LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია და “ვაქცინების კონკურსი”: რომელი აღმოჩნდება უფრო ეფექტიანი

112
126808399-705498247032869-59839218074407725-n (1)

გლობალური პანდემიის სამართავად და მასთან საბრძოლველად მსოფლიომ მრავალ მეთოდს მიმართა, თუმცა 2020 წლის დასაწყისშივე, ყველა შეთანხმდა, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად, ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინის შექმნა იქნებოდა.

კოვიდპანდემიის მიმდინარეობის პარალელურად, მრავალმა სამედიცინო კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო მუშაობა ვაქცინის შექმნაზე.

დამაიმედებელი შედეგები კი თითქმის 10-თვიანი ექსპერიმენტების შემდეგ ქვეყნდება.

100%-იანი ეფექტიანობა ჯერ ვერც ერთმა ვაქცინამ ვერ აჩვენა, თუმცა არც ეს პროცენტებია ურიგო: 70%, 90% და 95%.

დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით, რომელსაც BBC ავრცელებს:

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს მიერ წარმოებულმა ვაქცინამ მხოლოდ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ეს მაინც დღის იმედისმომცემ სიახლედ იქცა, რადგან ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინაზე მუშაობით შესაძლებელია მისი ეფექტიანობის გაზრდა 90%-მდე.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პანდემიასთან საბრძოლველად ახალი ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მათი პროგნოზით, ეს შედეგი კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმ პერიოდთან, როდესაც ვაქცინების გამოყენება შეგვიძლია ვისუსის გასანადგურებლად.

აქვე, ცნობილი ხდება, რომ ამ ვაქცინის ღირებულება უფრო ნაკლები, მისი შენახვა-ტრანსპორტირება კი გაცილებით ადვილი იქნება.

ახლა მთავარია, მარეგულირებელმა ორგანოებმა ის დაამტკიცონ.

ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა კომპანიას უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რომელიც 50 მილიონ ადამიანს მოხმარდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, მიუხედავად პირველადი მონაცემებისა,  ეს უკვე ფანტასტიური შედეგია.

დღის გაცილებით დამაიმედებელი ინფორმაცია კვლავ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინას უკავშირდება, რომელიც შესაძლებელია 1 დეკემბრამდე დამტკიცდეს.

Bloomberg-ი Telegraph-ის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაქცინამ, რომლის ეფექტიანობაც ახლა ყველაზე მაღალია – 95%-ით, შესაძლოა დიდი ბრიტანეთისგან მწვანე შუქი მიიღოს ერთ კვირაში.

როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნულმა სამსახურმა შეიმუშავა გეგმა ვაქცინის ადმინისტრირების დაწყების შესახებ.

Pfizer-ის მისი მესამე ფაზის კვლევის შედეგებმა  18 ნოემბერს აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტიანია 95%-ით და ის როგორც ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვანი პაციენტებისთვისაც განსაკუთრებულ გვერდით შედეგებს არ ავლენს.

რაც შეეხება ვაქცინების სამეულის მომდევნო წევრს, ეს Moderna-ს ექსპერიმენტული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობაც კოვიდთან ბრძოლაში 94.5%-ით განისაზღვრა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა განაცხადა, თითო დოზის ღირებულება 25-დან 37 დოლარამდე იქნება, თუმცა საბოლოო ჯამში, მის ღირებულებას განსაზღვრავს ვაქცინების ის რაოდენობა, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა შეიძენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები