აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდიდან 4-ს გირაო, 25 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საქმე ეხება 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტს. ბრალდებულების ვერსიით, ისინი ბათუმში, ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ, მოგვიანებით ტაქსი გამოიძახეს და ეზოში ელოდებოდნენ.

ხმამაღლა საუბრობდნენ და იქვე მდგომ ავტომობილს მიერყდნენ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ავტომობილი იქვე მცხოვრებ შს სამინისტროს მაღალჩინოსანს – როინ კოჩალიძეს ეკუთვნოდა.

დაკავებულები ყვებიან, რომ როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც მოჰყვა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. ბრალდებულების თქმით, ის სამოქალაქო ფორმაში იყო და მათ შეურაცხყოფას აყენებდა.  სასამართლო პროცესზე დღეს ითქვა, რომ იმ დღეს არსებული ჩანაწერიც არსებობს, სადაც დაკავებულები პოლიციელს ეუბნებიან, რომ პოლიციას პატივს სცემენ და მათ სამართალდამცველი მეგობრებიც ჰყავთ.

პროკურატურის ვერსიით კი, პოლიციელი როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, 5 პირი მას თავს დაესხა. ბრალდება ითხოვდა, 5-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა, რადგან მათი ეჭვით, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი თემები