LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აფუჭებს წყვილის ურთიერთობას – ფსიქოლოგის რჩევები

14765
magdafsiqologi

რა აფუჭებს წყვილის ურთიერთობას – ამ თემაზე „ფორტუნას“ ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.

რა არის ურთიერთობა წყვილში?

ადამიანი სოციალური არსებაა, ის სოციუმში იბადება, იზრდება, ვითარდება. მისი ერთ-ერთი ბაზისური მოთხოვნილება მეორე ადამიანთან ურთიერთობაა. ურთიერთობაში ყოფნა გულისხმობს ორი ინდივიდის, ორი ,, მე”-ს, ერთ სივრცეში თანაარსებობას, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შერწყმა-ათქვეფას, არამედ ჯანსაღ აუთენტურ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, სადაც წყვილი ერთმანეთის სურვილებსა და მოთხოვნილებებს პატივს სცემს, ითვალისწინებს მეორე მხარეს, აქვს პასუხისმგებლობა ურთიერთობაზე, აქვს სიყვარული მეორე ადამიანის მიმართ, მხარს უჭერს, ასევე შეუძლია უთანაგრძნოს, აქვს ემპათიის უნარი. წყვილის ურთიერთობაში დიდი როლი უჭირავს სექსუალურ მხარეს. მნიშვნელოვანია მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ, რაც კიდევ უფრო ძვირფასს და მჭიდროს ხდის მათ ურთიერთობას. ასევე, საყურადღებოა, რომ წყვილს უნდა ჰქონდეს ღიაობა ნებისმიერი ტაბუირებული თემის თუ საკითხის მიმართ, შეეძლოს საუბარი და მოსმენა. გარდა ამისა კარგ ურთიერთობას აღრმავებს საერთო ინტერესები, მაგ; ბუნებაში ერთად სეირნობა, ფილმის ყურება, მუსიკის მოსმენა და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი წარმატების თუ მარცხის გაზიარება მეორე მხარისთვის. წყვილის ურთიერთობა – ეს არის ცალკე ავტონომია ორი ადამიანისთვის, სადაც თქვენთვის დაცულ და უსაფრთხო გარემოში იმყოფებით, არ განიცდით დისკომფორტს ან სხვა ადამიანების ჩარევას “ორის“ ურთიერთობაში.

რა აფუჭებს ურთიერთობას?

აქცენტი გავაკეთოთ ურთიერთობაში მხოლოდ დადებით მხარეებზე, გვერდს ვერ ავუვლით ყოველდღიურ რუტინას, ყოფას, რომელმაც შეიძლება გააუფერულოს ურთიერთობა და გააფუჭოს კიდეც.

რუტინა წყვილის ცხოვრებაში წლებთან ერთად შემოდის, მაშინ როდესაც ორივე მხარეს ვალდებულება აქვს აღებული ერთმანეთზე, შვილებზე და სხვ. ამ დროს შეიძლება რომელიმე მხარე გაცივდეს ურთიერთობაში, ან გაუჩნდეს უსამართლობის განცდა, რომ თავად მეტად იხარჯება ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია წყვილმა ამ ყველაფერზე ისაუბროს გულახდილად, არ ჩაიხშონ საკუთარ თავში იმედგაცრუება, სიბრაზე და ერთად მოძებნონ გამოსავალი კრიზისული ეტაპის დასაძლევად. თუ საჭიროა დაიხმარონ ფსიქოთერაპევტი.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის ურთიერთობაში სოციალურ ფაქტორებს, მათ პიროვნულ და ფსიქოლოგიურ ზრდას, მაგ; როდესაც ორი ინდივიდიდან ერთი მხარე იზრდება, ვითარდება, წინ მიდის და პიროვნებად ყალიბდება, ხოლო მეორე მხარე კი განიცდის სტაგნაციას, შემდეგ უკვე რეგრესს, ავტომატურად ცდილობს ჩაითრიოს წყვილი ამ რეგრესში, რადგან განიცდის ლატენტურ შურს და კონკურენციას პარტნიორის მიმართ. საკუთარი არარეალიზებულობის ფონზე შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს მოთხოვნილება რომ დაამციროს მეორე ადამიანი. გააუფასუროს მისი მიღწევები ცხოვრებაში და შეეცადოს დაუგდოს თვითშეფასება. როდესაც ადამიანი იწყებს ურთიერთობაში უპატივცემულობის გამოვლინებას, ამის იგნონირება ნამდვილად არ ღირს.

გახსოვდეთ, რომ წყვილის ურთიერთობები დაფუძნებული ერთმანეთის პატივისცემაზე, მოტივაციაზე, ურთიერთობებს სჭირდება მოფრთხილება, გახალისება და მუდმივი ყურადღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები