LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“ – რას ამბობს „ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

519
BeFunky-collage (1)

„ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, სააკაშვილს ამ ეტაპზე კვლევები უტარდება, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კი მას შემდეგ გასაჯაროვდება, როცა პაციენტის ნებართვა ექნებათ.

„ზოგადად, ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის უპირველესია, მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის – არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს, როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით, შემდეგში გავასაჯაროვებთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ნადირაძემ.

ნინო ნადირაძის განცხადებითვე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება კვლევების ჩატარებას.

„ვერ გეტყვით, ეს ხომ არ არის მათემატიკა, სადაც 2-ჯერ 2, არის 4… თქვენ როგორ გგონიათ, რომელიმე პაციენტს ჩვენ ცუდ პირობებში მოვათავსებთ? ევროპული ღირებულებები არის ადამიანების თანასწორობა, ჩვენთვის ყველა ადამიანი, ყველა პაციენტი, მიუხედავად იმისა, ის არის მსჯავრედებული, თუ თავისუფლებაზე მყოფი, ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია, მათი პირადი მონაცემები არის ერთანიარად დახურული, თუ ისინი ამის გასაჯაროებას არ ისურვებენ. ბატონი მიხეილი კვლევის პროცესშია“, – განაცხადა ნადირაძემ.

“ვივამედის” დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა გიული ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილზე მძიმე პაციენტები არ ჰყოლიათ.

„ქალბატონმა გიულიმ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნუზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არც ერთი დაავადების მკურნალობა… ერთს გეტყვით, პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ნადირაძემ.

ნინო ნადირაძემ კომენტარი გააკეთა ასევე სააკაშვილის პირად ექიმთან, ნიკოლოზ ყიფშიძესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას პირადად არ იცნობს.

„მე ჩემი კლინიკის ლიცენზირებულ, მაღალკვალიფიციურ ექიმებზე ვაგებ პასუხს, დანარჩენზე პასუხს ვეღარ გაგცემთ. ჩვენ კანონმდებლობის ჩარჩოებში ვმოქმედებთ, მე საერთოდ არ დამინახავს ნიკოლოზ ყიფშიძე, ჩემთვის არ მოუმართავს. ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს არ ვიცნობ, იმედია, გავიცნობ და კარგი კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ნადირაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები