LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ინიციატივას მივესალმები… ადამიანები, რომლებიც არიან შრომისუნარიანები, მიიღებენ არა სოციალურ შემწეობას, არამედ ხელფასს გაწეული სამსახურისთვის: ვახტანგ ჭარაია

149
ვახტანგ ჭარაია

„პრემიერის ინიციატივას მივესალმები… ადამიანები, რომლებიც არიან შრომისუნარიანები, მიიღებენ არა სოციალურ შემწეობას, არამედ ხელფასს გაწეული სამსახურისთვის“, – ასე ეხმიანება ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, პრემიერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „შრომისუნარიანი მოქალაქეები სიღარიბეს, უმოქმედობას შეაჩვიეს და სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ“.

ვახტან ჭარაიას განმარტებით, ადამიანები იმუშავებენ და თავიანთი ქვეყნისთვის, საზოგადოებისათვის კარგ საქმეს გააკეთებენ. მაგალითად ჭარაიას სკოლებისა და ბაღების შეღებვა მოჰყავს, ან სხვა სახის სამუშაო, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება.

ეკონომისტი არ გამორიცხავს რომ რისკები და გარკვეული გამოწვევები ამ ინიციატივას ექნება, რადგან ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ერთი სამსახური მისთვის უკეთესია და მარტივია, ვიდრე მეორე სამსახური და შეიძლება სამსახურების არჩევაშიც გარკვეული პრობლემები შეიქმნას.

„მე პრემიერის ინიციატივას მივესალმები, თუმცა ისეც ნუ გამოვიყვანთ, რომ იმ რამდენიმე ასეულმა ლარმა, რომელიც თითო ოჯახზე შეიძლება გაიცემოდეს დახმარების სახით, გადააგვარა ქართველი ადამიანი და არა შრომისმოყვარე გახადა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ როდესაც სოციალურად დაუცველები იღებენ შემწეობას და ამავდროულად არიან შრომისუნარიანები, შეიძლება ეს სოციალური დახმარება გადაკვალიფიცირდეს და კარგია პრემიერის ინიციატივა იმ კუთხით, რომ ადამიანებს არა იმიტომ აძლევენ ამ ფულს, რომ ისინი ღარიბები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი იმუშავებენ და გააკეთებენ თავიანთი ქვეყნისთვის, საზოგადოებისათვის და თავიანთი თემისთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგ საქმეს.

შეიძლება ეს იყოს, მუნიციპალიტეტში სკოლების და ბაღების შეღებვა, ისეთი საქმიანობა, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება, თუმცა ამავდროულად არის ადგილობრივი დასახლებისთვის გაწეული დახმარება, სადაც შეიძლება ამ ადამიანების შვილებიც სწავლობდნენ სკოლასა თუ ბაღში. თუ ადამიანმა სხვა სამსახური იშოვა ეს ერთი მეორეს ხელს არ შეუძლია. შეიძლება, როგორც სოციალური შემწეობა ჰქონდეს.

დღევანდელი კანონმდებლობითაც, სამსახურის შოვნის შემდგომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ადამიანს უნარჩუნდება სოციალური შემწეობა და ამას ცვლილებები არ ეხება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანები, ვინც არიან შრომისუნარიანები, მიიღონ არა სოციალური შემწეობა არამედ ხელფასი მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის.

მგონია, რომ ეს უფრო სამართლიანი განაწილება იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა რისკები და გარკვეული გამოწვევები ამ ინიციატივას ექნება. როგორ გავმიჯნოთ ვინ არის შრომისუნარიანი და ვინ არა, ვიღაც შეიძლება თვლიდეს, რომ ის არ არის შრომისუნარიანი და ამიტომ ვერ იმუშავებს. ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ერთი სამსახური მისთვის უკეთესია და მარტივია, ვიდრე მეორე სამსახური. შეიძლება სამსახურების არჩევაშიც გარკვეული პრობლემები შეიქმნას.

სახელმწიფო ბიუჯეტის ახლებურად გადანაწილებაში ღარიბი მოსახლეობისთვის, ვისაც უჭირს და სოციალურ დახმარებას იღებს, მათთვის ეს სიახლე შეიძლება მისაღები არ იყოს და დიდად არ გაუხარდეთ, რადგან აქამდე თუ ისე იღებდნენ სოციალურ შემწეობას, ახლა ვალდებულებაც ეკისრებათ, რადგან უკვე ხელფასად გადავთარგმნიდი.

მთლიანობაში მე ვთვლი, რომ ეს უფრო სამართლიანი სისტემა იქნება ვიდრე მანამდე არსებული“, – განაცხადა ვახო ჭარაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები