LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტო – რჩევები პორტუგალიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

porto-wallpapers-28819-9048726

პორტო – ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, ქვეყნის ყოფილი და პორტვეინის ამჟამინდელი დედაქალაქი. ეს გახლავთ გაცხოველებული სამრეწველო ცენტრი, რომლის ისტორიულმა ნაწილმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო (1996 წ) და მე-4 საუკუნიდან მოყოლებული მუდმივად დასახლებულია. ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებისგან განსხვავებით პორტო იმდენად ბაროკული არ არის, რამდენადაც გრანიტის და მონუმენტალური.

პორტოს მოსახლეობას დღემდე უწოდებენ „ტრიპეიროსი“ – საქონლის შიგნეულობის მჭამელები. მისი წვნიანი დღემდე რჩება ქალაქის მთავარ საფირმო დელიკატესად. ამასთან, კულტურულად დანარჩენი პორტუგალიისგან განცალკევებით რჩებიან და აქ ხშირად გაიგონებთ ფრაზას: „პორტო – ეს ერია“. სხვა ზღაპრისთავი კი ამბობს: „პორტო მუშაობს, ბრაგა ლოცულობს, კოიმბრა სწავლობს, ლისაბონი კი ფულს შოულობს“.

არქიტექტურულ სტილში ქალაქი მრავალფეროვანია: აქ არის შუასაუკუნეების ძეგლები და თანამედროვე მშენებლობებიც. ეს ყველაფერი საინტერესო კია, მაგრამ ფეხით ყველაფრის შემოვლა მარტივი ვერ იქნება, ბორცვიანი ლანდშაფტისა და უამრავი კიბეების გამო.

 

 

ტრანსპორტი

პორტოშია მეტროპოლიტენის ხაზი, ავტობუსები, ტრამვაი და ტაქსი.

მეტრო

მეტრო ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა. მეტროს 3 ხაზი – A (ცისფერი, მიდის მატოზინიუშის რაიონში), B (წითელი, Vila do Conde-დან Povoa de Varzim-მდე) და C (მწვანე, Maia) სტარტს იღებს Estadio do Dragao-დან (საფეხბურთო გუნდის ცნობილი სტადიონი), გადის Campanha-ს სადგურს, ქალაქის ცენტრს და შემდეგ იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ გარეუბნებად. D ხაზი (ყვითელი) ჩრდილოეთს სამხრეთთან აკავშირებს: spital SaoJoao-დან Joao de Deus-მდე. დაბოლოს, E ხაზი (იისფერი) აეროპორტიდან მიდის და B ხაზს უერთდება.
სამუშაო საათები: 6:00-დან 1:00 საათამდე, ერთი მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 2 ევროა.

ავტობუსი და ტრამვაი

ავტობუსი და ტრამვაიც მოსახერხებელია, თუმცა მათი მარშრუტი უფრო ჩახლართულია. ცენტრალური გაჩერებებია Praca da Liberdade, Praca Almeida Garrett (სადგურ Sao Bento-ს წინ) და Cordoaria. არის სპეციალური ღამის ავტობუსები, რომლებიც დაახლოებით საათში ერთხელ დადის (1:00-5:30 სთ). ბილეთის ფასი აქაც 2 ევრომდეა. სამგზავრო Andante Tour ერთდღიანი 7 ევრო ღირს, 3-დღიანი – 15 ევრო.

პორტოს ტრამვაი ქალაქის ღირსშესანიშნაობაა. სამი ხაზიდან ნებისმიერით მგზავრობისას (ქალაქის ცენტრში გადიან) ფანტასტიური ხედებით დატკბებით. გაჩერება Massarelos ბროლის სასახლესთან – მთავარი ცენტრალური ჰაბია. აქედან მიდის 1 ხაზი, რიბეირას რაიონისკენ. ხაზი 1E დაბლა მიემართება, მდინარე Foz Douro-სკენ, ხოლო ხაზი 18 ზემოთ მიუყვება, კარმუს ეკლესიისა და Jardim da Cordoaria-ს ბაღებისკენ.
დადიან ნახევარ საათში ერთხელ. სამუშაო საათები: 9:00-19:00 სთ. ბილეთის ღირებულება: 2.5 ევრო.


ტაქსი

ტაქსი პოპულარულია, განსაკუთრებით ტურისტებში. შეგიძლიათ იპოვოთ გაჩერება ქალაქის ცენტრში ან გამოიძახოთ. ფასი: 5-7 ევრო ხანმოკლე მგზავრობა ცენტრის ფარგლებში, 20% ემატება ღამით მგზავრობისას.

 

პორტოს სანაპირო

პორტოში არის საქალაქო პლაჟები ქვიშისა და წვრილხრეშიანი საფარით, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია კლდოვანი შვერილით. ის გადაჭიმულია მდინარე დორუს ატლანტის ოკეანეში შესართავი ადგილიდან და მთავრდება მატოზინიუშის რაიონში. პორტოს სანაპიროები აღჭურვილია დასვენებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. აქ არის მაშველების ჯიხურები, ტუალეტები, საშხაპეები, სამედიცინო პუნქტები. ყველგანაა ავტო და ველოსაპარკინგე ადგილები, გახსნილია სათამაშო მოედნები, არის სასმელი წყლის პატარა შადრევნები. წახემსება და წყურვილის დაკმაყოფილება კი უამრავ კაფე-ბარებშია შესაძლებელი.

ბუნებასთან განმარტოებით რომ იგრძნოთ თავი, პორტოს სულ ოდნავ უნდა მოშორდეთ. უკვე ხსენებულ პატარა მატოზინიუშში, სადაც სადგურ Sao Bento-დან მეტრო მიდის – არის თვალწარმტაცი პლაჟები ქვიშის სანაპიროთი. თუმცა ხშირად ქარი იცის, ამიტომ ბანაობა ყოველთვის არ გამოდის. თუმცა აქ მისვლას ალბათ მაინც არ ინანებთ, რადგან მატოზინიუში პორტუგალიის გასტრონომიულ დედაქალაქად არის ცნობილი: ადგილობრივი თევზის რესტორნები უბრალოდ შესანიშნავია.

კარგი პლაჟებია შედარებით ახალგაზრდა კურორტ ეშპინიუზე, სადაც სადგურ Sao Bento-დან საქალაქთაშორისო მატარებლით მიხვალთ. აქ ბევრია წყალმცირე მონაკვეთი, რაც იდეალურია თუ ბავშვებთან ერთად ხართ. ქარიან ამინდში სანაპიროს სერფერები იპყრობენ. აქაური ტალღები უმაღლესი კლასისაა.

 

 

პორტოს სასტუმროები

პორტოში განსხვავებული კლასის სასტუმროების დიდი არჩევანია. ყველაზე ძვირიანები ისტორიულ ცენტრშია და მთავარ ღირსშესანიშნაობების გვერდითაა თავმოყრილი. თუმცა ნებისმიერ რაიონში დასახლება შესაძლებელია, რადგან განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საკვანძო ტურისტულ წერტილებამდე უპრობლემოდ მიგიყვანთ.

ყველაზე იაფიანი განთავსების ვარიანტია ჰოსტელები. ფასები 10 ევროდან იწყება. ძირითადად 8-10 საწოლიან ოთახებს თავაზობენ, თუმცა შეგხვდებათ ბევრად კომფორტული ორადგილიანი ნომრებიც.
ორვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრება 20 ევროდან იწყება. Wi-Fi თითქმის ყველგან უფასოა. 3* და უფრო მაღალ ვარსკვლავიან ოტელებში მომსახურების დონე იზრდება ფასებთან ერთად: 35 ევროდან ნომერი.
ვისაც კომფორტზე ეკონომია არ სჩვევია, მაშინ 4* – 55 ევროდან.

 

შოპინგი

მაღაზიების, სუპერმარკეტების, მოდური ბუტიკების, ანტიკვარული სალონებისა და სუვენირების დახლების ყველაზე დიდი თავმოყრა ცენტრალურ ქუჩებზეა: ბოავიშტასა და სანტა კატარინაზე. ყველაზე კოლორიტული ბაზარი „ბოლიაუ“ Rua de Sa da Bandeira-ზეა, რომელიც 1839 წელს დაარსდა. აქ იყიდით ახალ ზღვის პროდუქტებს, ბოსტნეულს, ხორცს, ყვავილებს, ადგილობრივ დელიკატესებს.

ქალაქში ბევრია სავაჭრო ცენტრები თავისი კაფეებით, ბოულინგ-ცენტრებით, კინოთეატრებითა და მთელი რიგი გასართობებით. ყველაზე ცნობილებია Via Catarina, Norte Shopping, Arrabida Shopping, Parque Nascente და Gaia Shopping.

საუკეთესო საჩუქარი პორტოდან რასაკვირველია ადგილობრივი ლეგენდარული პორტვეინია, თუმცა არა ერთადერთი ვარიანტი. პორტუგალიდან ჩამოაქვთ ხელით მორთული კერამიკის ფილა, მამლების ფიგურები, ტყავის ფეხსაცმელი და ოქრო-ვერცხლით გაფორმებული მაღალი ხარისხის ჩანთები. ასევე საკორპე მუხის ქერქისგან დამზადებული ნაკეთობები, რაც ლამის ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევა.

მთავარი გასტრონომიული სუვენირებია – ზეთისხილი, ყველი და კვერცხის კრემი.

 

რა გავსინჯოთ

პორტუგალიური სამზარეულო მარტივია, მაგრამ მსუყე. რეცეპტების უმეტესობაში თევზი და ზღვის პროდუქტებია და ძალიან უშურველად მოაქვთ: თითო პორციაში 3-4 დიდი ნაჭერია. ადგილობრივების საყვარელი გარნირია ბრინჯი ბოსტნეულით.
აუცილებლად გასინჯეთ „ფრანსეზინიუ“ – ხორცის სენდვიჩი ძეხვით, ლორით, შემწვარი საქონლის ხორცით ტომატისა და ლუდის განსაკუთრებული სოუსით. ასევე „ფეიჟოადუ“ – ტრადიციული ხორცის კერძი ბრინჯითა და წითელი ლობიოთი. რესტორნებში უფრო ეგზოტიკურიც მოაქვთ. მაგალითად: ზღვის ეშმაკი, ქორჭილა ან თხის ყველი. ორიგინალური პირველი კერძია – არომატული სუპ-პიურე კომბოსტოთი და კარტოფილით და საფირმო წვნიანი შიგნეულობისგან.

პორტუგალიური დესერტის განსაკუთრებულობაა – ნუში და დარიჩინი, რაც ფაქტობრივად ყოველდღიურ დამატებას წარმოადგენს.

და რა თქმა უნდა, ნებისმიერი წახემსება მთავრდება ფინჯანი ყავით – uma bica (პატარა), um cafe (დიდი), meia de leite (რძით) ან um galao (ლატე).

პორტოს რესტორნების უმრავლესობაში ფასები მისაღებია. ვახშამი ორი კერძით ღვინითა და ყავით დაახლოებით 25-30 ევრო ჯდება.

მაგრამ ქვეყნის მთავარი გასტრონომიული სიამაყეა პორტვეინი „ვინიუ დუ პორტუ“. ის ძველებური რეცეპტით მზადება, რომელმაც თანამედროვე მეღვინეებამდე შუასააკუნეებიდან მოაღწია. ეროვნული სასმელის დაგემოვნება პორტვეინის მუზეუმში შეიძლება, ასევე მისი მთავარი მწარმოებლის კომპანია Sandeman-ის სადეგუსტაციო დარბაზში.

 

 

კაფე და რესტორნები

ქალაქში ბევრი კაფე და რესტორანია, რომლებიც ტურისტებში ძალიან პოპულარულია და ნებისმიერ ბიუჯეტზეა გათვლილი. პორტოს მაცხოვრებლები თავგამოდებული ყავამანები არიან, თან ხარისხზე ძალიან მომთხოვნები. ამიტომაც აქ ყველგანაა ყავახანა შესანიშნავი მომსახურებით, გემრიელი ყავითა და მრავალფეროვანი დესერტით. ყველაზე პოპულარულია ლეგენდარული Majestic (1921 წელი) რჩეული ტკბილეულითა და სრულფასოვანი სარესტორნო მენიუთი.

ამბობენ, რომ სწორედ კაფე „მაჟესტიკში“ დაიწყო მუშაობა „ჰარი პოტერზე“ ჯოან როულინგმა.

ბუნებრივია ქალაქში ბევრი თევზის რესტორანია. ცნობილია de Praia do Ourigo, რომელიც დორუს სანაპიროზეა. ბევრ რესტორანში ტრადიციული პორტუგალიური რეცეპტები შერწყმულია ევროპულ, ინდურ, ჩინურ და იაპონურთან. პრემიუმ კლასის დაწესებულებაში საშუალოდ ორ პერსონაზე ვახშამი 25-50 ევრო დაჯდება.

ბევრი მყუდრო კაფე ორიგინალური ინტერიერითაა გაფორმებული. „მაკდონალდსიც“ კი უჩვეულოა, სამეფო პალატების სტილშია აშენებული.

ლანჩი არც თუ ძვირ დაწესებულებაში 10-15 ევრო დაგიჯდებათ.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

პორტოს ისტორიული ცენტრი, რომელიც მდინარე დორუს მარჯვენა ნაპირზეა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სეირნობის დაწყება შეიძლება ავენიდა დოს ალიადოსიდან, სადაც მე-19-20 საუკუნეების წარმოსადეგი სახლების მთელი მწკრივია. ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარია გოთიკური სან ფრანსიშკუ ბაროკოს ელემენტებით, რომლის მშენებლობა 1233 წელს დაიწყო (კატაკომბებში შესვლა 3.5 ევროა).

მე-12 საუკუნის საკათედრო ტაძარი უფრო შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს მოგაგონებთ. ერთ დროს ის მართლაც დამცავი ნაგებობა იყო. ტაძარი შიგნიდანაც ლამაზია. მისი ინტერიერი – ეს გახლავთ დახვეწილი ფრესკები, ვიტრაჟები და მდიდრული ვერცხლის საკურთხეველი. ტაძარი ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე ააგეს, მისთვის კიდევ უფრო მეტი უნიკალურობა რომ შეეძინათ.
ბილეთის ფასი: 3 ევრო.

პორტოს ერთ-ერთი სიმბოლოა კლერიგუშის კოშკი, რომელიც ყველაზე მაღალია ქვეყანაში (75 მ). მისი მთავარი ფუნქცია ოდესღაც სავაჭრო გემების ორიენტირი იყო. დღეს აქ გახსნილია სათვალთვალო მოედანი, საიდანაც ლამის მთელ ქალაქს დაინახავთ (შესვლა 2 ევრო).

ქალაქის დამოუკიდებელი ღირსშესანიშნაობაა რიბეირას რაიონი. ბორცვზე წამოჭიმული პატარა მრავალფეროვანი სახლები თითქოს ერთმანეთზეა დაწებებული. ვიწრო, მიხვევ-მოხვეულ ქუჩებზე ნებისმიერ ამინდში სეირნობა და კოლორიტულ კაფეებში გაჩერება ერთი სიამოვნებაა. ხოლო კაიშ დე რიბეირას ჭრელ სანაპიროზე ნავები და გემები დაგხვდებათ, რომლებიც ტურისტებს მდინარეზე ასეირნებს.

 

ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაგებობა არა მარტო პორტოს სიახლოვეს, არამედ მთელ ქვეყანაში გახლავთ ციხესიმაგრე გიმარაეში. მისი აგება 959 წელს დაიწყო ამ ტერიტორიის პირველი მფლობელის ქალიშვილის მუმადონა დიაშის ბრძანებით. აქ შემონახულია 4 კოშკი, რამდენიმე კარიბჭე და ხის ხიდი.
შესვლა თავისუფალია.
გიმარაეში პორტოდან 50 კმ-ში მდებარეობს.
მატარებელი პორტოდან 2 საათში ერთხელ გადის, იქიდან დაახლოებით 1.5 კმ-ია. მეორე ვარიანტი ავტობუსით გამგზავრებაა.

 

პორტოს ბოტანიკური ბაღი (Rua do Campo Alegre, 1191) ყველაზე ძველია ქვეყანაში (4000 კვ/მ). ის სამ ნაწილადაა დაყოფილი: ტბორი წყლის მცენარეებით, ყვავილნარი და ტროპიკული ფლორის ორანჟერეა. შესვლა თავისუფალია. მუშაობს 19:00 საათამდე.

საინტერესო ექსპოზიციაა ტრამვაის მუზეუმი (Alameda Basilio Teles, 51), რომლის ექსპონატები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნებისიერ დროს გაემართებიან ქუჩებში.
წარმოდგენილი ტრამვაის უმრავლესობა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება. თუმცა არის კონკაც, ძველებური ვაგონები, რომელიც რელსებზე ცხენებს მიყავდა. მუზეუმში არის ავტომობილები, რომლითაც გზის რემონტს აკეთებდნენ. წარმოდგენილია ძველი ბილეთებიც.
შესვლა: 8 ევრო. 6-დან 25 წლამდე და 65 წელს ზემოთ – 4 ევრო.

ნაციონალური მუზეუმი სუარიშ დუშ რეიში (Museu Nacional de Soares dos Reis) 1833 წელს გაიხსნა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ცნობილი მხატვრების მდიდარი კოლექციით იწონებს თავს – შესვლა 8.5 ევრო.

 

 

პორტოში თებერვალში კარნავალი ტარდება.

1 მაისს აღინიშნება დიდი შადრევანის დღესასწაული
ქალაქის ქუჩებში ყვავილების ზღვით.

ივნისში ზეიმობენ წმინდა ანტონიოს დღეებს,
ამ დღეებში მოვლენების ცენტრი საკათედრო ტაძარი ხდება.

24 ივნისის ღამეს ადგილობრივები კოცონზე ხტებიან და ფეიერვერკს აწყობენ – ასე ტარდება
წმინდა იოანეს შობის კათოლიკური დღესასწაული (São João do Porto).

სექტემბერში ქალაქში იმართება თოჯინების თეატრის
საერთაშორისო ფესტივალი.

 

ესენიც

პორტოს ღირსშესანიშნაობებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რკინიგზის სადგურ სან ბენტუს. ის მთელ მსოფლიოში ულამაზეს სადგურად არის მიჩნეული. ის ჯერ კიდევ 1916 წელს ააშენეს ძველი მონასტრის ადგილას. სადგური მორთულია კერამიკული ფილებით. ნახატს მხატვარი ჟორჟ კოლასი 10 წელი ქმნიდა. საერთო ჯამში ამ მოზაიკის შექმნაზე ცისფერი და თეთრი ტონალობის 20 ათასი ფილა დაიხარჯა.

გარეუბანში, პატარა ქალაქ ვილა ნოვა დი გაიაში მდებარეობს ალბათ პორტოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. სწორედ აქაა ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი საწარმოები. ღვინის სარდაფები, ღვინის ბირჟა, საკორპე და სამეთუნეო ქარხნები და მრავალი სხვა. აქ გახსნილია “Porto Calem” – პორტვეინის ცნობილი მუზეუმი.

პორტოშია ბევრი საინტერესო ძეგლი და სკულპტურული კომპოზიცია. კორდოარიას ბაღში დგას თევზსაჭერი ბადის ძეგლი. იქვეა კომპოზიცია „ერთმანეთის დამცინავი ცამეტი ტიპი“. თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ამ ცამეტ ფიგურას შორის ყოფნა სასარგებლოა – მომენტალურად იმუხტები პოზიტივით და კარგი განწყობით.

პორტოში საინტერესო მუზეუმებიცაა. სამხედრო მუზეუმი მოიცავს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უზარმაზარ კოლექციას (მე-16-20 სს). ბევრს იზიდავს პრესის ეროვნული მუზეუმი. აბსოლუტურად ყველა ექსპონატი სამუშაო მდგომარეობაშია. სურვილის შემთხვევაში დამთვალიერებლებს შეუძლიათ საკუთარი სტატია ერთ-ერთ პირველ საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდონ.

 

პორტოდან შეგიძლიათ გაემგზავროთ “პორტუგალიურ ვენეციაში” – ავეიროში (Aveiro).

პორტუგალიის უძველესი ქალაქი ბრაგა (Braga) პორტოდან დაახლოებით 55 კმ-შია.
ეს პორტუგალიის კათოლიციზმის ცენტრია. აქ 1505 წლიდან არქიეპისკოპოსის რეზიდენცია მდებარეობს.

 

და კიდევ

 

მუსიკის სახლი
Avenida da Boavista
დიდი ხანი არ არის, რაც პორტოში გამოჩნდა, მაგრამ უკვე ქალაქის სიმბოლოა. დღეს ის მრავალი კულტურული ღონისძიების ცენტრია.
ქუჩიდან დიდ ფანჯრებში მშვენივრად ჩანს, რაც საკონცერტო დარბაზებში ხდება.

 

მაღაზია ლელო
Rua das Carmelitas, 144
წიგნის მაღაზია ყველაზე უჩვეულო და ცნობილია პორტუგალიაში, რომელიც მსოფლიოს 10 საუკეთესოში შედის. მისი ისტორია 1894 წლიდან იწყება.
მაღაზიას ლელოს ოჯახის დევიზი ამშვენებს: „არსი – შრომაშია“.
უცნაურია, რომ მაღაზიაში სიგარებს ყიდიან, ყავის დასალევ ადგილას კი მოწევაც შეიძლება.

 

ლუიშ პირველის ხიდი
პორტოში ხიდი ბევრია, მაგრამ ლუიშ პირველის ყველაზე ცნობილია. ის აერთებს რიბეირას რაიონს პატარა ქალაქ ვილა ნოვა დი გაიასთან. ხიდი ტურისტების თავმოყრის ადგილას მდებარეობს და მისი დანახვა რთული არ არის.
ხიდი 1886 წელს გაიხსნა და მეფის სახელი უწოდეს.

 

ბროლის სასახლის პარკი
Rua de Manuel II
ლანდშაფტური პარკი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადია. აქ ადგილობრივებიც სიამოვნებით დადიან.
უშუალოდ ბროლის სასახლე დღეს აღარ არსებობს. მის ადგილზე 1956 წელს დიდი მრავალფუნქციური პავილიონი ააშენეს.
სასახლის პარკი თემატურ ზონებად არის დაყოფილი: „ვარდების ბაღი“, „გრძნობების ბაღი“, „სურნელის ბაღი“.
დასვენების დღეები არ არის, შესვლა კი უფასოა.

 

კლერიგუშის ეკლესია
ბაროკოს სტილშია შესრულებული და შეიძლება თეატრად ან სასახლედ მოგეჩვენოთ ისეთია მისი მთავარი შესასვლელი. იქვეა სამრეკლო, რომელიც პორტუგალიაში ყველაზე მაღალია.
1910 წელს კლერიგუში ოფიციალურად იქნა მიჩნეული ეროვნულ საგანძურად პორტუგალიის არქიტექტურის ძეგლად.

1917 წელს კოშკზე გარე კედლიდან ორი ესპანელი აკრობატი აძვრა, მამა-შვილი პუერტულიანოსები და წვერზე ჩაი მიირთვეს ნამცხვართან ერთად. ისინი მწარმოებელმა ფირმა „ინვიკტამ“ დაიქირავა. ეს სარეკლამო აქცია დიდხანს დაამახსოვრდათ პორტოელებს და სახალხო სახელიც მიიღო: „ჩაი ცაში“.

ფასი: დღისით 5 ან 6.5 ევრო, კოშკზე ასვლა საღამოს – 5 ევრო.
სამრეკლოზე ასვლა 23:00 საათამდე შეიძლება.

ამინდი

ამინდს ქალაქში განაპირობებს გოლფსტრიმის თბილი დინება. პორტოს კლიმატი – ეს არის ზომიერი ცხელი ზაფხული, კომფორტული სეზონთშორისი და რბილი ტენიანი ზამთარი. ყველაზე ცხელი თვე აგვისტოა, როდესაც ღამითაც კი ტემპერატურა მხოლოდ რამდენიმე გრადუსით იკლებს. პორტოს მონახულების საუკეთესო დროდ მიიჩნევა ზაფხულის პერიოდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები