LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სტუდენტი ისრაელში კოვიდვაქცინით აიცრა – რა გვერდითი მოვლენები აქვს პროცესს?

141
რატი გელაშვილი

ქართველი სტუდენტი რატი გელაშვილი ისრაელში გასული წლის ნოემბრიდან იმყოფება. ის სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გადის.  ცნობილია, რომ ისრაელმა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერ კიდევ დეკემბრიდან დაიწყო და რატი ერთ-ერთი პირველი ქართველი ემიგრანტია მათ შორის, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა. “ფორტუნა” მას ექსკლუზიურად ესაუბრა.

რატი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ემიგრანტი ხართ, ვინ უკვე შეძლო კოვიდვაქცინის გაკეთება – როგორი იყო პროცედურა, როგორ გრძნობთ თავს აცრიდან 1 კვირის თავზე და რაიმე გართულებას ხომ არ ჰქონია ადგილი? რამდენად ენდობით ვაქცინას?

შესაძლოა კი, ერთ-ერთი პირველი ვარ. ისრაელში ემიგრანტების აცრა ორიოდე დღის წინ დაიწყო, თუმცა სტუდენტური დაზღვევით მე უფრო ადრე შევძელი.

ვაქცინაციის პროცესი აბსოლუტურად იდენტურია, როგორც სხვა, მაგალითად ტეტანუსის ვაქცინა. გვერდითი მოვლენებიდან მხოლოდ ნანემსარი მხრის შეშუპება, პირველ დღეს თავის ტკივილი იყო.  მეორე დღეს უკვე ჩვეულ ფორმაში ხარ.

ვაქცინაციას, ზოგადად, ვენდობი. თუმცა ამ ტიპის ვაქცინები (mRNA) ახალია, ამიტომ გადაწყვეტილებამდე ჯერ კარგად გავეცანი მათი მოქმედების მექანიზმს.

რა ტიპის ვაქცინა გამოიყენა ისრაელმა?

თუ არ ვცდები, ისრაელში მხოლოდ Moderna-ს და Pfizer–BioNTech-ის ვაქცინებია დაშვებული, მე ამ უკანასკნელით ავიცერი.

როგორია ვაქცინაციის დაწყების შემდგომ ვითარება ისრაელში ?

შეზღუდვები რამდენიმე დღის წინ მოიხსნა. ისრაელი, კი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაცია ჯერ კიდევ დეკემბრის მეორე ნახევარში დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული ვაქცინაციის ცენტრი განუწყვეტლივ მუშაობს და თუ არ ვცდები, ამჟამად 4 მილიონამდე ადამიანს უკვე მიღებული აქვს ვაქცინის პირველი დოზა და ეს ციფრი სწრაფად იზრდება.

 

კიდევ თუ არიან ქართველები თქვენს გარშემო ვინც ასევე აიცრა?

სამწუხაროდ, არ ვიცნობ ასეთს.

როგორი სიტუაციაა კოვიდპანდემიის მხრივ და რამდენად მკაცრია რეგულაციები?

ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, დღეში რამდენიმე ათასს აღწევს მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ქვეყანა ბოლო თვენახევარი მკაცრად იყო ჩაკეტილი. ეს ჩაკეტვა გულისხმობდა გადაადგილების შეზღუდვას სახლიდან 1კმ-ით მეტ მანძილზე, დაკეტილ კვების ობიექტებს, ბაზრობებს და მოლებს. ფაქტობრივად, არაფერი მუშაობდა გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისა, ჩაიკეტა აეროპორტიც.

რას ეტყვით მათ ვინც ეჭვის თვალით უყურებს ვაქცინაციას?

ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზანი ძირითადად ორია: პირველი, როცა ადამიანებს ალერგიული რეაქცია აქვთ და მეორე, როცა არ არიან გარკვეულები მისი მოქმედების მექანიზმში და ფიქრობენ, რომ ეს მათ დნმ-ს შეცვლის – დნმ-ის ცვლილება, ცხადია, არავის გვინდა. mRNA ვაქცინებს ამის თეორიული შანსიც კი არ აქვთ, რადგან ისინი ინფორმაციის მატარებლის როლს ასრულებენ, მარტივად რომ ვთქვათ: მიაქვთ ინფორმაცია უჯრედთან და „ავარჯიშებენ“ იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომელიც COVID-19- ის ვირუსს იცნობს და უჯრედში შემოშვებამდე ანადგურებს მას. მათ, ვისაც მსგავსი ახსნის არ სჯერა, უმჯობესია შეადარონ კორონა ვირუსით ინფიცირებისას გართულებული დაავადების სტატისტიკა ამ ვაქცინებით გამოწვეული პრობლემების სტატისტიკას და მარტივად მიხვდებიან, რომელი გადაწყვეტილაბაა უმჯობესი.

რამდენი ხანია ისრაელში იმყოფებით და რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება სწორედ იქ?

ისრაელში გასული წლის ნოემბერში გადმოვედი. ეს გადაწყვეტილება, მეტწილად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარეობს. გარემოსდამცველი ვარ, ჩემი სამუშაო სფერო მცენარეებია ისრაელი კი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, როგორც გარემოსდაცვითი ტექონოლოგიების, ასევე სოფლის მეურნეობის და მკაცრი გარემო პირობებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების კუთხით. ამის გამო ამ ქვეყანაში დიდი ცოდნა და გამოცდილებაა, რომლის შესასწავლადაც შეიქმნა სწორედ ეს სამაგისტრო პროგრამა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები