LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ შეამცირა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე – კვლევის შედეგები

139
BeFunky-collage (1)

როგორ შეცვალა პანდემიამ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება – საკითხზე კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე, შეამცირა.

მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და ექსპორტით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ის მიმართ 9%-იყო. 2020 წელს საქართველომ იმავე გზებით რუსეთიდან დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის მიმართ დაახლოებით 5.7%-ია.

ამავე მონაცემებით, ინვესტიციებთან ერთად, შემცირდა რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებაც.

საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მონაცემებზე დაყრდნობით არის განხილული.

ექსპორტი

 

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11,2%-ით შემცირდა. თუმცა, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13,1%-დან 13,2%-მდე მცირედით გაიზარდა, რადგან ქვეყნის ჯამური ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა (12%-ით), ვიდრე რუსეთში ექსპორტი. 2020 წელს საქართველოდან რუსეთში 441 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 120 მლნ აშშ დოლარით. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა;

  • მეორე ადგილი ფეროშენადნობებმა დაიკავა – 109 მლნ დოლარით, რაც 2019 წელთან შედარებით 5%-იანი კლებაა;
  • მესამე ადგილზე მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იყო 44 მლნ აშშ დოლარით, რომელიც, 2019 წელთან შედარებით, 27%-ით შემცირდა;

2020 წელს ქართული სპირტიანი სასმელების რუსეთში ექსპორტმა 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9,3%-ით ნაკლებია.

 

იმპორტი

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტს მზარდი ტენდენცია აქვს. 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. რუსეთს საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება.

2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 887 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა რუსული პროდუქტის წილი იმპორტში 10.3%-დან 11.1%-მდე გაიზარდა. წილის ზრდის მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან იმპორტი უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი იმპორტი (შემცირდა 16%-ით).

  • რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (15%) ბენზინს უჭირავს;
  • მეორე ადგილზე ხორბალია. 2020 წელს რუსეთიდან 107 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 488 ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ. 2019 წელთან შედარებით ზრდა 18%-ია. ამავე დროს, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 99,4% რუსული ხორბალი იყო.
  • რუსეთიდან იმპორტში ასევე მნიშვნელოვანი წილი (5%-მდე) უჭირავს მზესუმზირის ზეთს, რომლის იმპორტი 2020 წელს 21%-ით გაიზარდა და 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

ტურიზმი

პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ, როგორც სხვა ყველა ქვეყნიდან, ისე რუსეთიდანაც შეამცირა ტურისტების რიცხვი.

2020 წელს საქართველში 86%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან, ვიდრე 2019 წელს. 2020 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარამდე დახარჯეს, მაშინ, როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 700 მლნ აშშ დოლარი იყო.

ვირუსის გავრცელების გამო, აპრილიდან ტურიზმის ფაქტობრივად შეჩერებით, 2020 წელს საქართველომ დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგა. ეს თითქმის 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთიდან ტურიზმის სრული შეწყვეტით იზარალებს საქართველო.

 

ფულადი გზავნილები

როგორც TI-ში განმარტავენ, ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2019 წელს – 25%.

“ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები მცირდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდება. რუსეთიდან გზავნილებმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ნავთობის ფასის დაცემამ და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ასევე, ბოლო წლებში ქართველ ემიგრანტთა ახალი ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებისკენ უფრო მიემართებიან, ვიდრე რუსეთისკენ, რამაც ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობა გაზარდა. ყოველივე ეს გზავნილებში რუსეთის წილის შემცირებას იწვევს”.- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებითვე, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში გადმორიცხული თანხა 153 მლნ აშშ დოლარით (8.8%-ით) გაიზარდა. აქვე მითითებულია, რომ “პანდემიის ფონზე ზრდა არალოგიკურია, რადგან იმ ქვეყნებშიც ეკონომიკური კრიზისია, საიდანაც ემიგრანტები ფულს აგზავნიან”.

“პანდემიის ფონზე ფულადი გზავნილების ზრდა გამოიწვია იმან, რომ ის თანხები, რაც წინა წლებში პირადად შემოქონდათ ემიგრანტებს საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის გართულების გამო, ახლა ფულადი გზავნილებით გადმოირიცხა. თუმცა, 2020 წელს წინა წლების ტენდენცია გაგრძელდა და რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65 მლნ აშშ დოლარით (15%-ით) შემცირდა. რუსეთის წილი კი მთლიან გზავნილებში 19.3%-მდე შემცირდა”.

 

 

დასკვნა

ორგანიზაცია ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით აცხადებს, რომ რუსეთზე დამოკიდებული ქართული ეკონომიკა ბუნებრივად შემცირდა.

დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება. საფრთხის მხრივ, ექსპორტ-იმპორტი იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი სრულად შეწყვეტა გაცილებით იოლია, ვიდრე ტურიზმის და ფულადი გზავნილების.

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ის გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე:

  • პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
  • მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
  • წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;
  • პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა გახდეს.

პოპულალურები