მიმდინარე წელს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად საკმაოდ დიდი ბუფერები არსებობს და საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს და ამბობს, რომ საბანკო და ფინანსური სისტემა იქნება ერთერთი საფუძველი, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა ამ სიტუაციიდან.

„არანაირი პრობლემა არც ერთ ბანკში არ არსებობს, მათი სტაბილურობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში თუ მოხდა შერწყმა, თუმცა არ ვადასტურებ, რომ რაიმე შერწყმა იქნება, თუ რაიმე მოხდა, ეს არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიიდან მომდინარე ეკონომიკური პრობლემების ან იმის გამო, რომ ბანკს რაიმე ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენ გასული წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი საზედამხედველო ზომა გავატარეთ იმისთვის, რომ საბანკო სისტემის სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და გაგვემტკიცებინა,” – განაცხადა გვენეტაძემ. მისივე თქმით, მომგებიანი წლების დროს საკმარისი ბუფერების დაგროვება სწორედ რთული პერიოდისას ზარალის შთანთქმისთვის ხდება.

„საბანკო სექტორმა მარტის მდგომარეობით 1.2 მილიარდი ლარის სესხის შესაძლო დანაკარგის რეზერვები შექმნა. ეს არის პოტენციური და არა რეალიზებული დანაკარგი. საშუალოდ თუ შევხედავთ, მოგება ბოლო წლების განმავლობაში 900 მილიონი ლარი იყო, ყოველწლიური. ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ,” – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები