LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისური ელექტრომობილები წარწერით MADE IN GEORGIA – როდიდან ვიხილავთ მათ ტრასაზე

1413
71138991-703504590166821-7493806414905737216-n

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის დაგეგმარება სრულდება. სექტემბრის ბოლოს, ძველი აეროპორტის ტერიტორიის ნაწილზე მშენებლობა დაიწყება. 

ელექტრომობილების ქარხანას კომპანია „აიპროდაქშენი” აშენებს. როგორც “ფორტუნასთან” კომპანიის დირექტორი აკაკი მამალაძე აცხადებს, მშენებლობა 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ ბაზარზე ქართულ ელექტრომობილებს. 

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება

ქუთაისის ქარხანაში ელექტრომობილები იმპორტირებული ნაწილებით აეწყობა და ქართულ გზებს სრულად იქნება მორგებული.

მაღალი გამავლობა, ქართული გარანტია და სერვისი – სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს “აირპოდაქშენი” პირველ ეტაპზე, მომავალში კი, მას შემდეგ, რაც სრულად გაეშვება პროექტი, ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად, იმპორტირებული ნაწილების წილის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს.

მოკლედ, გეგმაშია ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად უნდა გადაიქცეს და 3 ათასამდე ადამიანი დაასაქმოს.

“ფორტუნას” ამ და სხვა კითხვებზე კომპანიის დირექტორი აკაკი მამალაძე პასუხობს:

 

  • რატომ ქუთაისი? 

საქართველოში არსებული ავტოწარმოების ტრადიციებიდან გამომდინარეელექტრომობილების საწარმოს აშენება ქალაქ ქუთაისში გადავწყვიტეთ. კერძოდ, ავტომშენებლის ქუჩა 41-ის მიმდებარედ არსებული ძველი აეროპორტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე. 

რას დაარქმევენ პირველ ქართულ ელექტრომობილს - ბრენდის სახელს ზვიად ციკოლია ამხელს

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია.

პროექტი სამი ეტაპისგან შედგება: პირველი რიგში ელექტრომობილების ამწყობი საწარმო აშენდება, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პროექტის თანახმად ქარხანა ოთხი მოდელის ავტომობილს გამოუშვებს.  საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ელექტრომობილების, არამედ  მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა სადაც 3 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

საბედნიეროდ, ქუთაისს ჰყავს სპეციალისტების სწორედ ის რესურსი, რომელიც პროექტისთვის მნიშვნელოვნად საჭიროა. ჩვენ უკვე მოვიკვლიეთ სწორედ ის ინჟინრები, შემდუღებლები საწარმო ხაზების სპეციალისტები და მენეჯერები რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტს.

საწარმო პროცესების პარალელურად, იგეგმება საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები. გეგმაში გვაქვს ტექნიკური კოლეჯის გახსნა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდობა დაეუფლება ავტოწარმოების სპეციალობებს.  

 

  • პირველ ეტაპზე, როგორც ვიცით, ელექტრომობილები აეწყობა იმპორტირებული ნაწილებით. რომელი ქვეყნიდან იგეგმება შემოტანა?

Aigroup-სა და ავტომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია „ჩანგან“-ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმდა მემორანდუმი. შემუშავდა ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების ორგანიზებას, რასაც კომპანია „აიფროდაქშენი“ უზრუნველყოფს.

„ჩანგან“-ს გააჩნია პარტნიორული საქმიანობები ავტოინდუსტრიის ცნობილ კომპანიებთან როგრიცაა “Groupe PSA”, “Ford”, “Mazda”, “Suzuki” და სხვა გლობალურ მწარმოებლები.

პირველ რიგში განზრახული გვაქვს ამწყობი საწარმოს შექმნა, სადაც ჩინეთიდან ჩამოტანილი ავტონაწილებისგან მოხდება ელექტრომობილის ქუთაისში აწყობა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სრულად გაეშვება პროექტი, ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად, იმპორტირებული ნაწილების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდება.  

 

  • რა რესურსი ექნება ქართულ ელექტრომობილებს?

ჩვენთან წარმოებული ელექტრომობილები ადაპტირებული იქნება ადგილობრივ პირობებზე და ქართულ გზებზე შედარებით მსუბუქად გაივლის.

დასაწყისისთვის ჩვენ გამოვუშვებთ EADO-ს სედანს და ჰეთჩბექს, რომლის გამავლობა ამ ეტაპზე 450 კილომეტრია, მაგრამ, მათი მონაცემები ტექნოლოგიური დახვეწის შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება.

გარკვეულ პერიოდში დავამატებთ უფრო მცირე A-კლასის მოდელს BENNI, რომლის გამავლობაც ერთ სრულ დამუხტვაზე 250 კილომეტრია. ახლო პერიოდში გამოვა BENNI-ს ახალი მოდელი, რომელსაც გაორმაგებული ძრავი და გაძლიერებული ბატარეა ექნება. სამომავლოდ გათვალისწინებული გვაქვს ჯიპების წარმოება (CS55 EV Jeep და CS15 EV Jeep), რომელიც ასევე 450 კილომეტრს გაივლის ერთ სრულ დამუხტვაზე.

 

  • თუ შესაძლებელია შევადაროთ ქართული ელექტრომობილების რესურსი, ამ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ „ნისან ლიფს“, რამდენად უკეთესი იქნება საქართველოში აწყობილი მოდელები?

ლიფი ელექტრომობილების ოჯახში ცოტა მოძველებული მოდელია და იგი საშუალოდ მხოლოდ 130 კილომეტრს გადის ერთ სრულ დამუხტვაზე. ჩვენს მიერ სამომავლოდ წარმოებული სედანი კი ერთ სრულ დამუხტვაზე საშუალოდ  450 კილომეტრს გადის. ასევე, ეს მოდელი შედარებით ახალი თაობის ტექნოლოგიაა და მისი ძრავის მოცულობა არის 60კვ/სთ. ტექნოლოგიურად ჩინური ბრენდები ბოლო პერიოდისათვის ჩქარ ტემპში ვითარდება და შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ გვექნება ახალი და სულ უფრო და უფრო დახვეწილი მოდელები. 

ადგილზე წარმოებულ ავტომობილებს ექნებათ 3-5 წლამდე გარანტიები, ხოლო ელექტრომობილის ელემენტებს 8-წლიანი გარანტია მოყვება. ამასთან ერთად, ჩვენს ავტომობილებს ექნებათ სრული მომსაახურების სერვისები განლაგებული სხვადასხვა ქალაქებში. 

 

როგორი იქნება ელექტრომობილების ქარხანა:

 

  • რა ეღირება საქართველოში აწყობილი ელექტრომობილები?

თავდაპირველად ჩვენ ვგეგმავთ  4 მოდელის – ჯიპი, სედანი, გოლფი და ჰეთჩბექის გამოშვებას. ფასი იქნება ჩამოყალიბებული ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე. ასევე, იარსებებს  ლიზინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული სეგმენტის ინტერესების დაკმაყოფილებას. აღნიშნული მოდელების რეალიზაცია პირველი ეტაპისთვის საქართველოში მოხდება. უახლოეს წლებში კი საექსპორტო გაყიდვებიც იგეგმება.

 

  • პირველი ქართული ელექტრომობილი ქალაქის მანქანა იქნება, თუ მისით გადაადგილება ყველგან თავისუფლად იქნება შესაძლებელი

გამომდინარე განმავლობიდან ჩვენი ელექტრომობილები გვაძლევს საშუალებას  გადავადგილდეთ ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში. სამომავლოდ, ისე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, რომ მოსალოდნელია ეს დისტანციები გაიზარდოს. ავტომობილები აუცილებლად ადაპტირებული იქნება ადგილობრივი პირობებისათვის და დესტრუქციული, გრუნტის ან მთაგორიანი გზები არ იქნება მისთვის ბარიერი. შესაბამისად საქართველოს პირობებში ჩვენი მოდელები აბსოლუტურად  გამართლებული იქნება.

  • სერვისს თუ შესთავაზებთ მათ ვინც ქართული ელექტრომობილის შეძენას გადაწყვეტს.

ჩვენს მიერ წარმოებულ ელექტრომობილებს ექნებათ ქარხნული გარანტიები. მაგალითად, ელემენტებს ექნებათ 8 წლიანი გარანტია. ასევე, ავტომობილებზე გვექნება სრული სერვისი ყველა რეგიონში სადაც, პროფესიონალი პერსონალი დროულად აღმოფხვრის წარმოქმნილ პრობლემებს. 

 

  • დაბოლოს, მნიშვნელოვანი თემაა ეელექტრომობილების დამტენები – აპირებთ თუ საქართველოში ასეთი სადგურების რაოდენობის გაზრდას?

Aigroup ქართული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც საქართველოში მწვანე ბიზნესის მდგრადი განვითარების პროექტებს ახორციელებს. ჩვენი კომპანია Aiproduction  ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიაა, ამ მიმართულების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მისიით არის დაკავებული სწორედ ჩვენი კომპანია Aienergy. ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიბმული Aigrup-ის მიერ დაარსებული კიდევ ერთი კომპანია Aicar, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც აპრილის თვიდან წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში და 2019 წლის აგვისტოდან, აჭარის ტერიტორიაზეც ოპერირებს. უახლოეს მომავალში, ამ სერვისით ისარგებლებენ ქუთაისში, რუსთავში, თელავში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. Aigroup -ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია, რომელსაც Aipower ახორციელებს.

Aienergy ეტაპობრივად ახორციელებს ქვეყანაში ელექტრო გასამართი სადგურების მონტაჟს. ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ჩვენი უპირველესი ინტერესია ხელი შევუწყოთ ამ ბიზნესს, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყანაში ამ ელექტრომობილების განვითარება. აშკარად შესამჩნევი ფაქტია, რომ ადგილობრივი მომხმარებელი სულ უფრო და უფრო ხშირად ავტომობილის ყიდვისას აქცენტს ელექტრომობილზე აკეთებს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელოვნური ბარიერები აღმოვფხვრათ და მაქსიმალურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში.  

 

 

“ევრონიუსის” სიუჟეტი ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანაზე