LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელებმა მამაკაცის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს და გვამი მტკვარში გადააგდეს – დაკავებულია 5 პირი

889
334

რუსთავში, მამაკაცი, რომელიც მტკვარმა გამორიყა, მოკლულია – საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა და 5 პირი დააკავა, მათ შორის არიან პოლიციელები. ერთის დასაკავებლად მიმდინარეობს ღონისძიებები. 

მტკვრის მიერ გამორიყულ მამაკაცის ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს

ამ წუთებში მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველები გარდაცვლილი დავით მუმლაძის მეგობრებსა და ახლობელს კითხავენ.

უწყების ცნობით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.

გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი – 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ. 

“გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა – 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი – დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ.-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.  

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რუსთავში მტკვარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა. ოჯახი მას პირველი ოქტომბრიდან ეძებდა. გარდაცვლილს სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები