LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური ძვირდება? – კომპანიების პროგნოზები

154

დენის ტარიფის გაზრდას პურის გაძვირება მოჰყვება, ასეთ პროგნოზს აკეთებენ დღეს დილიდან მედიაში.

მოსალოდნელ ფასის ზრდაზე თავად მეპურეებიც საუბრობენ. თუმცა ამ ეტაპზე ვერავინ ამბობს, როდიდან და რამდენად გაძვირდება პურ–პროდუქტების ფასი.

თბილისის „პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურ–პროდუქტზე ფასის მომატება დღის წესრიგში არ დგას.

როგორც მან „ფორტუნასთან“ განაცხადა, თუ გაზის, დენის და სხვადასხვა გადასახადი მოიმატებს, შესაბამისად, გაძვირდება პროდუქციაც და ამის გამო, მწარმოებლები შეშინებულები არიან.

„აჟიოტაჟი ატყდა პურის ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღის წესრიგში ფასის ზრდა არ დგას, თუმცა თუ გაიზრდება სხვადასხვა გადასახადები, მწარმოებლები იძულებულები იქნებიან პროდუქცია გააძვირონ“, – განაცხადა დოლიძემ „ფორტუნასთან“.

 

ეროვნული ვალუტა პურის ფასს ყველა მხრიდან ურტყამს

 

პურის ფასის შესაძლო ზრდა, მხოლოდ კომუნალური გადასახადების ზრდას არ უკავშირდება, თუმცა მთავარი პრობლემა ერთია – ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

როგორც „ფორტუნას“ კომპანია იფქლში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, კომპანია პურეულის ყველა სახის პროდუქციაზე არსებულ ფასს ინარჩუნებს. თუმცა, ლარის კურსის გაუფასურების გამო, უახლოესი მომავლის პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

„იმ პირობებში, როდესაც ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მკვეთრად უფასურდება, პურეულის მწარმოებელ კომპანიებს ფასი მნიშვნელოვნად გვეზრდება ფქვილზე და სხვა ნედლეულზე, რომლებიც აუცილებელია პურის წარმოებისათვის. ფასები იზრდება არამხოლოდ ნედლეულზე, არამედ ისეთ მასალებზეც, როგორიც მაგალითად პურეულის შესაფუთი ქაღალდებია, რომლებსაც ჩვენ ევროპიდან ვიწერთ.

ამ პირობებში, ძალიან რთულია სამომავლო პროგნოზის გაკეთება ფასთან დაკავშირებით. კომპანია “იფქლში” მაქსიმალურად ვცდილობთ პურეულის ყველა სახეობაზე შევინარჩუნოთ მიმდინარე ფასი“, –განაცხადეს კომპანიაში.

 

    რა შემთხვევაში არ გაძვირდება პური?

 

კომპანია „იფქლი“ იმედოვნებს, რომ ლარი უახლოეს მომავალში მეტნაკლებად დასტაბილურდება.

„თუმცა, თუ ლარმა განაგრძო მკვეთრი გაუფასურება, ასევე, თუ ფქვილსა და სხვა ნედლეულის ფასებზე ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ შესაძლოა პურეულის მწარმოებელ კომპანიებს მოგვიწიოს პურის საფასო პოლიტიკის გადახედვა“, – განაცხადა კომპანიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ გოგიშვილმა.

პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძის თქით, არსებობს მექანიზმები, რომლის შედეგადაც შესაძლებელია, რომ ამ სახის პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს. ერთ–ერთ ასეთ მაგალითად ის დღგ–ს გადასახადის შეჩერებას ასახელებს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები