LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა ევროპსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს

86
1

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.

ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს და იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა ისაუბრეს.

პრემიერმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში.

ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ:

“მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.” – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება:

“პრემიერის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე ისაუბრეს 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზეც:

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს, რათა ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია.” – წერია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრემიერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს:

“ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას”.

პრემიერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას.

ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს.

პოპულალურები