LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ოჯახური სიწმინდე?

2081

„ადამიანთა ერთობლიობა, სადაც ყოველ საღამოს მიიჩქარი“
„მე და დედა იდეალური ოჯახი ვართ მამას გარეშე“
„დედა მამა და შვილ(ებ)ი“
„ორი ადამიანი, ვისაც ერთმანეთი უყვარს“
„მე და ჩემი მეგობარი წლებია ერთად ვცხოვრობთ, ის ჩემი ოჯახია“

„ფორტუნას“ კითხვაზე, რა არის ოჯახი, იმდენი განსხვავებული პასუხი მივიღეთ რამდენი ადამიანიც გამოვკითხეთ. ახალგაზრდების ნაწილში ოჯახის ცნება ტრადიციებს, მშობლებს, მეუღლეს და შვილებს უკავშირდება. ოჯახის სიწმინდის მთავარ განსაზღვრებად კი ერთგულება, პატივისცემა და სიყვარული სახელდება. გამოკითხულთა ნაწილი ტრადიციებიდან და სარწმუნოებიდან გამომდინარე საკუთარ ცნობიერებაში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობას ოჯახს ვერ არქმევს და სტანდარტულ ოჯახად ქალისა და მამაკაცის ან მშობლებთან ჰარმონიული ურთიერთობა წარმოუდგენიათ.

რატომ სჭირდება სიყვარულზე, პატივისცემასა და ერთგულებაზე დაფუძნებულ ოჯახს, რომელიც ისედაც ყველაზე ახლო ადამიანებს აერთიანებს, დაცვა და თავსართ ტერმინად „წმინდა“-ს გამოყენება, პასუხი არ აქვთ, თუმცა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე მათთვის პოზიტიურ განწყობას და კიდევ ერთ დღესასწაულს უკავშირდება.

ეკა, 25 წლის: „რატომ უნდა მქონდეს აგრესია უბრალოდ ვერ ვხვდები, პოზიტიური განწყობა გექნება, კიდევ ერთი მიზეზი წახვიდე ეკლესიაში და შენს ოჯახზე ილოცო“.

გუგა, 26 წლის: „ოჯახის სიწმინდე ერთგულებაა და სიწმინდის დაცვა ქმარსაც და ცოლსაც ერთნაირად ევალებათ. იყოს ეს დღეც, სადმე წავალთ მე და ჩემი ცოლი ერთად აღვნიშნავთ“.

„ოჯახი ერთგულებაა, სიყვარულია. მშობლების ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა, მართალია მოდაშია ე.წ. „პრადვინუტობა“, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები. რაც შეეხება ამ დღეს, მას განსაკუთრებული დატვირთვა არ გააჩნია, ისევე როგორც სხვა მსგავს დღსასწაულებს, რადგან ღირებულებები, რომელზეც ოჯახია დაფუძნებული ისედაც წმინდაა და მტკიცეა“, – ამბობს „ფორტუნასთან“ დათო.

 

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს რადიკალური მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. „ფორტუნას“ მიერ გამოკითხული ადამიანების მეორე კატეგორიისთვის, ოჯახის ცნება იმდენად განსხვავებულია, ძნელად წარმოუდგენიათ ერთმა კონკრეტულმა დღემ როგორ შეიძლება დაიცვას დედა-შვილის, მამა-შვილის ან უბრალოდ ერთად მცხოვრები მეგობრების ოჯახის სიწმინდე.

„მე და ჩემი მეგობარი წლებია ერთად ვცხოვრობთ, არც პარტნიორები ვართ, არც ნათესავები, მაგრამ ოჯახი ვართ, რადგან 15 წელია საზრუნავი, სიხარულიც და ტკივილიც ერთ ჭერქვეშ, ერთად გადაგვაქვს და ერთმანეთს ვუზიარებთ. რას ნიშნავს ჩემი ოჯახის სიწმინდე ამ შემთხვევაში და როგორ უნდა დავიცვა, გაუგებარია“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ნინა.

ზურა, 29 წლის: „დღესასწაულს“, რომელიც ვიღაცის ჯიბრით ხელოვნურად არის შექმნილი, არც საფუძველი გააჩნია და არც შინაარსი! რეალურად ეს დღე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის გადასაფარად შეიქმნა და სიძულვილზეა დაფუძნებული“.

სოციალური ქსელში დღეს უხვად წააწყდებით როგორც მილოცვებს მეუღლეებისა და მშობლების მისამართით, ასევე იუმორით გაჯერებულ პოსტებს.
„ანუ დღეს ვერ ვუღალატებ და ხვალიდან მექნება კურთხევა?!“

„მიუღებელია, როცა მოძალადე მშობელი, მოღალატე ქმარი წელიწადში 1 დღეს, 17 მაისს „ზეიმობს“ ოჯახური სიწმინდის დღეს. ამას ზეიმი არ სჭირდება, ეს ცხოვრების წესი უნდა იყოს“.

„არცერთი ღალატი და არცერთი ჩალაგებული ჩემოდანი, ჩემი ოჯახი გილოცავთ“ – წერენ სოციალურ ქსელში.

განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიციები ჯანსაღი საზოგადოების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. დღეს საქართველო ორ რადიკალურად განსხვავებულ დღესასწაულს აღნიშნავს.

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე სახელმწიფო კანცელარიასთან ინციდენტების გარეშე აღინიშნა.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყო. მსვლელობა საღამოს სამების ტაძარში დასრულდება, სადაც პატრიარქი პარაკლისს აღავლენს.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები