LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიის მარგალიტი – ერთდღიანი მოგზაურობა სინტრაში

867

სერა-დე-სინტრას ფიჭვით დაფარულ ბორცვებზე გაშლილი ულამაზესი ქალაქი სინტრა, პორტუგალიურმა ელიტამ გრილი კლიმატის წყალობით შეიყვარა და მდიდრული სახლების, ექსტრავაგანტული ვილების გვერდით არაჩვეულებრივი დეკორატიული ბაღებიც გააშენა.

ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული ისტორიული ძეგლები ყოველ წელს სულ უფრო მეტად იზიდავენ ტურისტებს, განსაკუთრებული პოპულარობით კი, ლისაბონიდან სინტრაში ერთდღიანი მოგზაურობა სარგებლობს. გთავაზობთ ყველა ტურისტისთვის აუცილებელ ინფორმაციას და ძირითადი ღირსშესანიშნაობების მოკლე აღწერას.

რატომ მაინცდამაინც სინტრა?

პატარა ქალაქი სტუმრებს უამრავი ისტორიული ძეგლისა და საინტერესო ღირსშესანიშნაობის ნახვას სთავაზობს. სინტრას ნაციონალურ ძეგლებს შორისაა მდიდრული სასახლეები, არქიტექტურული შედევრები და უძველესი ნაგებობები. აღსანიშნავია, რომ მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობები ბორცვებზეა გაფანტული, ამიტომ აქტიური ტურიზმის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათ სანახავად ახალი მარშრუტების მოძიება, ქვით მოკირწყლული ქალაქის ისტორიული ცენტრი, გოთიკური სტილის ნაციონალური სასახლე, ტრადიციული მაღაზიები და მრავალრიცხოვანი კაფეები კი,  არავის დატოვებს გულგრილს.

ერთდღიანი მოგზაურობა სინტრაში

ერთდღიანი პროგრამა სინტრაში, რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრის, ნაციონალური სასახლის, მავრების ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრის და პენას სასახლის მონახულებას ითვალისწინებს, აუცილებლად ყველა ასაკის და ნებისმიერი გემოვნების მოგზაურს დააკმაყოფილებს. სხვათაშორის, ლისაბონიდან და სინტრაში საკმაოდ მარტივია გამგზავრება მატარებლით ან ტურისტული ავტობუსით, რომლის მარშრუტი სადგურს, ქალაქის ცენტრს და სამივე ნაციონალურ ძეგლს აერთიანებს.

მთავარი ღირსშესანიშნაობები

გოთიკურ სტილში აგებული ნაციონალური სასახლე, მე-15-19 საუკუნეებში პორტუგალიელი მავრების რეზიდენციას წარმოადგენდა, მის განმასხვავებელ თავისებურებად სამზარეულოს უზარმაზარი მილები ითვლება, სასახლის უზარმაზარი, ბრწყინვალედ დეკორირებული დარბაზები კი, მრავალსაუკუნოვან ისტორიას ასახავს.

ამაყად გადმოჰყურებს სინტრას მავრების ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრე, რომელიც მე-12 საუკუნეში აშენდა, შვიდი საუკუნის შემდეგ კი, ნაწილობრივ იქნა აღდგენილ და პენას სასახლის გარშემო გაშენებული პარკის ცენტრალურ ელემენტად იქცა. სხვათაშორის, ციხე-სიმაგრიდან ქალაქის არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

სინტრას მთავარი ღირსშესანიშნაობა

სინტრას ყველაზე მაღალ ბორცვზე წამოჭიმული პენას სასახლე, რომელიც ფიჭვის ტყეშია ჩაძირული, ქალაქის მთავარი და ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა.  სასახლე მე-19 საუკუნეში აშენდა ხელოვნების მოტრფიალე მონარქის მიერ, რომელსაც ყველასგან სურდა განმარტოვება. ნაგებობის კედლები კაშკაშა ფერებით, ქონგურებიანი კოშკებითა და მითიური პერსონაჟების ფიგურებითაა გაფორმებული, არანაკლებ საინტერესოა სასახლის ინტერიერი, რომელიც ისევეა შემონახული, როგორც ის მონარქიის დაცემის და 1910 წლის რევოლუციის შემდეგ პორტუგალიიდან გაქცეულმა სამეფო ოჯახმა დატოვა.

ნუ იჩქარებთ სინტრას დატოვებას

ღირსშესანიშნაობები ქალაქში საკმარისზე მეტია, ამიტომ ნუ იჩქარებთ მის დატოვებას. აუცილებლად მოინახულეთ კინტა დე რეგალეირა, სეტეაიშის სასახლე და მონსერატის კოშკი.

უძველესი ციხე-სიმაგრე კინტა დე რეგალეირი, მისტიკური სიმბოლოებითა და  ფარული ელემენტებით, გოთიკური კოშკებითა და საიდუმლო გვირაბებით მდიდარ მრავალიარუსიან პარკშია გაშენებული.

სინტრასთვის დამახასიათებელი, რომანტიზმის ელემენტებით ნეოკლასიციზმის სტილში აგებული სეტეაიშის სასახლე გასული საუკუნის დასაწყისში მდიდრულ სასტუმროდ გადაკეთდა, დღეს კი, თავისი პარკითა და ღია ტერასებით სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს.

მონსერატის კოშკი, რომლის არქიტექტურულ სტილზე მნიშვნელოვანი გავლენა ჩრდილოაფრიკულმა კულტურამ იქონია, სამმა ბრიტანელმა ააგო, დღესაც მათი შთამომავლების მფლობელობაშია და საზაფხულო რეზიდენციის ფუნქციას ასრულებს. ნაგებობა საოცარი ჩუქურთმითა და ორიგინალური დეტალებით გამოირჩევა, სახურავიდან კი, არაჩვეულებრივი ბაღის  ხედები იშლება.

ღამე სინტრაში

თუ დღისით ვერ მოასწარით ქალაქის დათვარიელება, შეგიძლიათ ღამით გააგრძელოთ მისი შესწავლა, მით უფრო, რომ სინტრაში არაჩვეულებრივი სასტუმროებია მაღალი დონის მომსახურებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები