საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამად  საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

როგორც უწყების ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. უფრო კონკრეტულად კი  528 821 ლარის მითვისება თაღლითური გზით.

უწყების ინფორმაციით,  2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში  შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს.

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ყოფილ ქალაქის მერს, კორუფციულ გარიგებებში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში გასულ წელსაც ადანაშაულებდნენ, თუმცა მაშინ საქმით პროკურატურა არ დაინტერესებულა.

„ქართული ოცნების“  სანიმუშო წევრს, რომელსაც ხშირად მმართველი პარტიის გავლენიანი ფიგურები სტუმრობდნენ და რომელსაც  ქალაქის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არაერთი გეგმა გააჩნდა, ოპოზიცია 2018 წელს საჯაროდ დაუპირისპირდა.

გასულ წელს ქალაქის საკრებულოს ოპოზცია  განმარტავდა, რომ ფოთში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა, არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო რაც კეთდება, უხარისხოა და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. საკრებულოს სხდომაზე ვახტანგ დარცმელიძემ ირაკლი კაკულიას სამარცხვინო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს კი  საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ  გინებით უპასუხა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  შესაბამისი მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით.

მსგავსი თემები