LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქავილმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა – როგორ ვებრძოლოთ ტილებს

2667
3386151-img-vlasy-v0

პედიკულოზი ე.წ. პატარების დატილიანება ის პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ბაღისა თუ სკოლის ასაკის შვილის მშობელს ჰქონია. რა იწვევს ბავშვებში ტილიანობას, ზუსტად არავინ იცის, თუმცა, მის წინააღმდეგ საბრძოლველი არაერთი საშუალება არსებობს.

თავის ტილი არის პატარა, მონაცრისფრო-მოთეთრო ფორმის პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს თავის თმიან ნაწილში. იგი დღის განმავლობაში დებს 7-10 კვერცხს, რომელსაც ეწოდება წილები და მიმაგრებულია თმებზე, თავის ქალასთან ახლოს. მათგან ტილის გამოჩეკა ხდება 8 დღეში.

 

საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ პედიკულოზი უსუფთაო ადამიანებს ემართებათ ან მითი, რომ დატილიანება მხოლოდ სოციალურად გაუმართავ ოჯახში ხდება, მცდარია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ამის მსხვერპლი. ის ახლო კონტაქტისას ერთი თავიდან გადადის მეორე თავზე. გავრცელების ყველაზე ხშირი ადგილებია საბავშვო ბაღი, სკოლა და ის ადგილები, სადაც ბავშვები ერთმანეთთან თამაშობენ.

სიმპტომები

დატილიანების, იგივე პედიკულეზის დადგენა ძალიან იოლია. ის თავის ფხანით იწყება და თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, გაცხოველებულ ქავილში გადავა. ბავშვმა შეიძლება ძილშიც იფხანოს თავი. თავის კანზე აღინიშნება გამონაყარიც, რაც დაკბენის შედეგია.

როგორ კი ეჭვი გაგიჩნდებათ, ბავშვს თმა ყურადღებით დაუთვალიერეთ. შეიძლება ცოცხალი ტილი ვერ შენიშნოთ, მაგრამ თმის ძირებზე მის კვერცხებს შეამჩნევთ. ეს მოთეთრო ფერის წერტილოვანი კაფსულებია, რომლებიც შეიძლება ქერტლშიც აგერიოთ. თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, კვერცხი ძალიან მჭიდროდ ეკვრის თმის ძირს და თითქოს ოდნავ პრიალებს კიდეც.

დაავადების სამკურნალოდ, დატილიანების ხარისხიდან გამომდინარე, სხვადასხვა საშუალება არსებობს. ზოგი მშობელი ნაცად ხალხურ მეთოდებს მიმართავს, ზოგი კი მაშინვე აფთიქს მიმართავს თანამედროვე პრეპარატებისა თუ შამპუნებისთვის.

 

როგორ ვუმკურნალოთ?

როგორ ვუმკურნალოთ დატილიანებას და როგორ დავიცვათ თავი ამ პარაზიტისგან, „ფორტუნა“ ამაზე დერმატოლოგსა და ტრიქოლოგს ნინო ხუციშვილს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დატილიანებას სეზონურობა არ გააჩნია, თუმცა, რადგან ეს მაინც სკოლისა და ბაღის ასაკის ბავშვებშია გავრცელებული, ივარაუდება, რომ დიდი დოზით გამოვლენა შემოდგომის დაწყებისთანავე ხდება.

„დატილიანებისას, ქავილი შეიძლება იყოს იმდენად შემაწუხებელი, რომ გამოიწვიოს ძილის დარღვევა, რადგან ქავილი არის აქტიური ღამის პერიოდში. ტილების ნახვა  შესაძლებელია უმეტესად კეფის მიდამოში, თუმცა,  ნაკბენები შეიძლება ინახოს არამხოლოდ თმიან ნაწილში, არამედ  ზურგის ზედა ნაწილშიც. რაც შეეხება ტილის კვერცხებს, ე.წ წილებს, ისინი მჭიდროდ არიან მიკრულები თმის ღერძზე, კანის ზედაპირიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრის დაშორებით. რაც მნიშვნელოვანია, ის რომ ძლიერი ქავილის ფონზე კანზე შეიძლება გაჩნდეს ე.წ ნაკაწრები და ამის შემდგომ იქმნება საშიშროება იმის რომ მოხდეს ინფიცირება. დატილიანება არაა კავშირში ცუდ ჰიგიენასთან და დაბალ სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობასთან,“ – აღნიშნა ნინო ხუციშვილმა.

მისივე თქმით, დატილიანების მკურნალობისას არსებობს, ანტიპარაზიტული საშუალებები, შამპუნების, კრემებისა და ხსნარების სახით, რაც ძალიან ეფექტურია.

პრევენცია

„რაც შეეხება პრევენციას, ეს გულისხმობს იმას, რომ სკოლებსა და ბაღებში უნდა მოხდეს კონტროლი ანუ ერთი შემთხვევაც თუ დაფიქსირდება, უნდა დათვალიერდეს ყველა ბავშვი. შეიძლება დასნებოვნება მოხდეს და თავიდანვე არ იყოს სიმპტომატიკა გამოხატული ანუ ქავილი. ასევე, მნიშვნელოვანია რომ ოჯახის წევრებიც დათვალიერდნენ და მოხდეს კვლევა. ძველი ხალხური მეთოდები, რაც ჩვენშია გავრცელებული, აღიზიანებენ კანს მეტნაკლებად. დღესდღეობით გვაქვს საშუალებები რომლებიც დამარბილებელია, ანტიპარაზიტულია და სპეციალურია. და მნიშველოვანია რომ მკურნალობისას ინსტრუქცია დაიცვან ზუსტად“, – აცხადებს ექიმი ტრიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები