LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხის წინაშე დგანან ყოველწუთიერად მიკროავტობუსების მგზავრები

დილაა, სახლიდან გამოვდივარ, როგორც ყოველთვის, სამსახურში მეჩქარება, სწრაფი ნაბიჯით გაჩერებისკენ მივდივარ და სასურველ მიკროავტობუსს ველოდები. სწორედ აქ იწყება მთელი ჩემი უბედურება. გაჩერებაზე გაურკვეველი ვადით ვდგავარ, მაჯაზე გაკეთებულ საათს მოუთმენლად ვუყურებ, ისევ დამაგვიანდა, ტრანსპორტი კი ისევ არ ჩანს. დაახლოებით ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, შორიდან ვხედავ ყვითელ მიკროავტობუსს, წითლად გამოკვეთილ ნომერზე სასურველ ციფრებს ვკითხულობ, ხელს ვუქნევ, გამიმართლა, მძღოლი მიკროავტობუსს აჩერებს, მე კი ვცდილობ, მგზავრებით გადაჭედილ ტრანსპორტში როგორმე შევძვრე.

”გადაიწიე გოგონა, დარგული ხარ მანდა?!” – მძღოლი მიკროავტობუსის ბოლოში მდგომ გოგონას უკან გადასვლას სთხოვს.  ”კართან ნუ დადგებით!” – ვკითხულობ წარწერას, კარის სახელურს ხელს მაგრად ვუჭერ და ცალ ფეხზე მდგომი ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო. მთავარია, ამოვედი, ცოტაც და დანიშნულების ადგილზე ვიქნები – თავს ვიმშვიდებ, მაგრამ ეს ცოტა არ მთავრდება. მგზავრების ”აკრეფის” მიზნით მძღოლი ”მიღოღავს” და ისედაც გადატენილ მიკროავტობუსს მგზავრებით კიდევ უფრო ავსებს.

ნემსის ჩასაგდები ადგილი არ არის – გამოთქმა ზედმიწევნით ასახავს ტრანსპორტში არსებულ სიტუაციას. ყოველი მგზავრის ნათქვამი  ”აქ სადმე გამიჩერეთ” კი ყურში საშინლად ჩამესმის და ისედაც გაფუჭებულ დილის განწყობას, კიდევ უფრო მიფუჭებს. ნახევარსაათიან სავალ გზის გავლას ერთ საათზე მეტს ვანდომებ და, როგორც იქნა, დანიშნულების ადგილამდე ვაღწევ, ტრანსპორტიდან ჩამოსული შვებით ამოვისუნთქებ და ვცდილობ, დავივიწყო, რომ საღამოს სამსახურიდან უკან სახლში ისევ ამ ტრანსპორტით და ამ გზით უნდა დავბრუნდე…    

ასეთ ისტორიებს დღის განმავლობაში რამდენიმეს მოისმენთ.  თუმცა,  ამის პარალელურად  ძალიან ხშირია შემთხვევებიც, როდესაც მგზავრობა მხოლოდ უსიამოვნო კი არა, სახიფათოც ხდება. მაგალითად, როდესაც  მძღოლი მგზავრებთან  ჩხუბობს იმის გამო, რომ ან მათგან არ მოეწონა რაღაც, ან, უბრალოდ, სხვამ მოუშალა ნერვები. ტელეფონით საუბრისას ვერ შეამჩნია ანთებული შუქნიშანი და უცბად ისე დაამუხრუჭა, რომ ან ავარიას ვერ გადაურჩა და, თუ გადაურჩა, მგზავრები დარჩნენ დალურჯებულები. გადატენილ მანქანას აჩერებს  მეორე, ან მესამე ზოლში და კარგა ხანი მოპირდაპირე მხრიდან  მომავალ კოლეგას ეჭორავება. ვიდრე ოჯახებს მოიკითხავენ და  ძველ კარგ დროს გაიხსენებ, ან ისევ საავარიო სიტუაცია იქმნება, ავარია თუ არ მოხდა, ან ისევ ჩხუბი იწყება და  ეს ვითარება წლების განმავლობაში არათუ არ იცვლება, სულ უფრო უარესდება.

ყვითელი მიკროავტობუსი სატრანსპორტო საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომელსაც მოქალაქეები აქტიურად იყენებენ. სატრანსპორტო საშუალების მისამართით უკმაყოფილება გამუდმებით ისმის, მაგრამ გამოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები იძულებული არიან, გადაადგილების ისევ ამ გზას მიმართონ. საზოგადოებას გამუდმებით ესმის საუბარი პრობლემის მოგვარების გზებზე, თუმცა მხოლოდ ლაპარაკით დედაქალაქში ტრანსპორტირების პრობლემა არ გვარდება.

რას ამბობენ მძღოლები

მგზავრების მსგავსად უკმაყოფილოები არიან მძღოლებიც. მათ თავის სიმართლე აქვთ: ყვითელი მიკროავტობუსი მძღოლების უმეტესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, გადაჭედილი სატრანსპორტო საშუალება კი ამ შემოსავლის გაზრდის გარანტიაა.

”ფორტუნა” რამდენიმე მძღოლს დაუკავშირდა, ვინაობის დასახლელებისგან ყველამ თავი შეიკავა. მიზეზი ერთადერთია – ადრე ერთ-ერთმა მძღოლმა მედიასთან ჩვენს პრობლემებზე ისაუბრა, მოგვიანებით კი სამსახურიდან გაუშვეს – ამბობენ მძღოლები. მგზავრების მხრიდან წამოსულ საყვედურებს საკუთარ თავზე არ იღებენ და პასუხისმგებლობას კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს” აკისრებენ.

”ჩვენი გასვლის განრიგს დისპეჩერი ადგენს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ინტერვალით გავდივართ, ყველა ორ წუთში ერთხელ რომ ვიაროთ, იმდენი მგზავრი არ გვეყოლება და, შესაბამისად, დღის ბოლოს ხელცარიელები წავალთ სახლში. ყოველდღე 80 ლარი სალაროში შეგვაქვს, ამის გარდა, მიკროავტობუსს თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ყველაფრის ფულს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით, ამას ემატება დისპეჩერის ყოველდღიური საფასურიც და ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს რამე? ოჯახები გვყავს, რჩენა ხომ უნდათ,” – ამბობს ”ფორტუნასთან” ერთ-ერთი მძღოლი.  

”თბილისის მიკროავტობუსის” მიზანია მგზავრების კომფორტული გადაადგილება

”თბილისის მიკროავტობუსი” 2011 წელს დაარსდა. თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი, სადაც ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, აღნიშნულმა კომპანიებმა თბილისში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს, ”თბილისის მიკროავტობუსი” კი მათ ხელმძღვანელობს.
შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მიზანია, გამარჯვებული კომპანიების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე,  თბილისში მგზავრთა გადაყვანის კომფორტული, უსაფრთხო და ორგანიზებული სისტემის შექმნა, – ვკითხულობთ ”თბილისის მიკროავტობუსის” ოფიციალურ გვერდზე, თუმცა მგზავრები რომ თავს არც უსაფრთხოდ და არც კომფორტულად არ გრძნობენ, ამას ფაქტები უკეთესად ადასტურებენ.
კონტროლდება თუ არა ყვითელი მიკროავტობუსების გადაადგილების ინტერვალი, მოწმდება თუ არა მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაცულია თუ არა მგზავრთა უსაფრთხოება –  ”ფორტუნა” ”თბილისის მიკროავტობუსს” დაუკავშირდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დედაქალაქში გადაადგილება საცობების გამო გართულებულია, კომპანიამ მიკროავტობუსების რაოდენობა გაზარდა, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორდა.

ერთი პერიოდი მიკროავტობუსებში 5 მგზავრზე მეტის ფეხზე დადგომა ავკრძალეთ, თუმცა ამ ფაქტმა მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია და რამდენჯერმე მგზავრსა და მძღოლს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, ამიტომ შემდეგ ისევ დავუშვით. მიკროავტობუსების რაოდენობა გავზარდეთ, მაგრამ დედაქალაქში საცობებია და ეს მგზავრობას ძალიან აფერხებს,” – განუცხადეს ”ფორტუნას” კომპანიაში.

რაც შეეხება მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ”თბილისის მიკროავტობუსში” ამბობენ, რომ ყველა მძღოლმა სანამ მიკროავტობუსზე დაჯდებოდა კომპანიას ჯანმრთელობის ცნობა წარუდგინა, მას შემდეგ ჩაუტარდათ თუ არა მძღოლებს სამედიცინო შემოწმება, ”თბილისის მიკროავტობუსში” კომენტარს არ აკეთებენ, თავად მძღოლები კი ამბობენ, რომ შემოწმების მოთხოვნით, მათთან კომპანიიდან არავინ მისულა.

თბილისის მერია კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს” აკონტროლებს. როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, მიკროავტობუსების გადაადგილების ინტერვალს კომპანია ადგენს, მძღოლისა და კომპანიის ურთიერთობაში თბილისის მერია არ ერევა.   

”ჩვენ კომპანიასთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და არა მძღოლებთან, მძღოლები მათი დაქირავებულები არიან და ჩვენ მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევით,” – ამბობენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.  

მერიას ”თბილისის მიკროავტობუსთან” დავა ორ შემთხვევაში აქვს – თუ ყვითელი მიკროავტობუსი მგზავრებით არის გადაჭედილი ან სატრანსპორტო საშუალება გაუმართავია და საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას, თუმცა რატომ დადის დღემდე უამრავი გაუმართავი და მგზავრებით გადაჭედილი მიკროავტობუსები დედაქალაქის ქუჩებში, პასუხი არავის აქვს.

 

გვანცა ბზიავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები