ქართველმა ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი, სერგო ორჯონიკიძის ღირსეულიგამგრძელებელი ახორციელებდა, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

ის სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. სანიკიძე საგამოძიებო უწყების კითხვებს ერთ საათზე მეტი პასუხობდა.

„აინტერესებდათ ჩემი ლოკაცია, მდგომარეობა, რას ვშვებოდი, სად ვიყავი. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მკითხავდნენ, რა ინფორმაციაც მქონდა, ის მივაწოდე. დაკითხვა ძალიან მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა. დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა, როცა გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვა და როცა მომიტინგეები დაუნდობლად დაარბია.

გადავრჩით მესამე ოკუპაციას. საქმე უნდა აღიძრას გახარიას წინააღმდეგ და ალბათ, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულიც გამოიკვეთება. ადრე თუ გვიან. გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით არ წავა, მაგრამ ამას შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გამოძიებს. აბა, თავის თავს ხომ არ დაიჭერს ეს ხელისუფლება?“ – განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები – ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი თემები