ტედი და ვესტა ზიმბაბველი წყვილია, რომელთაც თავიანთი „ოქროს წლები“ შრომაში გაატარეს.

ვესტა 85 წლისაა და ერთ კომპანიაში დამლაგებლად 46 წელი იმუშავა, შემდეგ კი დაწინაურდა და მიმღების თანამშრომელი გახდა.

ვესტა ამბობს, რომ ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა, ისინი გაძარცვა და სიღარიბისთვის გაიმეტა. მაშინ, როცა ორივე მათგანის პენსიას კომფორტული სიბერე უნდა შეექმნა.

ერთი წლის წინ, ტედის თვიური პენსია 80 დოლარი იყო, ახლა 10 დოლარია.

„ძალიან შეწუხებული ვარ, როცა ჩემს სიყვარულს დილიდან დაღამებამდე ერთ კუთხეში მჯდარს ვხედავ. სიამოვნებით მივაწვდიდი მას ხილს ან ცივ სასმელს, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ბანანი 40 ცენტი ღირს“ – ამბობს ვესტა BBC-სთან.

დაცემული ეკონომიკის ნიშნები ყველგანაა. სუპერმარკეტები აქ თითქმის ცარიელია.

 

საშიში ფასები

ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასები, როგორიცაა შაქარი, ზეთი, 200%-ით არის გაზრდილი [ბოლო ერთ წელიწადში] ასეთივე მატებაა, ჯანდაცვის ხარჯებზე.

რაც შეეხება პურის ფასს, მხოლოდ აპრილის თვიდან ის ხუთჯერაა გაზრდილი.

2019 წლის ივნისის მონაცემებით ინფლაციამ 98% შეადგინა. წლიური ინფლაცია კი 176%-ია.

ადგილობრივი ვალუტა ვარდნას განაგრძობს, თუმცა მთავრობამ ოფიციალური სტატისტიკის და მონაცემების გამოყენება შეაჩერა.

 

კრიზისის დაწყება

ეკონომიკური კრიზისი ზიმბაბვეს არჩეული პრეზიდენტის ემერსონ მნანგავას ერთი წლის თავზე დაიწყო.

ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თავისი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, სამხედრო ძალების მეშვეობით 2017 წელს გააძევეს, 2018 წელს კი არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ემერსონი აირჩიეს.

ახალმა პრეზიდენტმა ამ ეპოქას მეორე რესპუბლიკა უწოდა, რომელიც გაჯანსაღებას, დემოკრატიის დამყარებასა და წინამორბედის მრავალწლიანი „ნგრევის პოლიტიკის“ შეჩერება უნდა ყოფილიყო.

 

ზიმბაბველები მას ენდნენ

ხალხს სჯეროდა, რომ პრეზიდენტის გადაყენება ინვესტორებს დააბრუნებდა და ადგილობრივ ბიზნესშიც საჭირო ფულად ინვესტიციებს შემოიტანდა, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა.

საწვავის მარაგები მთავრდება და მთავრობა აცხადებს, რომ არ აქვთ საკმარისი უცხოური ვალუტა მის შესაძენად. პრობლემებია ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც. ხელისუფლება ამის მიზეზად მოძველებულ ელექტროსადგურებს, წლების განმავლობაში დაბალ ტარიფს და ასევე გვალვას აბრალებს, რომელიც კარიბის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ქალაქში მუდმივი ხმა დაბრუნდა – გენერატორების, რომლებითაც ბუტიკების, რესტორნების, სუპერმარკეტების მეპატრონეები ცდილობენ თავი გადაირჩინონ.

7-ჯერ გაზრდილი საწვავის ფასი, ინფლაციით გაუფასურებული პროდუქტების ფასზე დამატებით აისახა.

ბიზნესი ამბობს, რომ გათიშულმა დენმა, რომელიც ხანდახან 18 საათიც კი არ მოდის, ქვეყანას 200 მილიონი დააკარგვინა.

ენერგეტიკის მინისტრი ფორტუნე ჩასი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მალე ვერ გამოსწორდება.

ზესა – სახელმწიფო ელექტროსადგური პრაქტიკულად არ მუშაობს. ტარიფების 300%-იანი ზრდის მიუხედავად, ელექტროენერგიას მაინც მთავრობის სუბსიდირება სჭირდება.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ეკონომიკური ნგრევა გაგრძელდება. ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქტის სიმცირეა, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას იწვევს და უცხოური ვალუტის დეფიციტს ქმნის.

ამ ყველაფერთან ერთად მთავრობის ხარჯები მაღალია, ინვესტორების ნდობა კი კრიტიკულად დაბალი.

„არ იქნება მარტივი. კარგი საძირკველი თქვენი დახმარებით უნდა ჩაიყაროს“ – ტელევიზიებიდან მოუწოდა ახალმა პრეზიდენტმა 1 წლის თავზე თავის ხალხს და ჯანდაცვაზე, საწვავზე და ელექტროენერგიაზე სუბსიდირება შეამცირა.

„მყარი საფუძველი მომავალში უფრო დიდ მიღწევებზე გაგვიყვანს. დასაწყისი შეიძლება იყოს მტკივნეული, შუაში და გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ყველაფერი მეტ სამუშაო ადგილს, ეკონომიკურ სტაბილურობას, ზრდას და განვითარებას მოგვიტანს“, – განაცხადა მან.

 

არჩეული ლიდერის კრიტიკა მალე დაიწყო

კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ბრმად მოქმედებს და არასასურველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კონსულტაციების გარეშე იღებს. ხალხში უკვე მუსირებს აზრი, რომ ამ მმართველობით ზიმბაბვე 2008 წელში დაბრუნდება.

ეს იყო წელი, როცა ზიმბაბვე რეკორდების წიგნში მოხვდა. ინფლაცია პიკში იყო და იმ დროინდელი ბანკნოტები ახლა საკოლექციო ნივთებია.

ეკონომისტი გოდფრი კენინზი ამბობს, რომ ქვეყანა ჰიპერინფლაციის ზღვარზეა.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ქრონიკულად მაღალი ინფლაციაა“ – ამბობს ექსპერტი. მას არ სჯერა, რომ მთავრობას გრძელვადიანი გასაჯანსაღებელი გეგქმა აქვს.

იმ ფონზე, როცა სამთავრობო ხარჯები იზრდება, ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს აფრთხილებენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ტედისა და ვესტას მსგავსი პენსიონერებისთვის კარგი ამბავი ნამდვილად არის.

მათ აღარ სურთ მოისმინონ, რომ წლების შემდეგ ზიმბაბველების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან მათ მიერ ნამუშევარი წლები უკვალოდ გაქრა.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები