LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ გარდატეხის ასაკის შესახებ – თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

3377
gagoshidze-tamar

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

ფსიქოლოგი: ირინე დოღაძე

ადამიანის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ადრეული მოზარდობის, ე.წ. გარდატეხის ასაკი (10-15 წელი). ეს პერიოდი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც მოზარდებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. ერთის მხრივ, გულისხმობს მოზარდის გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილებით, კონფლიქტებით, დაუმორჩილებელი ქცევით გამოწვეულ მნიშვნელოვან პრობლემებს და მეორეს მხრივ, მათ ახალ შესაძლებლობებს, ინტელექტუალური განვითარების, თვით-იდენტობის ჩამოყალიბების, ინტერესების მრავლაფეროვნებით გამორჩეულ ასაკობრივ საფეხურს.

მშობლის ამოცანაა გაიგოს, რაც შეიძლება მეტი, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის დამახასიათებელი თავისებურებების და მოზარდთან სწორი ურთიერთობის გზების შესახებ.

როგორია ადრეული მოზარდობის პერიოდის განვითარების თავისებურებები

ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება და ვითარდება, თუმცა 10-იდან 15-წლამდე პერიოდი ძალიან სწრაფ და რადიკალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ეს ეხება ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ, სოციო-ემოციურ განვითარებას.
ფიზიკური განვითარება

10-15 წლის მოზარდებისთვის დამახასიათებელია ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სწრაფი განვითარება. შედეგად, კი მსხვილი და ნატიფი მოტორული მოქმედებების განხორციელება ნელ-ნელა უფრო ზუსტი და დახვეწილი ხდება. ჰორმონალური ცვლილებების საფუძველზე კი იწყება სექსუალური მომწიფება და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. ასეთი აშკარა, თვალშისაცემი ცვლილებების გამო მოზარდები ხშირ შემთხვევაში თავს არაკომფორტულად გრძნობენ: „დედა, ვერ წავალ წვეულებაზე, არცერთი კაბა არ მიხდება. ყველა დამცინებს.“; „საშინელი კანი მაქვს, არავის მოვეწონები“. ამასთან, ყველა მოზარდს ფიზიკური განვითარების თავისი ინდივიდუალური რიტმი აქვს. შესაბამისად, შესაძლოა ადრეული ან გვიანი მომწიფება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში. ვინაიდან, ფიზიკური განვითარების პარალელურად იცვლება მოზარდთა ინტერესებიც.
უფროსების ამოცანაა, მიაწოდონ მოზარდებს ინფორმაცია: 1. მათი ფიზიკური განვითარების თავისებურებების და მის საფუძვლად მდებარე მექანიზმების შესახებ, რათა მათ მოახერხონ ამ პროცესის ბუნებრიობის და გარდაუვალობის გაცნობიერება; 2. ნივთიერების ავად მოხმარებასთან, არასასურველ ორსულობასთან და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით;

ინტელექტუალური განვითარება

ინტელექტუალური განვითარება შესაძლებელოაისე თვალნათლივ არ ჩანდეს, როგორც ფიზიკური მომწიფება, თუმცა ისეთივე ინტენსიურია. რადიკალურად იცვლება აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის სტილი.თუ, უმცროსი ასაკის ბავშვები ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ იმ მოვლენებზე, რასაც უშუალოდ ხედავდნენ, მოზარდები უკვე იწყებენ ფიქრს იდეებზე, აბსტრაქტულ მოვლენებზე, აფასებენ პრობლემას უფრო მაშტაბურ და კომპლექსურ ჭრილში. თუ 6 წლის ბავშვი მსჯელობს შემდეგი სახით: „ადამიანი ვინც ტირისმოწყენილია, ხოლო ვინც იცინისმხიარულია.“ 10-15 წლის მოზარდი განსხვავებულად აფასებს:„მომღიმარი ადამიანი შესაძლოა ცდილობდეს საკუთარი დარდის ამ ფორმით დამალვას.“სწორედ განვითარების ეს პერიოდი ხასიათდება განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, ინტერესების მრავალფეროვნებით, ძირითადი ღირებულებების ჩამოყალიბებით.მოზარდები სიამოვნებით სწავლობენ მხოლოდ იმ საკითხებს, რაც მათთვის საინტერესოა, მათი გამოცდილების შესაბამისია და რასაც სასარგებლოდ მიიჩნევენ. მსჯელობენ იდეოლოგიურ საკითხებზე, ცდილობენ საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, უმჯობსედება იუმორის გაგების უნარიც.

უფროსების ამოცნაა, გაითვალისწინონ მოზარდის ინტელექტუალური განვითარების თავისებურებები, განსაზღვრონ მათი ინტერესის სფეროები და გამოიყენონეს ინფორმაცია მასთან კომუნიკაციის პროცესში. მასწავლებელს კი მოუწევს საგაკვეთილო პროცესის ისე დაგეგმვა, რომ დაფუძნებული იყოს აბსტრაქტული მსჯელობის უნარების გამოყენებაზე, მოზარდისთვის საინტერესო თემების განხილვაზე.
იდენტობის ჩამოყალიბება

ადრეული მოზარდობის პერიოდი დაკავშირებულია დამოუკიდებლობის მიღწევის მოთხოვნილებასა და იდენტობის ჩამოყალიბების პროცესთან. მოზარდებს სურთ იყვნენ განსაკუთრებულები, განსხვავებულები. შედეგად, ეს პერიოდი ხასიათდება გუნება-განწყობის და ქცევის ხშირი ცვლილებებით, შფოთვით, არათანმიმდევრულობით. ისინი უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებენ შენიშვნაზე. ერთის მხრივ, ცდილობენ იმოქმედონ ზრდასრულების მსგავსად, თუმცა მძიმე ემოციურ სიტუაციებში მოხვედრისას შესაძლოა გამოავლინონ ინფანტილური/ბავშვური ქცევა. ესეთი ემოციური არამდგრადობის ფონზე კი შესაძლოა მიიღონ იმპულსური გადაწყვეტილებები, რაც არასასურველი შედეგით დასრულდება. მოზარდებს სწამთ, რომ მათი გამოცდილება, გრძნობები, პრობლემები უნიკალურია და ვერავინ გაუგებს მათ.

უფროსების ამოცანაა, დაემხარონმათ იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში. მოზარდმა უნდა შეძლოს მრავალფეროვანიგამოცდილების მიღება, სხვადასხვა როლის მორგება და უფროსი უნდა იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი. ხელი შეუწყონ მოზარდის დადებითი თვით-შეფასების ჩამოყალიბებას. სასკოლო გარემო კი უნდა იყოს კეთილგანწყობილი, მეგობრული, ორიენტირებული ჯგუფურ აქტივობასა და თანამშრომლობაზე. ამ ასაკისთვის განსაკუთრებით სასურველია შემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. მაგალითად: თეატრალური წარმოდგენები, სადაც მოზარდი შეძლებს სხვადასხვა როლის მორგებას. ეს, საბოლოო ჯამში, დაეხმარება სხვისი პოზიციიდან მოვლენების შეფასების უნარის განვითარებაში. იმის გაცნობიერებაში, რომ მათი პრობლემები უნიკალური არ არის, რომ სხვებსაც უწევთ მსგავსი სირთულეების გადალახვა.

სოციალურ-ემოციური განვითარება

ადრეული მოზარდობის ასკობრივ საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანატოლებთან ურთიერთობა და მათი დამოკიდებულება. მოზარდებს სურთ ჰქონდეთ რომელიმე სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა. თუ აქამდე მნიშვნელოვანი იყო ავტორტეტული უფროსების აზრები, ეხლა უპირატესია თანატოლებთან ურთიერთობა. სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად კი მიმართავენ სხვადსხვა ქცევას, მათგან ზოგიერთი შესაძლოა არასასურველი და სახიფათოც კი იყოს. აქტუალური ხდება რომანტიული და სექსუალური ცხოვრება. ერთის მხრივ, დამოუკიდებლობის წყურვილი და ამავდროულად, მშობლებზე დამოკიდებლობაგანაპირობებს მოზარდის პროტესტს, მეამბოხობას.
უფროსების ამოცანაა, იყვნენ მხარდამჭერნი და ხელი შეუწყონ მოზარდისთანატოლებთანურთიერთობის პროცესში. დაეხმარონ ღირებულებებისა და მეგობრების სწორად შერჩევაში. სკოლაში კი უნდა არსებობდეს ნეგატიური შინაარსის ურთიერთობების (სხვების ჩაგვრა) ამოცნობის მექანიზმები.
მორალური განვითარება

ადრეული მოზარდობის პერიოდში ჩამოყალიბებული ღირებულებები, ხედვები მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება ადამიანს. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია მოვლენების იდეალისტური ხედვა და უკიდურესი სამართლიანობა. ისინი იწყებენ საკუთარი პოზიციიდან მოვლენების, ადამიანების შეფასებას, სვამენ საკმაოდ რთულ კითხვების სამყაროს შესახებ და უარს ამბობენ მარტივი და ტრივიალური პასუხების მოსმენაზე.
მშობლისა და მასწავლებლის ამოცანაა, გაითვალისწინონ მოზარდის განვითარების თავისებურებები. დაეხმარონ კრიტიკული აზროვნების უნარის გავარჯიშებაში, ხელი შეუწყონ სწორი ღირებეულებების ჩამოყალიბებას და იყვნენ მაგალითის მიმცემნი.

რას გულისხმობს კარგი მშობლობა ადრეული მოზარდობის პერიოდში

მიუხედავად იმისა რომ, მოზარდები ნელ-ნელა უახლოვდებიან ზრდასრულობის ასაკს, მათ ისეთივე სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ, როგორც მანამდე. განვითარების თავისებურების გამო კი შეიძლება გართულდეს მშობელთან კომუნიკაციის პროცესი, ამიტომაც მნიშვნელოვანია უფროსმა იზრუნოს მოზარდის ემოციურ კეთილდღეობაზე და შეუქმნას უსაფრთხო გარემო.

აჩვენეთ სიყვარული – მოზარდის არაწინასწარმატყველებადი ქცევა ხშირად აბნევს მშობლებს, იწვევს ბრაზს, რომლის გაკონტროლებაც ადვილი არ არის. მშობლის ამოცანაა გაუმკლავდეს საკუთარ უარყოფით ემოციებს, დაუთმოს მეტი დრო შვილს, დაინტერესდეს მისი გრძნობებით, ეცადოს მისი პოზიციიდან მოვლენების შეფასებას, გამოხატავდეს სითბოსა და მხარდაჭერას. მოზარდებს უნდა სჯეროდეთ, რომ მათ მშობლებს ეყვარებათ ყველაფრის მიუხედავად, როგორც არ უნდა მოიქცნენ.
იყავით მხარდამჭერნი – მოზარდების და უფროსების მიერ სიტუაციების შეფასება და მათი პრობლემად აღქმა, ერთი და იგივე არ არის. არსებობს საკითხები, რომელიც მშობლებს შესაძლოა სულაც არ ეჩვენებოდეთ მნიშვნელოვნად, მაშინ როცა მოზარდისთვის ის არსებითია.ამიტომაც, მათ სჭირდებთ ძლიერი დასაყდენი უფროსის სახით და მხარდაჭერა აღნიშნულ სირთულეებთან გასამკლავებლად.

დაუწესეთ შეზღუდვები – მოზარდებს სჭირდებათ სტრუქტურირებული გარმო, სადაც არსებობს გარკვეული წესები, როცა ყველა უფროსი თანმიმდევრულად ემორჩილება ამ წესებს და იგივეს ითხოვს სხვებისგანაც. ასეთი მოწესრიგებული, წინასწარ განსაზღვრული გარემო მნიშვნელოვანად განაპირობებს მოზარდების ემოციურ სიმშვიდესა და კეთილდღეობას. მშობლები, რომლებიც აწესებენ კარგად განსაზღვრულ შეზღუდვებს, აკონტროლებენ მათ შესრულებას და ხსნიან მათ მიზეზებს, უკეთესად ახერხებენ თავიანთ შვილებთან ურთიერთობას.
იყავით მაგალითი – მოიქეცით ისე, გამოავლინეთ ის ღირებულებები, როგორც გინდათ რომ თქვენი შვილები ხასიათდებოდნენ. სწორედ ქმედება უფრო მეტს ამბობს თქვენზე, ვიდრე სიტყვები. თუ თქვენ დაუწესებთ საკუთარ თავს ქცევის და მორალური ქმედების მაღალ სტანდარტს, შვილებიც უფრო აქტიურად მოგბაძავენ.
ასწავლეთ პასუხისმგებლობა – ადამიანები არ იბადებიან პასუხისმგებლობის მაღალი განცდით. ეს უნარი ყალიბდება გამოცდილების შედეგად, ცხოვრების განმავლობაში. ამიტომაც, განუსაზღვრეთ გარკვეული ვალდებულებები (დაგეხმაროთ სახლის დალაგებაში, შინაური ცხოველების მოვლაში, კერძის მომზადებაში) და წაახალისეთ მისი შესრულებისთვის.
მიეცით მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალება – მოზარდობის პერიოდი არის გამოცდილების მიღების, სხვადასხვა ინტერესების გაჩენის განსაკუთრებული ეტაპი. შესაბამისად, საშუალება მიეცით დაინტერესდეს სხვადასხვა სფეროთი, გამოსცადოს საკუთარი თავი, დაკავდეს სპორტით, აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობით. წაახალისეთ გაეცნოს სხვადასხვა კულტურის, რელიგიის, ადამიანების შესახებ ინფორმაციას.

გამოხატეთ კმაყოფილება – უფრო ადვილია უკმაყოფილების გამოხატვა, იმის აღნიშვნა, რაც არ მოგვწონს. ასაკობრივი თავისებურებებით გამოწვეული ემოციური დაძაბულობის ფონზე კი მოზარდს სჭირდებათ მათი ინდივიდუალობის აღიარება და დაფასება. შესაბამისად, შეეცადეთ შეხედოთ სიტუაციებს თქვენი შვილის თვალით, გააცნობიეროთ მათი საჭიროებები და ფიქრები. წაახალისეთ მისი ქმედება – მოიქცეს სწორად.

როგორ უნდა ესაუბროს მშობელი გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს

ადრეული მოზარდობის პერიოდში საკმაოდ რთულდება უფროსებთან კომუნიკაციის პროცესი. ნებისმიერი კითხვა შესაძლოა აღიქვან, როგორც მათზე კონტროლის მცდელობა, მათი დამოუკიდებლობის შელახვა. აღმოჩნდა, რომ მოზარდთან ურთიერთობა ადვილია, თუ მისი ბავშვობის პერიოდშიც მშობელი აქტიურად ცდილობდა კომუნიკაციას, საუბარს, მისი აზრების მოსმენას. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა უცებ, მეშვიდე კლასში, პირველად არ დასვას შეკითხვა: „სად იყავი და რას აკეთებდი მეგობრებთან ერთად?“. ეცადეთ იურთიერთოთ, ესაუბროთ შვილებს ადრეული ბავშვობიდან. ამასთან, გაითვალისწინეთ:

არ არსებობს წარმატებული კომუნიკაციის მზა რეცეპტი – ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, მშობელმა ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს კომუნიკაციის ის ენა და ისეთი სასაუბრო გარემო, რომელიც ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება მოზარდთან ურთიერთობისას.

მოუსმინეთ მას – ეს განსაკუთრებით რთული პროცესია და არ გულისხმობს სხვისი საუბრისას უბრალოდ ჩუმად ყოფნას. ამ დროს მნიშვნელოვანია აკონტროლოთ სახის მიმიკები, ჟესტები. უნდა იყოთ მაქსიმალურად მხარდამჭერი და ყურადღებიანი მსმენელი. მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ ცდილობთ გაიგოთ მისი ემოციები და დარდები. მას არ მოეწონება თქვენთან საუბარი, თუ ამ დროს სადილს ამზარებთ, ან სხვა რაიმეთი ხართ დაკავებული, თუ პეიროდულად აფიქსირებთ საკუთარ აზრს, თუ გამოხატავს უკმაყოფილებას მიმიკით ან სხეულის მოძრაობით.

განსაზღვრეთ საუბრისთვის ყველაზე შესაბამისი დრო – მოზარდებს არ მოეწონებათ, თუ თქვენ განუსაზღვრავთ საუბრისთვის დროსა და ადგილს. მიეცით საშუალება მათ თავად გამოხატონ ინიციატივა, შეარჩიონ შესაბამისი დრო. იყავით მომთმენნი და მიყევით მათ ინდივიდუალურ რიტმს: „მე დაგელოდები, როცა მზად იქნები მითხარი და ვისაუბროთ“.
ეცადეთ მწვავე ემოციური რეაგირების თავიდან არიდებას – ხმამაღლა საუბარი, ყვირილი ხელს შეუშლია საუბრის მიმდინარეობას და მომავალში კომუნიკაციის გაგრძელების პროცესს. ეცადეთ ემოციების, შფოთვის გაკონტროლებას. თავი შეიკავეთ მოვლენების შეფასებისგან ნაცვლად ამის თქმისა: „რას გავს შენი ქცევა? როგორ არ გრცხვენია?“, უმჯობესია კითხოთ: „რას ფიქრობ ამ სიტუაციაზე, მოდი დავილაპარაკოთ, კარგი?“

ისაუბრეთ იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვანია მოზარდისთვის – მშობლისა და მოზარდის ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შორის საუბარი მხოლოდ უკიდურეს და მტკივნეულ თემებს არ შეეხებოდეს.შესაბამისად, გულწრფელი ინტერესით გაეცანით მის შეხედულებებს, ემოციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით შეარჩიოთ სასაუბრო თემა და კითხვის ფორმაც. თუ ჰკითხავთ: „რა ხდებოდა დღეს სკოლაში?“ დიდი ალბათობით პასუხი იქნება „არაფერს“. ამიტომ, დაუსვით უფრო კონკრეტული შეკითხვები. „რა თემა გაიარე გეოგრაფიაში? რა მოგეწონა და რა არა?“. ესაუბრეთ დაგეგმილ ოჯახურ მოგზაურობაზე, თქვენს ღირებულებებზე, იმედებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე საზოგადოებრივ მოვლენებზე და ა.შ. ყურდაღებით მოისმინეთ მისი აზრიც. ამ ტიპის საუბრების გამოცდილება დაგეხმარებათ დაძაბულ ვითარებაში მოზარდთან საერთო ენის გამონახვის პროცესში.

საუბრის დროს გამოხატეთ პატივისცემა – იმ სიტუაციებშიც, თუ უხეშად მოგმართავთ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თქვენ უპასუხოთ მეტი პატივიცემით. შენიშვნის მიცემის დროსაც ყურადღები შეარჩიეთ მიმართვის ფორმა. ნაცვლად ამის თქმისა: „რას გავს შენი ოთახი“, უთხარით: „ვფიქრობ, მეტი დროის გამოყოფა გჭირდება ოთახის დასალაგებლად. ყოველდღე 5 წუთს თუ დაუთმობ უფრო ნაკლებად დაიღლები. თუ დახმარება დაგჭირდება შეგიძლია მთხოვო“.
რა დოზით უნდა მისცესმშობელმა დამოუკიდებლობა მოზარდს

ადრეული მოზარდობის პერიოდი ხასიათდება დამოუკიდებლობის გაზრდილი მოთხოვნილებით. მათ სურთ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, არ იყვნენ უფროსებზე დამოკიდებულნი. ძალიან რთულია ოქროს შუალედის არჩევა. რისი უფლება უნდა მისცენ მშობლებმა და რა აუკრძალონ მოზარდს. მნიშვნელოვანია არსებობდეს საკითხები, რომელთა დამოუკიდებელი მოგვარება მათი ამოცანაა და საკითხები, რომელის გადაწყვეტად აუცილებლად მშობლის მეთვალყურეობის ქვეშაა. შესაბამისად:
დააწესეთ შეზღუდვები – ყველა მოზარდი აპროტესტებს შეზღუდვებს, თუმცა ამავდროულად ბევრად კომფორტულად გრძნობენ თავს წინასწარმეტყველებად გარემოში, სადაც იციან რას ითხოვენ მათგან და რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ ქცევას. შესაბამისად, შეათანხმეთ სიტუაციები, სადაც მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება ექნება და თემები, სადაც თქვენი ჩარევა აუცილებელია.

ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულებები – მოზარდები უკეთესად რეაგირებენ მითითებებზე, როდესაც ხშირად ესმით ერთი და იგივე. ამასთან, როცა მშობლები განუმარტავენ თავიანთი მოთხოვნების მიზეზს.

მიეცით არჩევანის საშუალება – მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ: „ნინი, მნიშვნელოვანია, რომ დავალება დასრულებული გქონდეს დაძინებამდე. შეგიძლია შეასრულო ვახშმამდე ან მის შემდგომ. როცა თავად გადაწყვეტ“.

ნელ-ნელე გაუზარდეთ დამოუკიდებლობის ხარისხი – დასაწყისისთვის შეგიძლიათ მისცეთ პატარა დავალებები და მათი პასუხისმგებლობით შესრულებისთვის კი დააჯილდოვოთ მეტი დამოუკიდებლობით.

იზრუნეთ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე – მოზარდებს უჭირთ გააცნობიერონ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები მათთანაც შესაძლოა დადგეს. ამიტომაც, ესაუბრეთ და გააცანით ყველა ის საფრთხე, რის წინაშე დადგომაც შესაძლოა მოუხდეს და ასწავლეთ გზები, როგორ შეეცადოს მათ თავიდან არიდებს, უკიდურეს შემთხვევაში კი სწორად მოქმედებას და მათთან გამკლავებას.

უთხარით „არა“, როდესაც ეს აუცილებელია – ძირითადად მიეცით არჩევანის საშუალება, თუმცა გამოიყენეთ კატეგორიული „არა“ იშვიათად, და მხოლოდ იმ სიტუაციებში, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ფიზიკურ მდგომარეობას ან მომავალს. ხშირად ესაუბრეთ მათი ქცევის შედეგებზე მომავალში. რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლაში სიარული და სწავლა? ადამიანებთან ურთიერთობა? ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ა.შ.

მიეცით თავისუფლება, თუმცა შეინარჩუნეთ კონტროლი – ძალიან რთულია ზღვარის განსაზღვრა, რომ მშობელმა არ მისცეს ზედმეტი თავისუფლება, ან პირიქით ზედმეტად არ შეზღუდოს მოზარდი. მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, რომ მოზარდებს სჭირდებათ მრავალფეროვანი გამოცდილება, მათ უნდა გამოსცადონ თავიანთი თავი სხვადასხვა როლში, გამოსცადონ საკუთარი ქცევის შედეგები, აიღონ პასუხისმგებლობა და ეცადონ შეცდომის გამოსწორებას. ყველა საფრთხის თავიდან არიდება შეუძლებელია. ამის უზრუნველყოფას მშობელი ვერ შეძლებს. მოზრადთან სწორი კომუნიკაციით მან უნდა მოახერხოს აღნიშნული საფრთხეების შესახებ გაფრთხილება, ასწავლოს მათი თავიდან არიდება და საფრთხის მაინც დადგომის პირობებში სწორი მოქმედება. მოზარდი აბსოლუტურად მომზადებული უნდა დახვდეს შესაძლოა პრობლემურ სიტუაციებს და იცოდეს იქ სწორი მოქმედების გზა. სწორედ ესაა მშობლის ამოცანა, ასწავლოს მოზარდს:როგორ უნდა მოიქცეს, თუ ალკოჰოლის მიღებას შესთავაზებენ? თუ კანონის დარღვევით მოქმედდებას შესთავაზებენ? თუ შეესწრება სხვაზე ძალადობის შემთხვევას? და ა.შ.

როგორ დაეხმაროს მშობელი მოზარდსჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და თანატოლთა უარყოფითი ზეგავლენისგან თავის არიდებაში

თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოზარდების თვით-შეფასებას და ცხოვრების სტილს – როგორ გაატარებს დროის უმეტეს ნაწილს, რა ადგილებს ესტუმრება ყველაზე ხშირად, როგორ მოიქცევა საჯარო ადგილებში და ა.შ. თუმოზარდსუჭირს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება უყალიბდება დაბალი თვით-შეფასება, უფრო ცუდად სწავლობს სკოლაში და ბევრი ემოციური პრობლემის წინაშე დგება. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მოზარდის თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება. მეორეს მხრივ, არსებობს რისკი ჩაგვრის, უარყოფით ზეგავლენის, სახიფათო ქმედებებისკენ მოწოდების. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი ერთია: მშობელმა ძალიან ადრეული პერიოდიდან აქტიურად უნდა იურთიერთოს ბავშვთან, ეცადოს ხელი შეუწყოს სწორი ღირებულებების, ხედვების ჩამოყალიბებას. გარდატეხის პერიოდში კი მოზარდი თავად აირჩევს მეგობრებს, ამ ღირებულებების გათვალისწინებით. შესაბამისად:

გაიცანით თქვენი შვილის მეგობრები – გამონახეთ გზები მათთან ურთიერთობისთვის, მიაცილეთ სკოლაში, ან წვეულებაზე, მიიღეთ სახლში სტუმრად, შექმენით მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სიტუაცია.

გაიცანით მათი მშობლები – ეს დაგეხმარებათ მათი ღირებულებების, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ხედვების გაგებაში, იმის გამორკვევაში ემთხვევა თუ არა თქვენი შეხედულებები ერთმანეთს. ამ გზით თქვენ გექნებათ ინფორმაცია იმ გარემოზე, სადაც თქვენი შვილი მიდის; იმ ადამიანზე, ვისთანაც მიდის და იმაზეც, რა შეიძლება გააკეთოს იქ.
ესაუბრეთ თქვენს შვილს მეგობრებზე, მეგობრობაზე – მოზადებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს მეგობრობა. უნდა შეძლონ სიტუაციის სწორი შეფასება, საჭიროების შემთხვევაში სხვისი აზრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სწორი არჩევანის გაკეთება.
ასწავლეთ სახიფათოსიტუაციიდან თავის დაღწევის აუცილებლობა და გზა – წინასწარ ესაუბრეთ იმ შესაძლოა სახიფათო სიტუაციებზე, სად შესაძლოა აღმოჩნდეს და გააცანით გზები, როგორ შეძლოს იქედან თავის დაღწევა. ასწავლეთ, როგორ მოიქცეს თქვენი 14 წლის გოგონა, თუ მისი მეგობარი წვეულებაზე სასმელს მოიტანს. ან თქვენი 12 წლის ბიჭი, როემლსაც მეგობარი სკოლის გაცდენას სთავაზობს. იდეალურ შემთხვევაში ბავშვი თავად შეძლებს სახიფათო სიტუაციის ამოცნობას და შესაბამისად რეაგირებას. თუმცა, მას უფრო გაუადვილდება სწორად მოქმედება, როდესაც ამის შესახებ უკვე უსაუბრია მშობელთან.
იყავით კარგი მეგობრობის მაგალითი – როდესაც, მოზარდი ხედავს როგორ ურთიერთობენ მშობლები ერთმანეთთან და მეგობრებთან, ეს ყველაზე კარგი გზაა სწორი ქცევის სასწავლებლად.
როგორ დაიცვას მშობელმა მოზარდი მედიის უარყოფითი ზეგავლენისგან

თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვანია ინტერნეტთან, კომპიუტერულ საშუალებებთან ურთიერთობა. მშობელი უნდა დაეხმაროს მოზარდს აღნიშნული დროის რეგულირებაში, მისი მოხმარების დადებითი ეფექტების გამოყენებაში და უარყოფითის თავიდან არიდებაში.

შესაბამისად:

ტექნიკასთან გატარებული დროის ხანგძლივობა ჩასვით გარკვეულ საზღვრებში – თუ სრულიად აკრძალავთ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებას, ეს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს მისდამი ლტოლვას. ამიტომაც, წინასწარ შეათანხმეთ დროის ის ხანგძლივობა, რომლიც მოზარდს შეუძლია გაატაროს ტელევიზოღთან, ან ითამაშოს ვიდეო-თამაში.
აკონტროლეთ რას უყურებს და უსმენს – შეისწავლეთ ის გადაცემები, კომპიუტერული თამაშები, რითაც თქვენი შვილი ინტერესდება. მისი ინტერესების შესახებ ცოდნა დაგეხმარებათ საერთო ენის გამონახვაში და სასაუბრო თემების გაჩენაში. ამასთან, დროულად ამოიცნობთ საფრთხეს.

უყურეთ ფილმს ან მოუსმინეთ მუსიკას მასთან ერთად – ეს საშუალებას მოგცემთ მეტი დრო გაატაროთ მასთან და ამავდროულად გამოარკვიოთ მისი ინტერესები, იმ ფილმებისა თუ პროგრამების შინაარსი რითაც ინტერესდება. გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

შესათავაზეთ ის სატელევიზიო პროგრამები, რაც გინდათ რომ ნახოს – ეცადეთ დააინტერესოთ ისეთი პროგრამების ყურებით რომელიც ეხება ბუნებას, მეცნიერებას, მოგზაურობას, ისტორიას და ა.შ. შემდგომ კი მასთან ერთად განიხილეთ აღნიშნული საკითხები. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოსიმინეთ მისი აზრიც.
ესაუბრეთ ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავებაზე – მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ისმენენ და ხედავენ სიმართლე არ არის. აუხსენით, რომ იმ მუსიკას რასაც უსმენს, ან პროგრამებს რასაც უყურებს შესაძლოა ჰქონდეს თავის განსაზღვრული დანიშნულება. ის იდეები კი, რაც ჟღედრება შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს ოჯახურ ღირებულებებს. თუ მოზარდს უნდა ისეთი რაიმეს მოსმენა ან ყურება, რაც არ მოგწონთ, დაასაბუთეთ თქვენი შეხედულების საფუძველი.

ესაუბრეთ სარეკლამო განცხადებების დანიშნულებასა და უარყოფით გავლენაზე – მოზარდები ძალიან ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, ადვილად იჯერებენ მოწოდებების. ამიტომ, აუხენით რისთვის არსებობს რეკლამა, რომ ყველა მოწოდება სიმართლე არ არის და ამიტომაც, გადაწყვეტილების მიღების წინ მნიშვნელოვანია დაფიქრება.
სპეციალური საშუალებებით შეზღუდეთ წვდომა სახიფათო შინაარსის პროგრამებზე – აკონტროლეთ, რომ მოზარდს არ ჰქონდეს წვდომა ისეთი შინაარსის მასალაზე, რასაც შეუძლია დამაზიანებლად იმოქმედოს მის მიერ მოვლენების შეფასებაზე, მის ემოციურ მდგომარეობაზე.

მიაწოდეთ ინფორმაცია უცნობ ადამიანებთან ინტერენეტით კომუნიკაციის უარყოფით მხარეების შესახებ – მოიყვანეთ მაგალითები იმ შედეგებზე, რაც უცხო ადამიანთან კომუნიაციას შესაძლოა მოჰყვეს. დაარწმუნეთ, რომ დაუყოვნებლოვ გაცნობოთ ყველა ესეთი, შესაძლოა შემთხვევა.

შესთავაზეთ სხვა გართობის საშუალებები – იარეთ ლაშქრობებში, პიკნიკზე, ექსკურსიებზე. მიეცით მრავალფეროვანი გამოცდილება და იზრუნეთ მიიღოს სიამოვნება ამ პროცესით.
იყავით მაგალითი – თუ მოზარდი ხედავს, რომ მისი მშობლები ჩაფლულნი არიან ინტერნეტთან ურთიერთობის პროცესში, მეგობრებს უგზავნიან შეტყობინებებს, უყურებენ ტელევიზორს და ა.შ. თავადაც იმეორებენ იგივე ქცევას. თუ მშობლები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან და მოზარდებთან, მაშინ ისინიც ბაძავებ უფროსებს.
ადრეული მოზარდობის პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენს, რომელთან დაკავშირებული სირთულეების გამკლავება ადვილი არ არის. მშობლის ამოცნაა გაიგოს, რაც შეიძლებამეტი, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიასთან დაკავშირებით და იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, ყურადღებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები