LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს საქართველოში ჰაერის დაბინძურებას და არსებობს თუ არა გამოსავალი

654

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ასევე სხვა ქალაქებშიც მათ შორის ქუთაისში, ბათუმსა და თელავში, საშუალოზე მაღალია, რაც ატმოსფეროში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობას გულისხმობს.

როგორც რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ”დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, ჰაერის დაბინძურების მთავარი განმსაზღვერლი რამდენიმე ფაქტორი არსებობს: 1. ქვეყანაში საწვავის ხარისხი არ კონტროლდება მაქსიმალურად და საჭიროების მიხედვით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. 2. ქვეყნის ავტოპარკი არის საკმაოდ მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავი, ავტომობილების უმრავლესობას არ აქვს ე.წ. კატალიზატორი, რომელიც ამცირებს ჰაერის დაბინძურებას. ასევე ტექნიკურად გაუმართავია მუნიციპალური ტრანსპორტი. 3. გზების გაუმართაობა, რადგან დაზინებული გზა იწვევს ავტოტრანსპორტის შეფერხებულ გადაადგილებას, რაც ზრდის თავის მხრივ საწვავის მავნე გამონაბოლქვს. 4. ქალაქური ტიპის დასახლებებში არ არის ფაქტიურად რეკრეაციული ზონა.

ნინო ჩხობაძემ მწვანე საფარის კუთხით, ყურადღება, თბილისში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, დედაქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს სკვერები და ბაღები, ქაოტურად გახშირებული ახალი მშენებლობები საერთოდ არ ითვალისწინებენ მწვანე საფარით მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას. მწვანე საფარი კი, როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, პირველ რიგში არის ატმოსფეროში გამოფრქვეული მავნე ნვთიერებების შთანმთქმელი.

“ასევე, ხმაურის ერთგვარი დამჭერი, რაც ჩვენთან არასდროს გაზომილა, თუმცა ამის საშუალება რომ იყოს, ხმაურის დონის მხრივაც დედაქალაქში სავალალო მდგომარეობაა“ – დასძინა ჩხობაძემ.

ავტოპარკის განახლების, საწვავის ხარისხის მუდმივი კონტროლისა და რეკრეაციული ზონების გაფართოების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ნინო ჩხობაძე, მშენებლობის დროს, სახლებში გათბობის თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგვასაც მოიაზრებს. მაგალითად, მისი თქმით, გამოსავალი იქნება, თუ სამშენებლო კომპანიები მობინადრეებს ენერგოეფექტური გათბობის საშუალებებს შესთავაზებენ, ან ბევრი ევროპული ქალაქის მსგავსად, ცენტრალური გათბობის სისტემა დაინერგება, ვინაიდან, ნინო ჩხობაძის განმარტებით, ჰაერი არანაკლებ ბინძურდება, სახლებში ინდივიდუალური გამათბობელი საშუალებების გამონაბოლქვითაც, რომლებიც ძირითადად შიდა წვის პრინციპით მუშაობენ.

საერთო ჯამში, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის ქალაქებში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია. ჰაერის დაბინძურების ორი ტიპია აქტუალური – მტვრითა და გამოფრქვეული აირებით, მათ შორის საწვავში მაღალი დოზით არსებული გოგირდის შემცველი გამონაბოლქვი.

ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების ზუსტ მაჩვენებლებზე ამ ეტაპზე საუბარი რთულია, რადგან შესაბამისი გაზომვები მხოლოდ რამდენიმე ადგილას ტარდება. აუცილებელი აპარატურით ყველა რეგიონისა და ქალაქის აღჭურვა კი დიდ ფინანსებს უკავშირდება, თუმცა, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს რამდენიმე პუნქტიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომელიც პირველ რიგში სწორედ ჰაერის დაბინძურების განმსაზღვრელი აპარატურის დამონტაჟებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები