LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის „სამხედრო ოპერაცია“ ყოველდღიურ კრახს განიცდის – როგორ შეიძლება გაგრძელდეს ომის მეორე ფაზა

322
ანდრო გოცირიძე

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 76 დღის შემდეგ, სულ უფრო მეტად მყარდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ პუტინის სტრატეგიული მიზნები უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით, სრულ კრახს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ თავად კრემლის ლიდერი საკუთარ მოსახლეობას კვლავ პროპაგანდით წამლავს, უკვე მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იხილა, რომ ოკუპანტებმა ვერც პირველად პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიეს და ვერც ომის მეორე ფაზაში მიიღეს მათთვის სასურველი შედეგი. უფრო მეტიც, კრემლში გამართული 9 მაისის აღლუმის შემდეგ, დასავლეთი უკვე პუტინის სასოწარკვეთაზეც კი ალაპარაკდა. 

რატომ განიცდის პუტინის ყველა გეგმა კრახს; რას მიაღწია აგრესორმა ე.წ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე; როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა უნდა ვისწავლოთ რუსეთის სასტიკი ომისგან ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ – ამ თემებზე „ფორტუნა“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

 

ომის მეორე ფაზა და ოკუპანტების სტრატეგია

 

– ბატონო ანდრო, პირველ რიგში, მიმდინარე მოვლენების შეფასებით რომ დავიწყოთ, ამჟამინდელი მოცემულობით, ჯერჯერობით პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა, სრული კონტროლი არც ერთ სხვა რეგიონზე არ დაუმყარებია, თუ არ ჩავთვლით, მარიუპოლის ნაწილობრივ დაკავებას, თუმცა, სასტიკი ბრძოლები „აზოვსტალსა“ და მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებისთვის კვლავ გრძელდება.

თქვენი შეფასებით, ამ ეტაპზე, როგორია ოკუპანტების სტრატეგია, რამდენად შეგვიძლია პროგნოზირება, რა იქნება მომდევნო სამიზნე მიმართულება და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აგრესორის აქტიურმა სამხედრო მოქმედებებმა?

ანდრო გოცირიძე: მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო პირველადი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ხანმოკლე ოპერაციის შედეგად უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა ან მისი იძულება კაპიტულაციაზე, კრემლი ცდილობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას და მათ ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო გზით დაკავშირებას.

ამავდროულად, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ უკრაინის სრულ მოწყვეტას შავი და აზოვის ზღვებიდან, შავ ზღვაზე სრული დომინანტობის მისაღწევად. რუსული სამხედრო მანქანის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და დასავლეთის უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, პუტინის რეჟიმი, ამ სამხედრო ამოცანებისაგან ნებისმიერის მიღწევას, საკუთარი მოსახლეობის წინაშე გამარჯვებად გაასაღებს, რომელიც, რეალურად, რუსული პროპაგანდის უპირველეს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს.

ოკუპანტები დონბასის რეგიონში

 

ომის პირველ ეტაპზე რუსეთის სამხედრო ძალა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რადგან ის მანევრს ახორციელებდა და მისი მოქმედებები ჩანდა, ასევე, ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა გამოქვეყნებული სადაზვერვო მონაცემები მისი რიცხოვნობის შესახებ.

თუმცა, რუსული რეიდების უმეტესობა ჩავარდა ან უმნიშვნელო წარმატებით დასრულდა და გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ღრმა პრობლემები, რაც კრემლის რეჟიმის მმართველობის ფორმასთან არის დაკავშირებული.

ამის შემდგომ, რუსეთმა ომის მეორე ფაზა დაიწყო, ცდილობს უპირატესობის განმტკიცებას იმ რეგიონებში, სადაც მის შეჭრას, სხვადასხვა მიზეზის გამო, შედარებით წარმატებული სახე ჰქონდა.

მხედველობაში მაქვს უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის დასაწყისში მიღწეული გარკვეული წარმატებები.

მიუხედავად აღნიშნულისა, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ოპერაციაში ჩართული ძალების რაოდენობა და მათი დაბალი საბრძოლო სულისკვეთება, დამატებითი ძალების მობილიზების პრობლემურობა, ამჟამინდელი ფრონტის ხაზის სიგრძე და დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, ბადებს ვარაუდს, რომ რუსეთს მოუწევს თავდაცვაში გადასვლა, რაც ომის ხანგრძლივ პოზიციურ ბრძოლებში გადასვლას გამოიწვევს.

ზოგადად, ამ ომის ხანგრძლივობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: წმინდა სამხედრო კუთხით, მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად და შედეგიანად შეძლებს უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლას, რაც პირდაპირაა დაკავშირებული დასავლურ სამხედრო დახმარებასთან;

პოლიტიკურად კი პრაქტიკულად არ არსებობს განვითარების ის სცენარი, რომელიც პუტინს და მის რეჟიმს ომის შეწყვეტის პირობებში სახეს შეუნარჩუნებდა. ამ ეტაპზე ომის ხანგრძლივი მიმდინარეობაა სავარაუდო, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სწრაფი განვითარება გამორიცხულია.

ასეთი განვითარების აღმძვრელი შესაძლოა იყოს კრემლის რეჟიმის უეცარი ჩამოშლა, პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ან ფრონტის ხაზზე იმგვარი მარცხი, რომელიც მთელი ოპერაციის კოლაფსს გამოიწვევდა.

 

პუტინის „სამხედრო ოპერაციის“ სრული მარცხი

 

– მიუხედავად იმისა, რომ პუტინი საკუთარ განცხადებებში ე.წ სამხედრო ოპერაციის წინსვლასა და წარმატებებზე საუბრობს, ფაქტია, რომ მისმა ვერც ერთმა გეგმამ ვერ გაამართლა და უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში კრახი განიცადა.

თავდაპირველად მოვისმინეთ, რომ მისი გეგმის ნაწილი იყო დაეკავებინა დედაქალაქი კიევი და შემდგომ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ამ სტრატეგიამ სრული „ფიასკო“ განიცადა.

შემდგომ ასევე გაჟღერდა, რომ პუტინის მიზანი იყო, როგორმე 9 მაისის აღლუმამდე „აზოვსტალისა“ და მარიუპოლის დაკავება მოეხერხებინა, თუმცა ვერც ამ გეგმამ პოვა განვითარება.

ამასთანავე, სხვადასხვა ცნობებით, ყოველდღიურად იზრდება რუსეთის დანაკარგები, როგორც სამხედრო შეიარაღების, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით.

თქვენი შეფასებით, (თუ ეს სწორი ფორმულირება იქნება) რატომ ვარდება პუტინის ყველა გეგმა და რამდენად იქონია ამ შემთხვევაში გავლენა უკრაინისადმი დასავლეთისა და აშშ-ს მხარდაჭერამ.

9 მაისის აღლუმის შემდეგ, დასავლეთი პუტინის სასოწარკვეთილ განცხადებებზეც კი ალაპარაკდა, რა შეგიძლიათ ამ ნაწილზე გვითხრათ?

– ბუნებრივია, დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა რიცხოვნობით აღმატებულ მტერთან გამკლავება. გარდა იმ მიწოდებული შეიარაღებისა, რომელიც პირდაპირ გამოიყენება აგრესორის ცოცხალი ძალის თუ ტექნიკის გასანადგურებლად, უმნიშვნელოვანესია უკრაინის სადაზვერვო ინფორმაციით მომარაგება, რაც ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევს შეზღუდული რესურსით დაგეგმოს ეფექტური ოპერაციები რუსული ცოცხალი ძალის გასანადგურებლად თუ ლოგისტიკური უზრუნველყოფის მოსაშლელად.

თუმცა, როდესაც რუსული სამხედრო ოპერაციის ჩავარდნაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რუსეთის სახელმწიფო წყობის კოლაფსს ნიშნავს და ის დიდწილად, სწორედ ამგვარი სპეციფიკური მოწყობითაცაა განპირობებული.

მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ კრემლის რეჟიმის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი ბერკეტებია კორუფცია, პოლიტიზებული სპეცსამსახურებისა და „ძალოვნების“ მმართველობა, არაარჩეული ლიდერისადმი „უპირობო ნდობა“, ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირება.

თუკი აქამდე ამ ბერკეტებით კრემლი ახერხებდა გაეკონტროლებინა შიდა სიტუაცია, დაეშინებინა ან მოესყიდა ევროპა, უკონტროლო შავი ფულით ან ენერგომატარებლებით, რის ხარჯზეც ჰიბრიდული ტაქტიკით დაუსჯელად ახორციელებდა ტერიტორიების მიტაცებას და ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროების შექმნას, ამჯერად, ამ ტაქტიკამ სრული კოლაფსი განიცადა.

პუტინი 9 მაისის აღლუმზე

 

კორუფციით განეიტრალებულმა და პოლიტიზებულმა სპეცსამსახურებმა მმართველ ელიტას რეალურის ნაცვლად, სასურველი ინფორმაცია მიაწოდეს, გაიფლანგა ჯარის მოდერნიზაციისათვის გამოყოფილი მილიარდები, ჩავარდა როგორც საგარეო, ასევე სამხედრო დაზვერვა, ხოლო ბირთვულ მუქარაზე წამყვანმა სახელმწიფოებმა რეალური მუქარითვე უპასუხეს.

შედეგად, მივიღეთ ცნობილი სურათი: რუსული შეიარაღებული ძალები ლოგისტიკური უზრუნველყოფის და სადაზვერვო ინფორმაციის გარეშე კოლონებად გადაადგილდებოდნენ და ხდებოდნენ უკრაინული დარტყმების მსხვერპლი, ვერ განხორციელდა ვერც ერთი მეტ-ნაკლებად წარმატებული ოპერაცია, რუსული ტექნიკა და შეიარაღება კი მოძველებული აღმოჩნდა;

მოსახლეობა, რომლისგანაც კრემლი, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხურვალე შეხვედრას ელოდა, ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითს აჩვენებს, ხოლო დასავლეთი თავის გადაწყვეტილებებში ერთიანი და თანმიმდევრულია.

 

ქიმიური იარაღი „აზოვის“ მებრძოლების წინააღმდეგ? – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

 

– ბატონო ანდრო, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ოკუპანტები მუდმივად განიცდიან დანაკარგსა და შესაბამისად, რესურსების ამოწურვას.
როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ, როგორი შეიძლება იყოს სამომავლოდ რუსეთის გეგმა?

თავად უკრაინის თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ 12 მაისისთვის პუტინი „აზოვსტალის“ მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს.

პრინციპში, ღია მუქარებს ამის თაობაზე არც მანამდე მორიდებია, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამ საშიში გეგმის სისრულეში მოყვანა?

მით უფრო, რომ დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გეგმა თავად რუსეთისთვის იქნება დამღუპველი…

ქიმიური იარაღის გამოყენება „აზოვსტალის“ დამცველთა საწინააღმდეგოდ დიდად სავარაუდოა, მით უმეტეს, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად აღარ დარჩა და ეს მას ისედაც არარსებულ მორალურ მუხრუჭებს უმსუბუქებს: კრემლს ჰაერივით ესაჭიროება მცირე გამარჯვებაც კი, რომელიც მას სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობასთან ვერაფრით გაამართლებს იმ ათიათასობით მსხვერპლს და განუზომელ ეკონომიკურ ზარალს, რაც მისმა ამ ყოვლად გაუმართლებელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გამოსავალი დასავლეთის მკაცრი განცხადებები იყოს ამგვარი განვითარების დაუშვებლობის შესახებ. გავიხსენოთ, ბირთვულ მუქარაზე მკაცრი პასუხის მიღების შემდგომ, ჯერ ლავროვმა, შემდგომ კი პუტინმა აღლუმზე განაცხადა, ბირთვული ომის დაუშვებლობის შესახებ, რითაც დასავლეთს მესიჯი გაუგზავნა, ამას არ ვაპირებო.

 

კრემლის ლიდერმა 9 მაისის აღსანიშნავად წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის ნაწილი წარადგინა

 

რა უნდა ვისწავლოთ ომისგან

 

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, ომით მიღებულ შედეგებზე: მიუხედავად მოცემულობისა, ფაქტია, რომ ომით გამოწვეული ადამიანური დანაკარგი უზარმაზარია და რუსეთი კვლავ საფრთხის შემცველია, მათ შორის, საქართველოსთვის.

რას გვეტყვით,  რა უნდა ვისწავლოთ ამ ომისგან ჩვენ, საზოგადოებამ, სამოქალაქოც თავდაცვამ, არა პოლიტიზებულმა სპეცსამსახურებმა და ა.შ.?

– ორ თვეზე მეტია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, რუსეთი საკუთარ მიზნებს ვერ აღწევს, თუმცა საქართველოსთვის გამარჯვებული და დამარცხებული რუსეთიც საფრთხის შემცველია. საქმე ის გახლავთ, რომ დაბალია ალბათობა იმისა, რუსეთი სწრაფად და სრულად ჩამოიშალოს.

ამისგან თავდასაცავად კი კრემლმა შესაძლოა „მალენკაია პობედონოსნაია ვოინა“ სცადოს რუსული იმპერიის საუკეთესო ტრადიციებში. ერთ-ერთი სამიზნე კი სავარაუდოდ, საქართველოც იქნება.

რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ უკრაინის ომის მხარეთა წარმატებებისა და წარუმატებლობების ფონზე? პირველ რიგში ის, რომ პოლარიზაცია, „შუა გაკრეფვა“ მხოლოდ ეროვნული ინტერესების დამაზიანებელია და აგრესიისგან თავდაცვას მხოლოდ საერთო მიზნის გარშემო კონსოლიდირებული ერი, სახელმწიფო ახერხებს.

ასეთი საერთო მიზანი შესაძლოა იყოს თავისუფლება, დეოკუპაცია, მაგრამ არამც და არამც პოლიტიკური მოწინააღმდეგის ან რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სოციალური ჯგუფის განადგურება.

უკრაინის მდგრადობის შემდეგი ფაქტორი რეალური თვითმმართველობაა: არჩეული და სათანადო ბერკეტებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობები თავდაცვის დაუძლეველ ზღუდედ იქცნენ.

უმნიშვნელოვანესია მოხალისეთა კომპონენტი, ტერიტორიული თავდაცვა, კიბერუსაფრთხოების დარგში კერძო-საჯარო თანამშრომლობა, ასევე სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება.

რუსეთის წარუმატებლობის ერთ ერთი ფაქტორი ავტორიტარიზმი და სპეცსამსახურის პოლიტიზებაა. ამგვარი სპეცსამსახურის მიერ მოწოდებულ არასანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაციები სახელმწიფოს კატასტროფული შედეგებით უბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები