“თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღეს და ტერიტორია გაასუფთავეს. კარვების დაშლა საახალწლო ღონისძიებას უკავშირდება. ადგილზე “სირცხვილიას” აქტივისტები და “ევროპული საქართველოს” წევრები იმყოფებოდნენ. ისინი კარვების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ 10 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილი და საშობაო მარკეტი მოეწყობოდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ინფრასტრუქტურის აღება წინააღმდეგობის გარეშე მოხდა, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა.

მოძრობა ” სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია და რომეო ფარულავაა.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ საბავშო ატრაქციონებია გაშლილი.

სამოქალაქო მოძრაობების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის შენობის წინ აქცია დაანონსეს. ისინი კარვების აღებას და საახალწლო ატრაქციონების დადგმას გააპროტესტებენ. გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია დღეს, დილი 12:00 საათზე დაიწყება და ახალი წლის დადგომის შემდეგაც გაგრძელდება.

მსგავსი თემები