LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ჩაწეროს მთავრობამ ეკონომიკური განვითარების 10 წლიან გეგმაში – ექსპერტების 6 პუნქტიანი შეთავაზება

106
Rariba 32

ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს  მმართველი გუნდი ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობას იწყებს. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, ამისთვის განვითარების საბჭო შეიქმნა და ის აპირებს, მაისის ბოლოს გუნდის ხედვები წარადგინოს. თუ დავაკვირდებით, გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა პრემიერების სუსტი წერტილია.  როგორც კი ამ პოსტზე დაინიშნებიან, ყველა მათგანი იწყებს გეგმის წერას, თუ რა უნდა ქნას შემდეგი 5 ან 10 წლის განმავლობაში. წერს, წერს, წერს და პრეზენტაციას რომ მოაწყობს და ის–ისაა პირველ ფურცელზე დაწერილი გეგმის განხორციელება უნდა დაიწყოს, პრემიერობიდან უშვებენ ან როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, თავად მიდის. ეს გეგმები რჩება ფურცლებზე, პრეზენტაციები კი – კომპიუტერებში. მერე ახალი მოდის და იწყება ისევ თავიდან.

 

                                     

 

 გეგმის წერა, როგორც პრემიერების საყვარელი საქმიანობა

 

ყველას კარგად გვახსოვს მამუკა ბახტაძის ცნობილი ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც დიდი ზარ–ზეიმით წარუდგინეს საზოგადოებას, მაგრამ ბახტაძე პრემიერობიდან ფეისბუქით ისე წავიდა, ვერც ბოლომდე მიყვანილი ევროპაში ინტეგრაცია ვნახეთ (პირველი პუნქტი), ვერც ეკონომიკის განვითარების მოდელი, რომელიც ყველა ოჯახს შეეხებოდა (მეორე პუნქტი), ვერც მცირე მთავრობა, თუ არ ჩავთვლით, დროებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას და შემდეგ ისევ გაყოფას, თუმცა ეს არ ასახულა თანამშრომლების რაოდენობაზე (მესამე პუნქტი) და ვერც განათლებასა და ინოვაციებში ვნახეთ წინსვლა (მეოთხე პუნქტი).

კიდევ უფრო მანამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია 2020“ წარმოგვიდგინა და გვითხრა, რომ ეს იყო 2014–2020 წლებში სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით განვითარების გეგმა. ვის რა გახსოვთ, რა გააკეთა მაშინ ღარიბაშვილმა ასევე ზარ–ზეიმით წარდგენილი გეგმის შემდეგ, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.

ასეთი ფაქტები მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ პრემიერებს როგორც ჩანს, მოსწონთ გეგმების წერა და მერე პრეზენტაციების მოწყობა. აი, საქმის კეთებამდე რომ მივა საქმე, მერე მიდიან.

ახლაც, მაისის ბოლოს ველოდებით, რათა გავიგოთ, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის 10 წლიანი განვითარების გეგმა, მათ შორის, ეკონომიკაში რა გაკეთდება. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების  გრძელვადიანი სტრატეგია, თუმცა ხალხისთვის 10 წლის მერე კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელია იცოდეს დღეს და ხვალ თავი როგორ გადაირჩინოს.

 

10 წლიანი ეკონომიკური გეგმის ღარიბაშვილისეული მონახაზი

 

მართალია, ჯერ ზუსტად არ ვიცით, კონკრეტულად ეკონომიკას და გაჭირვებულ ხალხს მთავრობა რას უპირებს თავის 10 წლიან გეგმაში, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა და გვითხრა, რომ მთავარი აქცენტი ბიზნესზე გაკეთდება. მისი თქმით, ბიზნესს პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო სჭირდება, თუმცა არ დაუზუსტებია როგორ აპირებს ამ სტაბილური გარემოს შექმნას არსებული პოლიტიკური კრიზისის და პანდემიის პირობებში.

ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზე სამუშაოდ პრემიერმა რეფორმების საბჭო შექმნა

განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები.

ამის გარდა, მან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაც ახსენა და დაგვპირდა, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება გასაყიდად მზად არისო. რადგან ჯერ ამ თემაზე მთავრობა ისევ მუშაობს,  ჩვენ გადავწყვიტეთ, ეკონომისტებისთვის გვეკითხა აზრი, რა უნდა იყოს ჩადებული ამ 10 წლიან გეგმაში კონკრეტულად ეკონომიკის მიმართულებით.

 

 

ეკონომისტების 6 პუნქტიანი გეგმა

 

რა უნდა ეწეროს ქვეყნის განვითარების  10 წლიან გეგმაში, კერძოდ, ეკონომიკის მიმართულებით, ამის გასარკვევად  ეკონომისტ ნიკოლოზ შენგელიას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ დღევანდელ ვითარებას ვერანაირი 10 და 20 წლიანი გეგმა უშველის, თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდა.

„ხომ გახსოვთ, 2014 წელს, ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერი და ინკლუზიური განვითარების სტრატეგია შეიმუშავეს, რა გაკეთდა მაშინ. ახლაც ვერავითარი 10 და 20 წლიანი გეგმა ვერ გაამართლებს, თუ გარკვეულ საკითხებს ფუნდამენტურად არ შევცვლით.  ზოგადად, თუ ეკონომიკის განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია, უნდა შეიცვალოს ფულად–საკრედიტო პოლიტიკა. რაც შეეხება საკითხებს, რა უნდა ეწეროს გეგმაში:

  • კაპიტალის ბაზრის გახსნა, გაფართოება და საფონდო ბაზრები

ამ გზით მოვიზიდავთ ინვესტორებს, აქციების გზით. ახლა, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის დროს, ცხადია ინვესტორები აქ ფულს არ ჩადებენ, მაგრამ ამას ხელს უშლის ეროვნული ბანკი. რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ბანკის კონკურენტია. გარდა ამისა, თუ მეწარმეს, ფერმერს საშუალება ექნება, ბანკების გვერდის ავლით, ამ გზით მოიძიოს ფინანსური რესურსი, ეს მხოლოდ განავითარებას ჩვენს ქვეყანას.

  • რეგიონებში ბიზნეს–ინკუბატორების გახსნა

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ყველა რეგიონში უნდა გაიხსნას ბიზნეს–ინკუბატორი, სადაც ფერმერი მივა და გაიგებს, რა როგორ გააკეთოს, როგორ დაწეროს ბიზნესგეგმა. დღეს ბევრი დამწყები ბიზნესმენია და მთავრობის პროქტებში იმიტომ ვერ იღებს მონაწილეობას, რომ არ იცის, რა როგორ გააკეთოს.

  • სოფლის მეურნეობის განვითარება

ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. გლეხმა როგორ დაამუშავოს მიწა, როცა იცის, რომ მოშლილია სარწყავი სისტემები, არ არის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.

  • მიწის ბაზრის შეცვლა

მიწას უნდა დაედოს ფასი. მიწების რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე არაა მიყვანილი. თითქოს შენია, იყიდე სახელმწიფოსგან, მაგრამ რეალურად მიწის გაყიდვისას შეიძლება ბევრი სირთულე იყოს და საბუთები ეჭვქვეშ დადგეს. ფინანსების ჩადებას ასეთ დროს უცხოელი მოერიდება.

როგორც ეკონომისტმა გვითხრა, დღეს მთავრობა მხოლოდ იმ ექსპერტებს ელაპარაკება და უსმენს, ვისაც საწინააღმდეგო აზრი არ აქვს. მისი თქმით, საჭიროა, პროცესში სხვა სპეციალისტებიც ჩაერთონ.