LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების წევრებმა უნდა დაიჯერონ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა” – როგორ განვითარდება მოვლენები ლიდერის გარეშე დარჩენილ პარტიაში

167
bizin irkli

უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ვრცელი წერილით დაგვემშვიდობა. მისი გადაწყვეტილება სხვადასხვანაირად შეფასდა.

ზოგმა თქვა, რომ „ოცნება“ დაობლდა. ზოგმა თქვა, რომ გაიქცა, ზოგი ვარაუდობს, რომ „ვითომ წავიდა“ და არ გამორიცხავენ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში მესამედ დაბრუდეს.

რა მოხდა ივანიშვილის წასვლიდან ერთ კვირაში?

ჩატარდა პარტიის ყრილობა და „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცეს

მანამდე კი არაერთი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ:

ივანიშვილი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავა,

პარტიაში დაპირისპირებელი იწყება,

კალაძე გახარიას კლანს დაუპირისპირდა,

კალაძე ჩამოაქვეითეს და პარტიის გენერალური მდივანი აღარ იქნება…

ჩამონათვალიდან ერთი, უკვე არ გამართლდა. კახა კალაძე კვლავ პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს.

ვინ არიან გუნდის ახალი სახეები – “ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია

„ფორტუნა“ დაინტერესდა რეალურად როგორ შეიძლება განვითარდეს პარტიის ბედი, რომელიც დამფუძნებლისა და სულისჩამდგმელის გარეშე დარჩა.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მათ შორისაა, ვისაც ივანიშვილის წასვლის არ სჯერა. 

„დიდი ალბათობით ის საქართველოში დარჩება და ფარულად მაინც გააგრძელებს ქვეყნის მართვას.  მართალია, რომ მიდიოდა თანაგუნდელებს უთხრა, არც დამირეკოთო, მაგრამ ის ბევრ რამეს დაპირდა მოსახლეობას. ტარიფების შემცირებას და საწარმოების გახსნას… ასე ბევრი რა შეიძლება დაპირდე ადამიანს.

ეს იმიტომ თქვა, რომ გარკვეულწილად გაქარწყლდეს ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობს არაფორმალური მმართველობა.

როდესაც ის პირველად წავიდა პოლიტიკიდან, არ იყო არც პრემიერი და არც პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ მაინც ჩნდებოდა ტელეეკრანებზე და მაინც აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. გამოხატავდა მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ და ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ოპოზიციიის მხრიდან მან დაიმსახურა კრიტიკა. ისინი ამბობდნენ, რომ  ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობა“, -აცხადებს ჩვენთან საუბარში ექსპერტი.

მისი თქმით, შიდაკლანური დაპირისპირება იქნება, მაგრამ არა საჯარო.

„პარტია აცნობიერებს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ გამოეყოფა გარკვეული ჯგუფი, ეს მათზე დადებითად ვერ აისახება. ამბიციები აწუხებს რამდენიმე ლიდერს, მაგრამ კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ. ამიტომ  შიდაკლანური და პირისპირება იქნება, მაგრამ ეს არ იქნება  ღია და საჯარო“, – აცხადებს ჩიტაძე. 

ექსპერტი ვარაუდობს, რომ „ოცნება“ ერთიანობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეინარჩუნებს?

„ისე არ მოხდება, რომ 5 და 6 მარტივ მამრავლებად დაიშალოს „ოცნება“, მათ ერთმანეთი სჭირდებათ, თუნდაც პარლამენტის მართვის პროცესში. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის დაიშლებიან. შეიძლება, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდეს. ფაქტია, რომ გარკვეულ გადაადგილებას აქვს ადგილი, ისევე როგორც ოპოზიციაში“,- ამბობს ჩიტაძე ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი გია ნოდია ვარაუდობს, როდის შეიძლება ვიხილოთ „ოცნების“ ნამსხვერები.

„ოცნების“ ნამსხვრევები რომ ვიხილოთ,  „ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა დაიჯერონ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან. თუ ისინი ამაში არ დარწმუნდნენ, ნაკლები შანსია, რომ პარტიაში რაიმე პრობლემები შეიქმნას.

თუ ისინი დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, მერე შეიძლება რაიმე გართულებები ვიხილოთ, რა ფორმით, ამის წინასწარ თქმა, ცოტა რთულია.  ვინ ვის დაეტაკება და ვინ ვის შეეკვრება, ამის ახლა თქმა შეუძლებელია, მაგრამ გასაკვირი არ იქნება.

გავრცელებული შეთქმულების თეორებს არსებობის რაიმე ნიშანს პარტიაში ვერ ვხედავ, რომ თითქოს კალაძე უპირისპირდება გახარიას. ამ წუთს საზოგადოებას ივანიშვილის წასვლის არ სჯერა.

მე არ ვიცი, რა გეგმები აქვთ კახა კალაძესა და გიორგი გახარიას, თუმცა არ მგონია, ისინიც ზუსტად იყვნენ ინფორმირებული ივანიშვილი ნამდვილად წავიდა თუ არა და სინამდვილეში რას აპირებს. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ისინი ამის ამოცნობას ცდილობენ და მათი გონება ამით არის დაკავებული. ცხადია, თითოეული მათგანი თავიანთ მომხრეებს აგროვებენ მაღალ თანამდებობებზე. მნიშვნელობა არ აქვს კლანს დავუძახებთ თუ არა. ფაქტია, რომ არის ხალხი, რომელიც კალაძეს უჭერს მხარს, არის გახარიას გუნდი და არიან კობაიძის მხარდამჭერები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი ამ წუთას იმით არიან დაკავებული, რომ ერთმანეთს ძირი გამოუთხარონ“, – აცხადებს გია ნოდია „ფორტუნასთან“ საუბარში.

ექსპერტი გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძემ გუნდის მთლიანობის შენარჩუნება დიდხანს მოახერხოს.

„კობახიძე არ მგონია იყოს ის ლიდერი, რომელიც მოახერხებს გუნდის მთლიანობის შენარჩუნებას.

კობახიძე არ არის ის ლიდერი, რომელიც რეალურია. ის მხოლოდ ივანიშვილის დაყენებული ფიგურაა. თუ ჩაითვალა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა, შეიძლება ვინც დღეს გახარიას ან კობახიძის მომხრეა, ხვალ აღარ იყვნენ. პოლიტიკური ერთგულება საქართველოში მყარი არაა. ვინ ვისთან იქნება და ვინ ვის წინააღმდეგ წავა, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

როცა ჩაითვლება, რომ ბიძინა მართლა წავიდა, შეიძლება, გუნდში განხეთილბები მეორე დღესვე დაიწყოს, მაგრამ ჯერ ისაა გასარკვევი, ბიძინა ივანიშვილის რეალური სტატუსი პოლიტიკაში როგორია“,- განაცხადა გია ნოდიამ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ქართული ოცნება“ დაიშალოს, მაგრამ მისი თქმით, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„რატომ ვიწყებთ დაშლის ფენომენზე საუბარს „ქართული ოცნებიდან“?  როცა წააგო არჩევნები, „მოქალაქეთა კავშირი არათუ დაიშალა, არამედ გაქრა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ წააგო არჩევნები, რამდენიმე ჯგუფად დაიშალა. გაქრობით არ გამქრალა. (2012 წელს ვგულისხმობ). ახლა ვხედავთ, რომ  სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებში დაშლის ტენდენციები მიმდინარეობს. ეს ბუნებრივი პროცესია. მარცხი აჩენს მიზეზების ძიებაში სხვადასხვა ვერსიას და ამის გამო ადამიანები სხვადასხვა გზით მიდიან. ესაა დაშლის ერთ-ერთი მექანიზმი.

მოგებულ პარტიაში დაშლა ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. „ოცნება“ გამარჯვებული პარტიაა და რაც არ უნდა პოპულარული ჩანდეს მისი დაშლის ვერსია, არარეალურად გამოიყურება. რა თქმა უნდა, შეიძლება შეიქმნას დაშლის პირობები. ჩვენ ვნახეთ, რომ 10 და 20 კაციანი პარტიები დაიშალა და ამხელა პარტია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია თავშეყრილი, თავისთავში მოიცავს პოტენციალს, რომ ცენტრისტული ძალები წარმოიქმნას და დაიშალოს, მაგრამ ამას გარკვეული პირობები სჭირდება. ასე, გამარჯვების ფონზე დაშლა, გაუგებარი იქნებაა. თუმცა ვფიქრობ, რომ რადგან დიდი პარტიაა, ერთ მშვენიერ დღეს დადგება, მათი დაშლის მომენტიც.

ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ლიდერებს განსხვავებული პოზიციები გაუჩნდებათ. მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე მსგავსი  არაფერი მოხდება. მერე კი საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა, განსხვავებული აზრები გააჩინოს.

ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციის ნიშნის მოგებით ლაპარაკი, რომ „ოცნება“ შეიძლება დაიშალოს. „ოცნება“ როცა იქნება, დაიშლება და თავისთავად ახალი პარტიების შექმნის საწყისი იქნება, ქვა-ღორღად ხომ არ დაიშლება. მათ პოლიტიკური ნაწილი გამოეყოფა, რომელსაც ასევე პრეტენზია ექნება ხელისუფლებაზე. ანუ „ოცნების“ დაშლით გაჩნდება ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე არსებული ოპოზიცია“, – აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, ირაკლი კობახიძე მოახერხებს თუ არა პარტიის ერთიანობის შენარჩუნებას, რამაზ საყვარელიძე პასხობს:

„კობახიძე ხშირად იყო უკუმპრომისო, ვიდრე პოლიტიკას სჩვევია. იყო ხშირად ხისტი, მაგრამ ეს ხასიათი უფრო ახალგაზრდობის შედეგია. მას ახლა პოლიტიკური სტაჟიც მოემატა და თან აქვს ფუნქცია, რომ ერთიანობა შეინარჩუნოს. მგონია, რომ იმპულსურობა მეორე პლანზე გადაიწევს.

განათლებით, ევროპაზე ორიენტაციით, ევროპასთან დიალოგის უნარით, გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფოგურაა, თუ არ ერთადერთი. მისი მსგავსი დასავლური აზროვნების სტილი შესაძლოა, ქართულ პოლიტიკაში ბევრს არ ჰქონდეს. კახა კალაძე და გიორგი გახარია წონადი ფიგურები არიან და ისინი თავიანთ პრეტენზიებში უფრო ამბიციურები იქნებიან, ვიდრე სხვები. მაგრამ მგონია, რომ კობახიძეს შესაძლოა ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ ერთიანობის შენარჩუნებას დიდხანს მოახერხებს“, -აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას და ქართულ პოლიტიკას დაემშვიდობა.