LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ქართული ოცნების“ გუნდიდან ყველაზე ადეკვატური იყო გახარია – ბიზნესი პრემიერის წასვლას ნეგატიურად აფასებს

175
512gaxariagiorgi200

,,ქართული ოცნების“ გუნდიდან, ყველაზე ადეკვატური და პოზიტიური იყო გიორგი გახარია – ასე აფასებს ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა საქართველოს უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს. კოდუას თქმით, ბიზნესს მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ პრემიერისგან შეიძლებოდა დახმარების მიღება. „როცა ბიზნესს ჰქონდა პრობლემები, მხოლოდ გახარიას იმედი გვქონდა. ახლა ვისი იმედი უნდა გვქონდეს, საერთოდ აღარ ვიცი. არ ვამბობ, რომ ქვეყანა ააშენა, მაგრამ განცდა, რომ დაგვეხმარებოდა, ნამდვილად გვქონდა“,- აცხადებს ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი.

საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა ჩაითრია ყველა და ყველაფერი. „გემი რომ შტორმშია შესული და უცბად კაპიტანი გაქრა – ასეთ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა უმძიმეს ფინანსურ, ეკონომიკურ კრიზისშია და თითქოს ნათელი წერტილები იწყებდა გამოჩენას და ამ დროს გადაწყვეტილებების მიმღები პირი ადგილზე აღარ არის. სრულად არაპროგნოზირებადი გარემოა. ბიზნესისთვის ყველაზე რთული სწორედ ასეთი ვითარებაა. მხოლოდ ჩვენს ჯგუფს ქვეყანაში 1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს შემოტანილი. დღეს ჩვენს უცხოელ ინვესტორებსა და პარტნიორებს რაზე უნდა ველაპარაკოთ? რომ არანაირი ხედვაც კი აღარ ჩანს? პოლიტიკურმა კრიზისმა ჩაითრია ყველა და ყველაფერი“,- აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდს დადებითად აფასებს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონიაც. ის ამბობს, რომ გიორგი გახარია ასე თუ ისე, ბიზნესის გარკვეული წრეებისთვის სტაბილურობასთან ასოცირდებოდა. „მისი ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში არაერთი საკითხი დადებითად გადაწყვეტილა. შესაბამისად, ის ნათელი წერტილი, რომელიც ბიზნესს დასაყრდენის სახით ჰყავდა, გაურკვეველი განცხადებით წავიდა”,- აცხადებს ჭყონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები