LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში „მათი ფეხი“ არ იქნება: რას ამბობს ოპოზიცია ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ

140
არცჰევნებ

ქართული პოლიტიკური ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ჩიხში შევიდა. ოპოზიცია, რომელმაც ქართველი ხალხის მანდატი მოიპოვა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

მოწინააღმდეგე მხარეების მორიგებას დღეს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შეეცადა, ოპოზიციის პარტიის ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდა.

მასთან შეხვედრაზე მყოფ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ჯერჯერობით პოზიცია არ შეუცვლიათ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პარტიის პოზიცია, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ძალიან ვაფასებ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში. ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ იმაში, რომ კონკრეტულ კონსენსუსამდე მივიდეთ ისე, როგორც ეს მოხდა 8 მარტის შეთანხმების პერიოდში.  საერთოდ, კარგი იქნება, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად მივიდეთ შეთანხმებამდე, მაგრამ როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამისთვის ქართული პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის. ამიტომაც, ამ პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს საქართველოში ევროკავშირს ელჩთან. ახლა კიდევ ერთხელ გავცვალეთ მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. ეს იქნება 45 დღეში თუ გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე, ამ პოზიციას ვაფიქსირებ მედიასთანაც და დამოუკიდებელი შეხვედრების დროსაც“, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ის რომ ხელისუფლების სათავეში იყოს, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ახალ არჩევნებს დანიშნავდა.

ინაშვილმა „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა.

„მე ვთავაზობ „ოცნებას“, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა. შეუძლია მას ამის გაკეთება. მეცხრე მოწვევის პარლამენტს შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც და სხვათა შორის, შესაძლებელია, მეცხრე მოწვევის პარლამენტს კიდევ გაუხანგრძლივდეს საქმიანობის ვადა და ამ პერიოდში განვახორციელოთ ეს ცვლილებები. სხვადასხვა ვარიენტებზე შეგვიძლია მსჯელობა და განხორციელება“, – განაცხადა ინაშვილმა.

რა უთხრა ოპოზიციამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს: შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში

რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცესკოს გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი მეგობრები. ისინი ეძებენ გამოსავალს, – განუცხადა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მიღწეული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, კომპრომისი შესაძლოა მხოლოდ ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა იყოს, რისი გარანტიც კვლავ ფასილიტატორი ელჩები იქნებიან.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ბურჯანაძემ განაცხადა, მას ევროკავშირის ელჩმა უთხრა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად გადაწყვეტილებას ფასილიტატორები ვერ მიიღებენ.

შედით პარლამენტში: ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

კარლ ჰარცელს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილიც შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მეათე მოწვევის პარლამენტში მათი “ფეხი არ იქნება”.

„ელჩებს ჩვენ ვხდვებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი. ჩვენც ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ჩვენი ხალხის დავალებებიდან”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეკომენდაცია იყო ელჩის მხრიდან, ნათელაშვილი პასუხობს, რომ დიპლომატებს „რეკომენდაციების გადმოშლა” არ ახასიათებთ.

“ელჩები ძალიან დელიკატურად მოქმედებენ, რეკომენდაციები, დავალებები და საკუთარი დავალებების გადმოშლა არ ახასიათებთ. ისინი გისმენენ და ცდილობენ, მაქსიმალური კომპრომისი მონახონ, რათა შედეგი დადგეს. შედეგად მათ უნდათ დემოკრატიული საქართველო, სადაც ხელისუფლება იქნება არჩეული არა ასეთი გაწევა-გამოწევის ფონზე, არამედ ურთიერთშეთანხმებით და მაქსიმალური სამართლიანობით”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევნებზე არ მივიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები