აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოებაში პირბადეს არ ატარებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ის იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა.

“გავიკეთე და ვფიქრობ, მარტოხელა რეინჯერს ვგავარ” – თქვა მან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ეს მოსწონს.

აქამდე დონალდ ტრამპს არ მოუწოდებია მოქალაქეებისთვის, რომ სამედიცინო ნიღბები ეტარებინათ, თუმცა, როგორც ჩანს, არსებული ვითარების გამო, მან სხვა ლიდერების მიბაძვა დაიწყო.

“მე პირბადეების მომხრე ვარ. ვფიქრობ ნიღბები ძალიან კარგია. ხალხი ნახავს, რომ მე მას ვატარებ. თუ მოვხვდები ასეთ სიტუაციაში აუცილებლად გავიკეთებ. საერთოდ, არ ვარ პირბადეების წინააღმდეგი, თუ ადამიანები მასში თავს კარგად გრძნობენ, უნდა გაიკეთონ”, – თქვა მან.

 

სხვა ქვეყნის ლიდერები

სხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის კანადელი ჯასტინ ტრუდო და ფრანგი ემანუელ მაკრონი, საზოგადოების წახალისების მიზნით, მუდმივად ატარებენ დამცავ პირბადეებს. ტრამპმა კი არათუ ნიღბის ტარება არ ისურვა, ბაიდენი მისი მოხმარებისთვის გააკრიტიკა.

ვირუსის შესახებ კი ტრამპს ასეთი დამოკიდებულება აქვს: უსიამოვნება, რომელიც გაქრება.

 

ანტირეკორდები აშშ-ში

კორონა კი აშშ-დან არსად არ მიდის – როგორც ინფიცირების შემთხვევების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით შტატები პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

მხოლოდ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 898 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 682 270-ს მიაღწია.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, კორონავირუსს კიდევ 706 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვი 128 028-მდე გაიზარდა.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები