LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მხატვარი აშშ-ში წარმატების შემდეგ გამოფენას თბილისში გამართავს

2078
tiko-sanikidze

ქართველი მხატვარი თიკო სანიკიძე გარკვეული პერიოდის წინ ერთ-ერთი გალერეის მიწვევით საქართველოდან აშშ-ში გაემგზავრა და მას შემდეგ კარიერის იქ გაგრძელება გადაწყვიტა.

ამერიკული წარმატების შემდეგ თბილისშიც აპირებს გამოფენის მოწყობას. „ვტახავ იმას, რასაც ვგრძნობ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე“, გვითხრა ქართველმა ხელოვანმა ინტერვიუს დროს…

ხატვით რა ასაკიდან დაინტერესდით?

თიკო სანიკიძე:

რაც თავი მახსოვს, ვხატავ. პატარა ასაკიდან სახლში სტუმრების მოსვლის წინ მიყვარდა ჩემი ნახატების თვალსაჩინო ადგილას გამოფენა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამ ნახატებს რომელიმე მათგანი შეამჩნევდა და შემაქებდა.

საქართველოში ადვილია, იყო მხატვარი?

ვფიქრობ, რომ მხატვრობა ყველგან ძნელია. შეიძლება, ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო, მაგრამ ვერ მოახერხო, გახდე ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის. ამას ხომ ბევრი რამ სჭირდება. მათ შორის გამართლებაც, აღმოჩნდე საჭირო დროს საჭირო ადგილას. საქართველოში კი ამას ემატება ის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რომლის გამოც იყო რეალიზებული და წარმატებული მხატვარი, კიდევ უფრო ძნელია. ვინაიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს  ყოველდღიური სიდუხჭირე აწუხებს, მათ არც  შესაბამისი განწყობა და შესაძლებლობა გააჩნიათ. ამიტომ ჩემი ნატვრაა, ეს მდგომარეობა მალე შეიცვალოს და ჩვენს ნიჭიერ ხალხს ღირსეულად ეცხოვროს. მაშინ ხელოვანთათვისაც შესაფერისი გარემო იქნება.

რატომ გადაწყვიტეთ ნიუ იორკში გამგზავრება?

ნიუ-იორკში გავემგზავრე Agora Gallery-ს მიწვევით. ამავე დროს დაგეგმილი მქონდა კიდევ 2 პერსონალური გამოფენა. ვფიქრობდი 2-3 თვით დარჩენას და შემდგომ დაბრუნებას, თუმცა გამოფენების  დიდმა წარმატებამ შემაცვლევინა გადაწყვეტილება და ვიფიქრე, მეცადა ექსტრაორდინარული ხელოვანის სტატუსის მიღება, რაც წარმატებით დამთავრდა. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.  ჩემი, როგორც ხელოვანი ადამიანის წინსვლისა და ზრდისათვის, აქ მეტი პერსპექტივა გამოჩნდა. ვაგრძელებ სწავლასაც და ხშირად ვმართავ გამოფენებსაც, მაქვს შესაძლებლობა, მუდმივად ვადევნო თვალყური უამრავი თანამედროვე ხელოვანის შემოქმედებას.

რა ჟანრში ხატავთ და რატომ აირჩიეთ ის?

მე ყველა ჟანრში ვხატავ. მაქვს როგორც გრაფიკული, ასევე ფერწერული ნამუშევრები. თუმცა ბოლო პერიოდში ძირითადად ჰიპერრეალიზმით ვარ გატაცებული. ჩემი არჩევანი ვფიქრობ იმან განაპირობა, რომ  ცხოვრებაშიც რეალისტი ვარ, ამიტომ  ეს მიმდინარეობა ყველაზე ახლოა ჩემთან. ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ და განვიცდი ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

მოგვითხრეთ იმ გამოფენების შესახებ, რომლებიც გქონიათ საქართველოში თუ საზღვარგარეთ?

ალბათ ყველა გამოფენას ვერ ჩამოვთვლი, ვინაიდან მათი რიცხვი ძალზედ დიდია.  გამოვყოფ რამდენიმე განსაკუთრებულ გამოფენას, რომლებსაც ჩემს შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უკავია. საქართველოში პერსონალური გამოფენა ბოლოს 2010 წელს მქონდა. ამა წლის ოქტომბერში კვლავ წარვდგები ჩემი შემოქმედებით დაინტერესებული დამთვალიერებლების წინაშე.

2013 წელს ძალზედ საინტერესო გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო გაბალას მე-3 საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „პორტრეტის მელოდია.” მასში 23 ქვეყნის 200-მდე ხელოვანი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ყველა ჟანრში შექმნილი პორტრეტები: ზეთი, აკვარელი, გრაფიკა. მხოლოდ ჩემი 4  ნამუშევარი  იყო უბრალო ფანქრით შესრულებული. იმდენად შთამბეჭდავი ნახატები იყო გამოფენილი, არც კი მეგონა, ჩემს ნამუშევრებს თუ შეამჩნევდნენ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ჩასვლისთანავე აეროპორტში  აღმოვაჩინე ჩემი ერთ-ერთი ნახატი – “თითა” ფაქტობრივად, გამოფენის სავიზიტო ბარათად იქცა. ის უზარმაზარ ბანერზე იყო გადაჭიმული. შემდგომში კი გაიმარჯვა ნომინაციაში “ბედის საჩუქარი”. ამ გამოფენაზე ჩემი ოთხივე ნახატი კერძო კოლექციონერმა შეიძინა, უამრავი ხელოვანისა და ექსპერტის  ქება და მოწონება დავიმსახურე. ამ ყველაფრის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო დამეხვეწა ჩემი ტექნიკა, რასაც დღემდე ვაგრძელებ.

ძალზედ დიდი ადგილი  ჩემს შემოქმედებაში უჭირავს რომის გამოფენას, რომელიც 20 15 წლის ივლისში შედგა. გამოფენის “შავი და თეთრი”  ფარგლებში, რომელიც “Vacarella”-ში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 50-მდე გრაფიკული ნამუშევარი. გამოფენის სახელწოდება გამომდინარეობდა იქედან, რომ  შერჩეული იყო მხოლოდ გრაფიკული, ანუ შავ-თეთრი ნამუშევრები და იმავდროულად, ჩემი სამყაროს აღქმა ამ პერიოდში მხოლოდ შავ-თეთრი იყო. ნახატებზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა ჩემს ქალაქში მომხდარ დიდ ტრაგედიას-წყალდიდობას, რომელმაც ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამიტომ შევქმენი მხოლოდ შავ-თეთრი ნახატები, რომლებიც გადმოცემდნენ ჩემს განცდას, თანაგრძნობას და მომავლის იმედს. გამოფენა შეაფასა ცნობილმა პროფესორმა  ხელოვნებათმცოდნემ Emma Camiglya-მ. მან აღნიშნა, რომ ჩემი ნახატები გამოირჩევა ძალზედ ინდივიდუალური ხელწერით, რომელიც ახლოა რენესანსის პერიოდის მხატვრობასთან. შემდგომ იყო რამდენიმე  საინტერესო გამოფენა თურქეთში, ეგვიპტეში, კვლავ აზერბაიჯანში.

2016 წლის 8-30 ნოემბერს ჩემი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ნიუ იორკის ცნობილ საგამოფენო დარბაზში Agora Gallerry-ში. აქ 5 სხვადასხვა მხატვართან  ერთად მივიღე მონაწილეობა. ჩემმა ნახატებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ექსპერტების და ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან, ასევე მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლის მხრიდანაც. მათ აღნიშნეს, რომ მხატვრის მიერ ასახული დეტალები იმდენად ზუსტადაა გამოსახული, რომ კამერითაც გაძნელდება რეალობის ასეთი სიზუსტით ასახვა. ამავე წელს გავმართე პერსონალური გამოფენა.

ეს იყო  გამოფერნა-გაყიდვა სახელწოდებით ” მსოფლიო ტერორიზმის გარეშე”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  ამ თემატიკაზე შექმნილი 30-მდე ნამუშევარი. მიუხედავად უამინდობისა, ღონისძიებას ბევრი დამთვალიერებელი ესწრებოდა. განსაკუთრებული მოწონება ჩემმა მასშტაბურმა ნახატმა სახელწოდებით “იმედი” დაიმსახურა. ეს ნახატი უბრალო ფანქრითაა შესრულებული და მისი ზომა 200 სმ + 100 სმ -ზეა. მის შექმნას 2 წლის თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა, თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  ამ ნახატში გადმოვეცი ჩემი, როგორც ხელოვანის ხედვა, ემოცია და იმ სამყაროს ილუზია, რომელშიც ვცხოვრობ, ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ტერორიზმის, როგორც მანკიერი  გამოვლენის მიმართ. ძალზედ ბევრ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ვფიქრობ, ეს გამოფენები მაინც უფრო ზუსტად გადმოსცემს ჩემს ხელწერას.

რომელია ნახატი, რომელსაც ვერასდროს დაემშვიდობებით?

მე ყველა ნამუშევარი მიყვარს და ძალიან მიძნელდება მათთან განშორება. ბოლო პერიოდის ნახატებიდან  ალბათ ასეთია “Playng the old Song”.

რომელ ცნობილ მხატვარს შეხვდებოდით, საშუალება რომ გქონდეთ?

ასეთი ბევრია. თუ თანამედროვე მხატვრებიდან მექნებოდა არჩევანი, ალბათ  მექსიკელ მხატვარს ომარ ორტისს ავირჩევდი, რადგანაც ის ზეთით წარმოუდგენელ ჰიპერრეალისტურ ტილოებს ქმნის.

მოგვითხრეთ ამჟამინდელი გამოფენის შესახებ და ასევე იმ გამოფენაზე, რომელსაც საქართველოში გეგმავთ.

ბოლო გამოფენა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, 5 მაისს ჩატარდა. ნიუ-იორკში გალერეა „არტიფაქტმა“ ქართველ მხატვრების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენა საპრომოუშენო კომპანია „მედეთარტის“ ორგანიზებით გაიმართა. მისი ორგანიზატორი ქალბატონი მარიტა დამენია გახლდათ. აქ 18 არტისტი იყო წარმოდგენილი. ძირითადად ქართველი მხატვრების ნამუშევრები , თუმცა იყო უკრაინელი და აზერბაიჯანელი არტისტების ნამუშევრებიც. გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას ბევრი დამთვალიერებელი ეწვია, გაშუქდა მედიის საშუალებითაც. ჩემმა ნამუშევრებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი მათგანი, რომელიც ამ გამოფენის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დავამთავრე, შეიძინა კერძო კოლექციონერმა.

რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ გამოფენას, ეს იქნება ჩემი

პერსონალური გამოფენა, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. გამოფენა გაიმართება  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და წარმოდგენილი იქნება როგორც ადრეულ წლებში შექმნილი, ასევე ამერიკაში  ყოფნის პერიოდში შექმნილი ნახატები. ამ გამოფენისათვის დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ვემზადები. საერთოდ მივიჩნევ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი თანამემამულეების შეფასებაა, როგორც სპეციალისტების, ასევე ყველა გამოფენაზე მოსული დამთვალიერებლის. ჯერჯერობით ეს არის ჩემი მიზანი, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე ელოდება ჩემი შემოქმედების ხილვას, არ გავუცრუო იმედები.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები