„მთავრობამ ის ბოლო ტოტი მოჭრა, რომელსაც ისინი ებღაუჭებოდნენ“,– ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა საქართველოში ოკუპანტი რუსეთის დეპუტატის ჩამოსვლას და  დუმის დეპუტატის მიერ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გაძღოლას.

“ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ “რუსთავი 2″–თან.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში და მისი ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმეკვირიანი შეყოვნების შემდეგ გადასცეს.

2018 წლის 21 მარტს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. გუშინ, 26 ივნისს კი, პრემიერ-მინიტრ მამუკა ბახტაძისგან ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები