LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველადი პროდუქტები დაახლოებით 10 დღეში გაძვირდება: ეკონომისტების მძიმე პროგნოზები

175
FORTUNA.GE (73)

ბოლო რამდენიმე თვეს თუ გადავხედავთ და დავაკვირდებით, თუ გავანაალიზებთ როგორია საზოგადოების, მედიის, პოლიტიკოსების რეაგირება ლარის კურსა და ფასების ზრდაზე, თითქოს, შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაცნაირად ყველა მიეჩვია ამ მძიმე პროცესს. თითქოს შეშფოთებული ვართ, სოციალურ ქსელში ვსვამთ კითხვებს, რა სჭირს ლარს, ვეძებთ პასუხებს, პასუხს ვთხოვთ ხელისუფლებას, მაგრამ რეალურად, საბოლოოდ მაინც გამოდის, რომ ხალხი ამ მძიმე რეალობას ეგუება – რეალობას, სადაც მოსახლეობა ყოველდღე, პირდაპირი გაგებით ღარიბდება და უფრო ახლოს მიდის შიმშილის ზღვართან.

რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, ერთგვარი ანალიზი ჩაეტარებინა, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვღარიბდებოდით, გვიმცირდებოდა ხელფასები ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის კვალდაკვალ და შეეცადა „მთავარი დამნაშავეც“ ეპოვა. ასევე ესაუბრა ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის როდის, რატომ და რა კატეგორიის პროდუქტზე მოიმატებს ფასები. სანამ გეტყვით, რა პროგნოზი გააკეთა დისტრიბუტორთა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ, მანამდე მიმოვიხილოთ როგორ დაიწყო ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა და სად ხედავენ ეკონომისტები „მთავარ დამნაშავეს“.

2014 წლის 19 ნოემბერს, ანუ ხელისუფლების შეცვლიდან 2 წლის შემდეგ, 1 დოლარი 1, 76 თეთრი ღირდა. რამდენიმე დღეში ლარმა გაუფასურება დაიწყო და ბოლო 6 წელია სიტუაცია უარესდება. გაუფასურების დაწყებიდან პირველ სამ წელიწადში ლარი დაახლოებით 54%-ით გაუფასურდა. ამის დასტურად შეგიძლიათ იხილოთ ლარის გაუფასურების ამსახველი ფოტო.

2017 წელს რომ გვცოდნოდა, რა მოხდებოდა მომდევნო სამ წელიწადში, მაშინდელ 2,80-ზე ალბათ არ ვიწუწუნებდით. სამწუხაროდ, 2014 წელს დაწყებული გაუფასურება ზუსტად 6 წელია გრძელდება და დღეს უკვე 1 დოლარის ღირებულება 3,25 ლარია.

ეს უბრალოდ ციფრები არაა – ეს აჩვენებს, როგორ იზრდებოდა ფასები საკვებზე, სასმელზე, ჯანდაცვაზე, აჩვენებს როგორი ეკონომიკა გვაქვს, როგორ ვუმკლავდებით გამოწვევებს და… როგორი ხელისუფლება გვყავს. თუ ბოლო 6 წლის განმავლობაში ლარის კურს შევხედავთ, წესით ამ კითხვებზე პასუხებს თავად გასცემთ.

რაც არ უნდა ასეთ დროს ხელისუფლებამ ამტკიცოს, რომ მისი ბრალი არაა და ყველაფერში „დამნაშავე“ მსოფლიო ბაზარი ან სხვა მიზეზია, როგორც ეკონომისტები ამბობენ, მთავრობა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. რა გამოწვევაც არ უნდა იყოს, ხალხი მთავრობას იმიტომ უხდის ფულს, რომ გამოწვევებს უპასუხოს. ფაქტია, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი მძიმე სიტუაცია, რომ ლარის ლამის კუპონადაა ქცეული, არ ყოფილა.

ასეთი მძიმე სიტუაციის დროს, როცა შიგადაშიგ ეროვნული ბანკის მიერ დოლარის გაყიდვის გარდა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯები და ბიუჯეტი დააკორექტიროს, ნაცვლად ამისა, პრემიერმა გიორგი გახარიამ 2 დღის წინ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. არადა, ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, არ გვჭირდება ვინმესგან ამის მოსმენა, ამას სავალუტო ჯიხურებში ისედაც ვხედავთ.

პანდემიამდელი ლარის კურსი დაივიწყეთ, ის უკვე წარსულია: რა ელოდება ლარს

"ერთადერთი იარაღი, რაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს, არის ინტერვენციები, მაგრამ აქაც არსებობს ზედა ზღვარი".

ეკონომიკის მინისტრი კი გვიმტკიცებს, რომ ვალუტის კურსის რყევები ზომიერია. არადა, 1, 76-დან 3, 25-მდე გაუფასურდა ლარი და ამ დრომდე, მთელი ეს წლები, დაახლოებით ასეთივე შინაარსის განცხადებები გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან. არადა, ამ ზომიერება-ზომიერებაში, როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა გვითხრა, ბოლო წლების განმავლობაში ლარი 100%-ით გაუფასურდა.

ივა ჭყონიას საუბრისას მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს – ფასების ზრდას შევეხეთ. მართალია, არ გვიკითხავს, გაძვირდება თუ არა პროდუქტი, იმიტომ რომ ეს ისედაც ვიცით, მაგრამ შევეცადეთ, გაგვერკვია რა დასახელების პროდუქტს შეეხება ფასების მატება.

ის ამბობს, რომ პირველადი სამომხმარებლო პროდუქტები ოქტომბრის დასაწყისში გაძვირდება, მეორე ან მესამე კატეგორიის ბრენდები კი სადამდეც შეძლებენ, ფასების შენარჩუნებას ეცდებიან.

„ჩვენ ვხედავთ, ბოლო 7 წლის განმავლობაში რა მოყვა ლარის გაუფასურებას, რა თქმა უნდა, ფასების ზრდა. მე არ ვარ ექსპერტი, მე ვარ ბიზნესსექტორის წარმომადგენელი, რომელიც ვაერთიანებ როგორც იმპორტიორ, ისე ადგილობრივ კომპანიებს, ვინც პროდუქციის დისტრიბუციით არიან დაკავებული. ბოლო 7 წელიწადში ლარი 100%-ით გაუფასურდა, ლოგიკურია ფასები გაიზარდა. როცა საუბრობენ, რომ ჩვენი განცხადებები, თითქოს ნეგატიურად აისახება ლარზე, ეს ალბათ ძალიან არასერიოზულია.

როგორც შეიძლება რაღაცას გადავაბრალოთ. 3 მილიონ ნახევარი ადამიანი რომ განდობს საჭეს… შეიძლება პირველი 2 წელი (იგ. ხელისუფლების შეცვლიდან 2 წელი) ეროვნულ ბანკზე იყო გადაბრალება, ამის შემდეგ გვენეტაძე დაინიშნა და ვხედავთ მის ქმედებებს. გვენეტაძე იმითაა დაკავებული, რომ ჭკუას გვასწავლის როგორ მოვიქცეთ ბიზნესსექტორი, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სჯობს ასწავლონ, რა როგორ გააკეთონ“, – ამბობს ივა ჭყონია.

მისი თქმით, ფასების ზრდა ყველაზე რთული პროცესია, თუ კომპანია იძულებული არ არის.

„ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება ფასების ზრდა და თვის ბოლომდე გაგრძელდება პირველადი მოხმარების პროდუქტზე, მეორე და მესამე კატეგორიის პროდუქტებმა – რიგმა ბრენდებმა თუ გაუძლო, ვნახავთ“, – ამბობს ჭყონია.

ფასების ზრდაზე სპეციალისტების გარდა, ისაუბრეს პოლიტიკოსებმაც. ვერავინ უარყოფს, რომ ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ერთგვარი შეჯამების სახით გეტყვით, ვინ რას ამბობს და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

ხელისუფლება გვეუბნება, რომ ლარის ზედმეტად გაუფასურებულია, კორონავირუსის ბრალია, ხალხს ხომ ნეგატიური მოლოდინი აქვს – ეს აუფასურებს. რამდენით აუფასურებს, 100%-ით?

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კი ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ლარს ვერ უშველის ეროვნული ბანკის ინტერვენციები. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი უკვე აისახა თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.

ეკონომიის ჩამოშლას პროგნოზირებს რომან გოცირიძე. ის ამბობს, რომ ახლა ლარის ბედი და შესაბამისად, თითოეული მოქალაქის – ჩვენი ჯიბის ბედი დამოკიდებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალიან სწრაფ და გადაუდებელ მოქმედებებზე.

რას მოიმოქმედებს ხელისუფლება – არ ვიცით, ეროვნული ბანკის მიერ მილიონობით დოლარის გაყიდვა კი ფაქტია, ლარს და შესაბამისად ფასების ზრდას, ვერ აჩერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები