და უნდა შეგამოწმოთო, მითხრეს.

 

რა უფლებები გვაქვს, როცა პოლიცია გვაჩერებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) “ფორტუნას” უთხრეს, რომ გასულ კვირას განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე მათთვის ცნობილია. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პოლიციის შესახებ კანონი საკმაოდ ბუნდოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ საკუთარი ინიციატივით დასვას კითხვები მის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების საფუძვლების თაობაზე, რადგან კანონში არის ასეთი ფორმულირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს განუმარტოს მოქალაქეს რა მოქმედებებს ახორციელების მის მიმართ, როცა ეს ხელს არ უშლის საპოლიციო ღონისძიებებს. ამ ჩანაწერიდან გამომდინარე უმეტეს შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები არ მიიჩნევენ საჭიროდ განუმარტონ მოქალაქეებს რატომ შეაჩერეს“, – ამბობს EMC-ის იურისტი ანი ნასრაშვილი.

 

 

ფოტოსურათის გადაღება – იურისტი განმარტავს, რომ პრაქტიკაში გავრცელებულია შემთხვევები, როცა მოქალაქე წარუდგენს ნებაყოფლობით პირადობის მოწმობას პოლიციას, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე მოქალაქის გადაღება. თუმცა, კანონი ფოტოსურათის გადაღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს თან არ აქვს პირადობის მოწმობა და ვერ დგინდება პირის ვინაობა.

„ასე რომ, პოლიციის თანამშრომლები შეიძლება ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოდ იყენებენ ამ ღონისძიებას“, – განმარტავს ანი ნასრაშვილი.

 

ზედაპირული შემოწმება – ტანსაცმელზე გარედან შეხება – იურისტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ პოლიციელი უფლებამოსილია შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ჩაატარონ პირის ზედაპირული შემოწმება.

„ეს გულისხმობს ტანსაცმელზე გარედან შეხებას, სათავეების ან ჩანთის შიგთავსის შემოწმების გარეშე“, – ამბობს იურისტი.

 

რა შემთხვევაში ადგენს პოლიციელი ოქმს

თუ პოლიციელი ახორციელებს პირის ზედაპირულ ან სპეციალურ შემოწმებას პოლიციელი ვალდებულია, შეავსოს შესაბამისი დოკუმენტაცია, შეადგონოს ოქმი. ასევე ოქმი უნდა შედგეს იმ შემთხვევაშიც თუ ხდება პირის ფოტოგადაღება.

„შესაბამისი დოკუემენტის ქონა საშუალებას აძლევს მოქალაქეს უფლების დარღვევის შემთხვევაში გაასაჩივროს ესა თუ ის დარღვევა. ასევე, ზედაპირული ან სპეციალური შემოწმების შემთხვევაში პოლიციელი უფლაბამოსილია მოქალაქეს თავისი უფლებები უნდა განუმარტოს“, – ამბობს ანი ნასრაშვილი.

პოლიციის შესახებ კანონის ხარვეზები

გასულ კვირას მოქალაქეთა შემოწმების თაობაზე “ფორტუნა” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ განხორციელებული ღონისძიებები დანაშაულის პრევენციას ემსახურება.

“მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით, პოლიცია უფლებამოსილია „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე, შეაჩეროს და შეამოწმოს პირი თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად”, – აღნიშნავენ უწყებაში.

EMC-ში კი ამბობენ, რომ პოლიციის შესახებ კანონი ხარვეზიანია, რადგან ის ერთმანეთში ურევს დანაშაულის პრევენციისა და საგამოძიებო მოქმედებებს. იურისტი განმარტავს, რომ ჩანაწერი „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის,“ საკმაოდ ზოგადია და კანონს უფრო მეტი კონკრეტიკა ესაჭიროება.

„კანონი ემსახურება დანაშაულის პრევენციას, თუმცა, პრობლემაა, რომ ამავე კანონის გამოყენება შესაძლებელია უკვე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, მაშინ, როცა ეს სფერო უკვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება. თუ კონკრეტულ ადგილას მოხდა დანაშაული და პოლიცია აჩერებს პირს ამ ადგილას, უმჯობესია, ის შეაჩეროს არა პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რაც მოქალაქეს აძლევს დაცვის მეტ შესაძლებლობას. პოლიციის შესახებ კანონის ხარვეზიც ეს არის, ის ერთმანეთში ურევს დანაშაულის პრევენციისა და საგამოძიებო მოქმედებებს.

საკმარისი საფუძველი – ეს არის ძალიან ზოგადი ხასიათის ჩანაწერი, რომელიც იძლევა ძალიან ფართო განმარტების საშუალებას. ეს ჩანაწერი იმდენად ზოგადია და პოლიციელებიც ასე განმარტავენ, რომ მათი სუბიექტური აზრით შეუძლიათ ნებისმიერი მოქალაქის შეჩერება და ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიების ჩატარება, თუკი ისინი ამას თვლიან საჭიროდ, დამატებით არგუმენტაცია არ არის გათვალსიწინებული არც კანონით და არც პრაქტიკაში ხდება ახსნა-განმარტება“, – აღნიშნავს ანი ნასრაშვილი.

კატეგორიები: ანალიტიკა
თაკო ივანიაძე
ავტორი