LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელოდება თბილისს კორონავირუსის შემდეგ: როგორ ვიაროთ სამსახურში – პანდემია ქალაქებს ცვლის

5034
46485379-1484279201675511-4572726640668311552-o-max-1000

ბევრ ქვეყანაში მკაცრი კარანტინის თანდათან შემსუბუქება დაიწყეს. ქალაქებში ცხოვრება ბრუნდება, მაგრამ შიში რჩება. პოლიტიკოსები თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, როგორ დააბრუნონ ქუჩებში მილიონობთ ადამიანი და ამასთან არ დაუშვან ეპიდემიის მეორე ტალღა. ოფისებში დაბრუნება, მაღაზიები და რესტორნებიც კი ჯანმრთელობისთვის დაბალ რისკს შეიცავს, მაგრამ როგორ დავიცვათ თავი საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

გადაადგილების სურვილი გაიზრდება და გამონაბოლქვისგან ქალაქის გადარჩენა შეუძლებელი იქნება. მრავალსაათიან საცობებსაც ვერ ავუვლით გვერდს. ევროპის ბევრი ქვეყანა იმედს ველოტრანსპორტზე ამყარებს.

საინტერესოა რა ბედი ელის თბილისს და რა გეგმა აქვს მერიას?

„ფორტუნა“ თბილისის ტრანსპორტის განვითარების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ თათია გიორგაშვილს ესაუბრა.

„თბილისის ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს. ველოდებით დარგის სპეციალისტებს. მას შემდეგ, რაც ისინი რეკომენდაციებს გასცემენ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ. თბილისში პანდემიის დაწყებამდეც იგეგმებოდა ველობილიკების მოწყობა. ეს გეგმა ძალაშია და მთელ თბილისს მოიცავს. თბილისის ქუჩების დიზაინის განახლება მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ...

ამჟამად ყველა საგზაო სამუშაოები ვაკეში მიმდინარეობს. შესაბამისად, რესურსების სწორი გადანაწილება უნდა მოვახდინოთ. ჯერჯერობით, სანამ ეს სამუშაობი არ დასრულდება, დიდი გამზირებისა და ქუჩების განახლებაზე თავს ვიკავებთ. ინიციატივა, რომ შაბათ-კვირას ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალოს, ინიციატოვად რჩება და ის არც უარყოფილია და არც დადასტურებული“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში თათია გიორგაშვილმა.

“ფორტუნა” დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სპეციალისტები.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვირჩევს თუ ამის შესაძლებლობას მანძილი გვაძლევს, სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით ვიაროთ. ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.  

„ძალიან კარგი იქნება, თუ ადამიანები მანქანებიდან ველოსიპედზე გადაჯდებიან. ეს ეკოლოგიისთვისაც კარგია და ჯანმრთელობისთვისაც. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, მით უფრო რამდენიმეთვიანი კარანტინის შემდეგ. ამით ჩვენს ჯანმრთელობასაც გავიუმჯობესებთ და ნებისმიერ ინფექციას ორგანიზმი მომზადებული შეხვდება.

ველობილიკი პეკინის ქუჩაზე - ფოტოები ...

თუ მოხერხდება, რომ თბილისში მოკლე დროში ველობილიკები გაკეთდეს, ძალიან კარგი იქნება. არ ვარ იმის მომხრე, რომ მანქანების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა მოხდეს, რაც ეკოლოგიაზე შეიძლება ცუდად აისახოს”.

ინფექციონისტი იმაზეც საუბრობს, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა.

„რთული იქნება, თუმცა უნდა დარეგულირდეს და შემუშავდეს გეგმა, როგორ შეიძლება დავიცვათ დისტანცირება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აუცილებლად ყველას უნდა ჰქონდეს პირბადეები, ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენური ნორმების დაცვა ძველებურად აქტუალურად რჩება. ახლა ეპიდოლოგიურად გაცილებით უფრო კარგ მდგომარეობაში ვართ და თუ ჩვენ დავიცავთ ამ წესებს, მინიმუმამდე დავიყვანთ კორონავირუსის აფეთქების მორიგ ტალღას.
დაინფიცირების შემთხვევების გაზრდას შემსუბუქების შემდეგ არ ველოდებით. მცირე აფეთქება შემოდგომის მეორე ნახევარში შეიძლება მოხდეს. ეს ვირუსი ცივ პერიოდში ვრცელდება. შემოდგომის მეორე ნახევარში ვვარაუდობ, რომ იქნება ვირუსის პატარა ტალღა“, – განგვიცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ინფექციონისტი „ფორტუნას“ სამსახურში მისვლის საკუთარ არჩევანზეც ესაუბრა.

„სამსახურში პერიოდულად ფეხით დავდივარ, როდესაც კარგი ამინდია. გამიმართლა, ძალიან შორს არ ვცხოვრობ. ჯიქიადან მივდივარ ყაზბეგზე. ძირითადად ტაქსით მიწევს გადაადგილება, როდესაც ცუდი ამინდია და ფეხით ქუჩაში სიარული წარმოუდგენელია.
სამსახურში ველოსიპედით სიარულს ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. სამწუხაროდ, ჩვენთან კარგად მოწყობილი ველობილიკები არ არის“, – გვიამბო გოგინავამ.

 

როგორ შეცვლის პანდემია თბილისის ჰაერს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეკოლოგიურ კატასტროფამდე არ მივიდეთ, ამის გარკვევას ფორტუნა“ „მწვანეთა მოძრაობადედამიწის მეგობრებისთანათავმჯდომარესთან, ნინო ჩხობაძესთან შეეცადა.

ეკოლოგიური მდგომარეობა ...

                                               თბილისი პანდემიამდე და პანდემიისას

 

„პანდემიის პერიოდში შესაძლოა უფრო მეტი ტრანსპორტი გამოჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისისთვის ეს ყოველთვის დამახასიათებელი იყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად მუშაობდა. ბევრისთვის არაკომფორტული იყო. მსოფლიოში დღეს მსჯელობა იმაზე მიდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული გახდეს. უნდა იყოს საშუალება, რომ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა მოხერხდეს. ეს კი იმის ხარჯზე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი შემცირდეს. ეს ერთადერთი გზით არის შესაძლებელი, ქალაქში ავტობუსები უნდა დაემატოს. სამარშრუტო ტაქსებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს დროის ნაკლებ დროში გადაადგილება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ელოდებოდეს მძღოლი შევსებას. როგორც წესი, ისინი აგვიანებენ და არ მოდიან დროზე, იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანი აიყვანონ გზაში. იგივე ხდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტშიც. “მარშუტკა” არაფრით არ გავა, თუ არ შეივსო. გრაფიკი არ არსებობს. გამოსავალია, რომ გრაფიკი არსებობდეს და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული რამდენი ადამიანი შეიძლება რომ გადაიყვანონ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას კითხვა მოჰყვება, გაძვირდება თუ არა ტრანსპორტი. სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაძვირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და ეს არის ხარჯი, რომელიც მუნიციპალიტეტებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

ავტომანქანებიდან ველოსიპედებზე გადაჯდომა გამოსავალია. ველობილიკები თბილისში არ არის მოწყობილი და რელიეფიდან გამომდინარე ეს რთულიც იქნება. ზოგიერთ ქუჩაზე ველოსიპედით რომ გადაადგილდე, სპორტსმენი უნდა იყო.

თბილისში ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს. ვერ იქნება გამოსავალი განტვირთვის მიზნით ქუჩების გადაკეტვა. გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ რუსთაველზე შაბათ-კვირას ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, რამაც საცობები და ბევრი სხვა პრობლემა წარმოშვა. იყო მცდელობა, რომ ისტორიული აღმოჩენის გამო პუშკინის სკვერის ქვემოთ მოძრაობა ცალმხრივი ყოფილიყო, მაგრამ ამანაც ვერ გაამართლა. როგორც ჩანს, შუქნიშნების სისტემაც სხვაგვარად არის მოსაწყობი. ამ ყველაფერს კარგად დაგეგმვა და გეგმის ზედმიწევნით შესრულება სჭირდება“, – განგვიცხადა ნინო ჩხობაძემ.

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადას რუსული ...

პრობლემას ევროპაშიც ებრძვიან.ზოგიერთმა ქვეყანამ გამოსავალი უკვე გამოძებნა.

იტალიაში მაისიდან სექტემბრამდე 35-კილომეტრიანი ახალი საველოსიპედო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავენ.

ბრიუსელში ველოსიპედისტები დროებით დაიკავებენ ქალაქის მთავარ ქუჩებს.
ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში მანქანების მოძრაობის სიჩქარე შეამცირეს.

После коронавируса: как пандемия изменит города?

საფრანგეთში, სადაც კარანტინის ზომები 11 მაისიდან შემსუბუქდა, ხელისუფლება გეგმავს, 20 მილიონი ევრო გამოყონ ველოსიპედის მხარდასაჭერად. იმისათვის, რომ ფრანგებს პედლების ტრიალის სურვილი გაუღვიძონ, ხელისუფლება ველოსიპედების მფლობელებს რკინის ცხენების შეკეთებისთვის 50 ევროზე მეტს გამოუყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები