LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის მოთმინება იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა – გახარია

გახარია

პოლიციის დღევანდელი მოთმინება იყო პატივისცემა პრეზიდენტის ინსტიტუტის, პოლიციას შეეძლო ყოფილიყო უფრო მკაცრი და უფრო უხეში, იმის გარდა, რომ მათ თმენის ვალდებულება გააჩნიათ, მათი ვალდებულებაა მოქალაქეების უსაფრთხოება, – განაცხადა გურჯაანის „ჯეო- ჰოსპიტალში” ველისციხის აქციის დროს დაშავებული შვიდი პოლიციელის მონახულების შემდეგ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა თითოეული კანონდარღვევის გამოძიების და რეაგირების საკითხს და განმარტა, რომ ყველა ადამიანი, ვინც დაარღვია კანონი და ვინც შეეხო პოლიციელს, დაისჯება.

„თუ რომელიმე პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, მიუხედავად მისი თანამდებობრივი სტატუსისა, ისიც იქნება დასჯილი.ოპოზიციას საპატრულო პოლიციის უფროსმა, ჩემმა პირველმა მოადგილემ შესთავაზა, რომ თელავში საცობის გამო მანქანებით გადაადგილება იყო შეუძლებელი. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიუთითა ყვარლის შემოვლითი გზით გადაადგილება, რაზეც უარი მიიღო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მინისტრი ინაუგურაციის პარალელურად დღეს განვითარებულ მოვლენებს სირცხვილს უწოდებს.

„ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს თელავში იყო ინაუგურაციის დღე და ის რაც მოხდა, ამ ინაუგურაციის პერიოდში ველისციხეში, იყო ჩვენი დიდი პრობლემა და სირცხვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო და მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს იმისთვის, რაც მოითმინა, იმიტომ, რომ ეს ღონისძიება ღირსეულად, წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო“, -განაცხადა გახარიამ.

გურჯაანის საავადმყოფოში დაპირისპირების დროს დაშავებული 7 პოლიციელი საავადმყოფოში რჩება. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ.გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ პოლიციელების გარდა, აქციის ორი მონაწილეცაა მოთავსებული. აქციის მონაწილე ქალს დაბეჟილობა, ხოლო მამაკაცს და ყბის დაზიანება აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა სამართალდამცავების მიერ გზის გადაკეტვის გამო, მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები