LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიორიტეტი ქვეითია: რას ფიქრობს მერია ავტობუსებზე, ბასლაინებზე, შუქნიშნებზე, გადასასვლელებზე… ფორტუნას ექსკლუზივი

456
IMG-4507

საცობებისგან დაღლილი თბილისი, ქუჩები, სადაც ყოველ 100 მეტრში შუქნიშანი დგას, ე. წ. ზებრები ქვეითებისთვის იქ, სადაც მიწისქვეშა ან ზედა გადასასვლელი უკვე არსებობს, არასწორი საგზაო მონიშვნები და პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს – რა განტვირთავს თბილისს და რა გეგმები აქვს მერიას – რადიო “ფორტუნას” მწვავე კითხვებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე პასუხობს.

 

– გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმა როგორ შეიძლება განიტვირთოს ქალაქი საცობებისგან?

– საცობებს და მათგან თბილისის განტვირთვის გეგმებს ქალაქის განვითარებისა და სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე პროცესებისგან ცალკე ვერ გამოვყობთ. გლობალურად თუ შევხედავთ, გზებზე ტრანსპორტის გადატვირთვის ორი მთავარი მიზეზი გვაქვს და ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ერთია: კერძო ტრანსპორტის სიმრავლე და მეორე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა. ქალაქი კერძო ტრანსპორტით რომ გადაივსო, ნაწილობრივ მეორე ფაქტორის ბრალია. ცხადია, არსებობს ლოკალური მიზეზებიც.
რაც შეეხება გეგმას. ჩვენ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა ცოტაოდენი ხნის წინათ მივიღეთ. ცხადია, გვჭირდება „სატრანსპორტი სფეროს გენერალური გეგმაც“, რომელიც იმ პირველი მთავარი დოკუმენტის გარეშე ვერ შემუშავდებოდა.

სექტემბერში უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე“ – ე.წ „სამპ“-ზე, რაც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. 11 თვეში ჩვენ უნდა გვქონდეს 15-წლიანი, დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სატრანსპორტო სფეროს განვითარების ყველა მიმართულებას, მათ შორის: ფეხმავალთა, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა თუ ველოსიპედების გადაადგილებასაც.
„სამპის“ შემუშავებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსოფლიო ბრენდმა, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ გაიმარჯვა. ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

 

თბილისი დგას: საცობებით სავსე ქალაქი, სადაც ვეღარ ვმოძრაობთ – რა განტვირთავს ქუჩებს

 

– რა გეგმები გაქვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წლის ბოლომდე რამდენი ახალი ავტობუსი შემოვა და თუ ახლებით ძველი ჩანაცვლდება, ეს ხომ ნიშნავს, რომ ავტობუსების რაოდენობა ფაქტობრივად იგივე რჩება

– თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მერიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კვირა ისე არ გაივლის, რომ დედაქალაქის მერმა ამაზე განცხადება არ გააკეთოს. მერიის გეგმაშია, ძველი ავტობუსების უმოკლეს დროში სრულად ჩანაცვლება და ავტობუსების პარკის გაზრდა. მიმდინარე წლის ბოლომდე 310 ერთეული ახალი ავტობუსი გვეყოლება: 90 ერთეული 10-მეტრიანი მწვანე ფერის „მანისა“ და 220 ერთეული 8-მეტრიანი „ისუზუს“ მარკის ავტობუსები. ამასთან, უკვე გამოცხადებულია ტენდერი 2020 წელს 110 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე. ხოლო, კიდევ 90 ერთეულის შეძენაზე ტენდერი მზადდება.

– რამდენი ავტობუსი ემსახურება დედაქალაქს და თუ გაქვთ დათვლილი, დაახლოებით რამდენი სჭირდება თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ნაწილობრივ მაინც გადაიჭრას საცობების პრობლემა?

– დღეისათვის ყოველდღიურად მარშრუტებზე 560 ავტობუსი მოძრაობს. გაისად ლურჯი „მანის“ ავტობუსების ჩათვლით მიახლოებით 655 ახალი ავტობუსი გვეყოლება. თბილისის საჭიროებებზე გვაქვს ჩვენი გათვლები, მაგრამ ზუსტი რაოდენობა გვეცოდინება ფრანგული კომპანია “სისტრას” მიერ თბილისის სამარშრუტო სქემის შემუშავების შემდეგ.

– რაც შეეხება შუქნიშნების და საგზაო ნიშნების დახაზვას. პირველ რიგში, ვინ და რის მიხედვით წყვეტს შუქნიშნების დადგმას ყოველ 100 მეტრში და თვლით, თუ არა, რომ ამით საცობების პრობლემა კიდევ უფრო უარესდება?

– ამა თუ იმ ადგილზე შუქნიშნის განთავსების მთავარი არგუმენტებია: ტრანსპორტისა და ქვეითთა ნაკადების სიმრავლე, ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა და ტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა. ჩვენი სპეციალისტები ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობას გამუდმებით აკვირდებიან. საჭიროების შემთხვევაში, ვითვლით ტრანსპორტისა და ქვეითთა ნაკადებს, შემდეგ სპეციალური პროგრამით ხდება სიმულაციების დამუშავება. გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითი დასკვნის შემდეგ მიიღება.

თქვენ რაც ჩამოთვალეთ, შუქნიშნების განთავსება ყველგან აუცილებლობით იყო გამოწვეული: მერიასთან და „რედისონთან“ ქვეითთა დიდი ნაკადებია. ვხედავთ, რომ საფეხმავლო ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები ასაკოვანი ადამიანებისთვის, შშმ პირებისთვის თუ ეტლიანი ბავშვების მშობლებისთვის ძნელად მისაწვდომია. ევროპელი ექსპერტებიც გვირჩევენ, რომ პრიორიტეტი ქვეითის კომფორტსა და უსაფრთხოებას მივანიჭოთ.

ხოლო ვარკეთილის ხიდებთან კახეთის გზატკეცილიდან ჩამომავალი ნაკადი ჯავახეთის ქუჩაზე მოძრავ ნაკადთან კონფლიქტში მოდიოდა. ორივე მხრიდან ტრანსპორტის დიდი რაოდენობა მოძრაობს. ისინი ქმნიდნენ საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ სატრანსპორტო სქემებს კანონდამრღვევი მძღოლების მოქმედებებს არ ვარგებთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ აუცილებლობით. ყოველთვის მხოლოდ საგზაო ნიშანი რომ იყოს საკმარისი, შუქნიშნები სულ არ იარსებებდა.

– ფიქრობთ თუ არა, რომ ზებრა გადასასვლელები ან შუქნიშნები იქ, სადაც მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელებია, უფრო მეტ საცობს ქმნის (მაგალითად, რესპუბლიკის მოედანზე, რედისონის წინ)?

ამ კითხვაზე მგონი, უკვე გიპასუხეთ. თუმცა, ისევ განვმარტავ: სიცოცხლე და უსაფრთხოება ყველაზე მაღლა დგას. რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის არსებობის მიუხედავად, ქუჩაზე საათში 200 ადამიანი გადადიოდა. მიწისქვეშათი უცხოელი სტუმრებიც კი იშვიათად სარგებლობდნენ. ანალოგიური ვითარება გვაქვს საფეხმავლო ხიდებთან დაკავშირებითაც. რა ვქნათ? მივყვეთ თანამედროვე ტენდენციებს და შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალება თუ ჯინაში ჩავუდგეთ ქვეითებს?

– ადრე ითქვა, რომ მოწესრიგდებოდა მიწისქვეშა გადასასვლელები (მოიხატა და დასუფთავდა კიდეც გმირთა მოედნის გადასასვლელი). ანუ რა გამოდის, უარი თქვით ამ მიმართულებით?

– მერიას მიწისქვეშებზე უარი არ უთქვამს, ისევ გრძელდება მათი მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის სამუშაოები. უბრალოდ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დამატებით შევქმნათ ქვეითთა გადაადგილების კომფორტი და უსაფრთხოება.

– გადასასვლელი ხიდების დემონტაჟის შემდეგ, მის ნაცვლად, იმავე ადგილებზე კიდევ დამატებით შუქნიშების დაყენებას ხომ არ გეგმავთ?

– დიახ, მერია ეტაპობრივად საფეხმავლო ხიდების უმრავლესობის გაუქმებასა და მათ ადგილზე ერთდონიანი შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელების მოწყობას აპირებს. წელს, ქვეითთა შუქნიშნები ჯამში 19 საფეხმავლო ხიდის ადგილზე დამონტაჟდებ. თუმცა, ზოგიერთ საფეხმავლო ხიდს უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე შევინარჩუნებთ.

– გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს თუ არა ამდენი, მილიონობით ხელის შემშლელი ხელოვნური ბარიერის შექმნა გზებზე – იგულისხმება ე.წ. „ბუგაროკები“, რომელიც ბევრგან ყოველ 20-30 მეტრშია? 

– ეს ხალხის დაკვეთაა. თითოეული სიჩქარის იძულებითი შემცირების ბორცვი მოქალაქის განცხადების საფუძველზე მონტაჟდება. ეს უსაფრთხოების ნორმების ასამაღლებლად კეთდება. დარწმუნებული ვარ, მალე მოვა დრო, როცა ისინი საჭირო აღარ იქნება.

– პროგნოზით, ექსპერტული გათვლებით ბასლაინებმა რა შეიძლება გამოიწვიოს: სავალ ნაწილზე კერძო ტრანსპორტის ზოლის შევიწროება კიდევ უფრო შენელებულ ნაკადს გამოიწვევს თუ პირიქით, მეტი ეფექტის მომტანი იქნება?

– სწორედ ორგანიზებული სატრანსპორტო სქემა გამტარიანობას ზრდის. დღეს ჩვენ ბევრ ქუჩაზე ვხედავთ, რომ კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთმანეთთან „კონკურენციაშია“, ერთმანეთს მოძრაობაში ხელს უშლის და საცობს ქმნის. ავტობუსის ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას განაპირობებს. მოწესრიგებული მოძრაობა კერძო ტრანსპორტის გამტარუნარიანობასაც აუმჯობესებს.

ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ამ გზით ევროპელები ათწლეულების წინ წავიდნენ და დღეს ყველა ექსპერტი გვეუბნება, რომ საცობებისგან განტვირთვისა და ეკოლოგიური ფონის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტური ხერხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. ადამიანებს უნდა მივცეთ სტიმული, რომ კერძო ტრანსპორტიდან იაფ, კონდიცირებულ, კომფორტულ და ზუსტად გრაფიკის შესაბამისად, მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასხდნენ.

– გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის გარდა, სხვა გარეუბნებში ხომ არ იგეგმება უახლოეს მომავალში ბასლაინების გაკეთება? მაგალითისთვის, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავტობუსის ლოდინი 0 ან 1 წუთს აჩვენებს ტაბლოზე, ავტობუსიც ჩანს, მაგრამ ძალიან დიდხანს უნდება გაჩერებამდე მიღწევას.

– დიახ, ავტობუსის ზოლი ძალიან ბევრ ქუჩაზე გაკეთდება.

– ხომ არ განიხილება ქალაქის სხვადასხვა ადგილზე მოძრაობის გაცალმხრივების იდეა, როგორც პეკინის ქუჩაზე გაკეთდა?

– მოცემულ ეტაპზე არა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები