ანტიკვარული ავეჯი პრეზიდენტის სასახლისთვის – სალომე ზურაბიშვილის დავალებით სპეციალური კომისია ამ დრომდე კარდაკარ დადის და 1917 წლამდე გამოშვებულ ავეჯს ეძებს. ანტიკვარული ავეჯის ძირითადი ნაწილი უკვე შეძენილია. 

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამან ბაზარზე გარკვეული დეფიციტი შექმნა, რის გამოც ექსპერტები ოჯახებში დადიან და ანტიკვარულ ნივთებს ეძებენ.

ამ ყველაფერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ადასტურებს.

სწორედ მას ექვემდებარება უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც ავეჯს ეძებს. ჩუბინიძეც ადასტურებს, რომ თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო.

დიდი ნაწილი მოსახლეობიდან იყო შეძენილი, ძველი ავეჯი რომ შეგვეძინა და განახლებულიყო, რომელიც სასახლედ წოდებულ ნაწილში უნდა განთავსებულიყო.

არ ვიცი, კონკრეტულად ვისი მოთხოვნა იყო,

ჩვენთან დავალება მოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

მე ვფიქრობ, სამუზეუმო  ექსპონატები გადაურჩა დაკარგვას ან განადგურებას, მოხდა შესყიდვა, განახლება და განთავსება. ვფიქრობ, საქართველომ ამით არაფერი დაკარგა”, – აცხადებს ჩუბინიძე. 

ტელეკომპანიის ცნობით, ამ შესყიდვაზე არც ტენდერი გამოცხადებულა და არც პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულება გაფორმებულა.

ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. ზურაბიშვილის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი იყო გამოყოფილი.

მისი თქმით, ანტიკვარული ავეჯი კანონმდებლობის სრული დაცვითაა შესყიდული და შესყიდვა მხოლოდ საქართველოში განხორციელდა.

“ეს ინვენტარი პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას და ზოგადად საზოგადოებას. საფრანგეთიდან გვაქვს ორი ნივთი, ესაა, საწერი მაგიდა ლუი მეთხუთმეტის სტილში და ანტიკვარული კარადა, რომელიც ზურაბიშვილის მამის საკუთრება გახლავთ.

ეს შესყიდვა ემსახურებოდა გარდამტეხი როლის შეტანასაც, რამდენადაც წლებია კულტურული ფასეულობები გაედინებოდა საქართველოდან და ამ პროცესში სახელმწიფო და საზოგადოება არ არის პოზიტიური როლით წარმოჩენილი”, – აცხადებს ნაცვლიშვილი. 

 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები