მას შემდეგ, რაც COVID-19 ის პანდემიის გამო, ჩვენი ქვეყნის საზღრები ჩაიკეტა და ამ დრომდე უცნობია, ნამდვილად გაიხსნება, თუ არა ქართული საჰაერო სივრცე 1 აგვისტოდან ავიამიმოსვლისთვის (ყველაფერი მაინც ეპიდ. სიტუაციაზეა დამოკიდებული), უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა: სად წავიდეთ და რა ვნახოთ ისეთი ჩვენს ქვეყანაში, რაც აქამდე არ გვინახავს.

ნაკლებად ცნობილი და პოპულარული ტურისტული ლოკაციები რომ საქართველოში უხვადაა – ამაზე არავინ დავობს. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს ვაშლოვანის კოშკიც, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის კოშკი 1811 წლით თარიღდება. ის არასოდეს გამოყენებულა საბრძოლო დანიშნულებით, უფრო მეტიც – ააშენეს, როგორც გასართობი და საბანკეტო ადგილი ქართველი არისტოკრატებისთვის და შესაბამისი სახელიც შეურჩიეს – “სალხინო”.

ვაშლოვანის კოშკი აგებულია ძველი ფეოდალური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შერწყმით ახალ ფორმებთან. კოშკი ნაგებია მონაცრისფრო, ადგილობრივი კლდის ნატეხი ქვით დუღაბზე. ნაგებობის მონოტონურობა დარღვეულია აღმოსავლეთიდან მიდგმული აგურის ლოჯიით. ლოჯიის წითელი, თეთრი და ყვითელი აგურებით შედგენილი მხატვრული წყობა ხაზს უსვამს აღმოსავლეთ მხარეს. აგურის წყობაშია ჩართული თაღოვანი შესასვლელი კარიც.

კოშკი ოთხსართულიანია, თითოეულ სართულში თითო სადგომია, რომლებიც ერთმანეთთან კედელში დაყოლებული ქვის კიბითაა დაკავშირებული. კოშკს აქვს ბუხარი და აივანი. ინტერიერი ნათდება თაღოვანი სარკმლებით.

შეგახსენებთ, საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა. პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანიაც წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია -იმოგზაურე საქართველოში“ – ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს. რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1 აგვისტომდე არ აღდგება.

ფოტოები: georgian travel guide

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები