LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს

50
ipiccy-image

პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა და აღნიშნული ცენტრები ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები უცხოელ მოგზაურებს აეროპორტებში გააცნობენ როგორც კოვიდ-რეგულაციებს, ასევე ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციას.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა განაცხადა, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები სრული დატვირთვით მუშაობენ.

„ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საქართველოში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ. ჩვენთვის პრიორიტეტია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და მათ უსაფრთხოდ გაატარონ დრო საქართველოში. აღსანიშნავია, რომ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ,“ -განაცხადა თამარ ყორიაულმა.

ადმინისტრაციის ცნობით, საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია, საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.

ტურისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზის საშუალებით: 0 800 800 909.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები