პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემდეგ იმოქმედებს:

“დღეს, როდესაც ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ისევ გრძელდება, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისის 00:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება. პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე.

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება

კერძოდ, 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფლები მუშევანი და გეტა, სადაც მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება ​თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. უქმდება 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილებზე და ის იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05