LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ – თეა წულუკიანმა კიდევ ერთი აქცია დააანონსა

51481
DisplayImage

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირები საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და ID მოწმობას უფასოდ მიიღებენ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, კი  საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მაისში, ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ.

“უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში – ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ – ეს არის კიდევ ერთი აქცია.

2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა – 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია „უვადო“. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას. შესაბამისად, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, ჩვენ მხოლოდ ამ მოქალაქეებისთვის გვექნება, როგორც პირადობის მოწმობა, ასევე, პასპორტი სრულიად უფასო.

ამის იქით, არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომლებიც ქაღალდის პირადობის მოწმობას ფლობენ, რომ: თქვენი პიროვნება, ვინაობა არის ადვილად გასაყალბებელი… შეიძლება, ისე გადაფორმდეს-გადმოფორმდეს თქვენი ქონება, ვერც კი გაიგოთ. ასევე, არსებობს რისკი, რომ, თუკი არაკეთილსინდისიერი ხელისუფლება იქნება სათავეში, ვინმემ საარჩევნო უფლება წაგართვათ.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას – იმ 401 000 ადამიანს, ვისაც ამჟამად ჯიბეში, ჩანთაში, უჯრაში გაქვთ ქაღალდის პირადობის მოწმობა, რომელიც ადვილად გასაყალბებელია და მასზე აწერია „უვადო“, ისარგებლოთ ამ აქციით და როგორც პირადობის მოწმობა, ასევე, პასპორტი, ორივე საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე მიიღოთ სრულიად უფასოდ,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები