LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი პირის მძევლად აყვანისთვის დაკავებული გიორგი მენაბდიშვილის პროტესტი: ბრალდებული შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

94
FORTUNA.GE-

ყოფილი პოლიციელი, გიორგი მენაბდიშვილი, რომელიც ორი ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო IPN დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით წერს.

როგორც სახაზინო ადვოკატი ქეთევან გაგოევი ამბობს, დაკავებულს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, თუმცა მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს:

“რამდენიმე წუთში, გამომძიებელთან ერთად შევალ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და სავარაუდოდ, მას წარედგინება ბრალდება. რაც შეეხება შიმშილობას, ჩემი ინფორმაციით, ის გუშინდელი დღიდან შიმშილობს და როგორც ჩემთან საუბრისას განმარტა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა, იგი მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, აწუხებს კუჭი და საერთოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. რაც შეეხება პროცედურებს, როგორც მოგახსენეთ, მას სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში წარედგინება ბრალდება, რის შემდეგაც გორის რაიონულ სასამართლოში ჩაინიშნება მის საქმეზე პირველი სხდომა.” – განაცხადა ადვოკატმა IPN-თან საუბრის დროს.

როგორც სააგენტო წერს, გაგოევის ინფორმაციით, მენაბდიშვილი დუმილის უფლებას ინარჩუნებს და დაცვაზე უარს აცხადებს, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოჯახის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ადვოკატის გარდა, მენაბდიშვილის საქმეში, სავარაუდოდ, სხვა ორი ადვოკატი ჩაერთვება.

ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი მენაბდიშვილმა 16 იანვარს კასპში, ქვის საამქროში მძევლები აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ მან მძევლები გაათავისუფლა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები