ონლაინ განათლება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება, რადგან აწმყოში შეცვლილია ინფორმაციის მიღება-გაცემის არხები, კომუნიკაციის ფორმა და ზოგადად, ადამიანის ცნობიერების ფოკუსი, რომელზეც თავისი გავლენა ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოახდინა. რა დადებითი მხარეები აქვს ონლაინ სწავლების მეთოდს – ამ თემაზე “ფორტუნა აკადემიას” ქოუჩი ირინა ჭოჭუა ესაუბრა.

მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტები დიდი ხანია სარგებლობენ ონლაინ სწავლების მეთოდით….

ონლაინ სივრცე გვაძლევს საშუალებას ამოუწურავი ინფორმაცია მივიღოთ. განსაკუთრებით, ეს ეხება უმაღლეს განათლებას, რადგან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები უკვე დიდი ხანია გადავიდნენ სწავლების ონლაინ პლატფორმებზე, და მეტიც, არაერთი კურსი სრულიად უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის. ამ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიმუშავოთ ის უნარ-ჩვევები, რაც ონლაინ განათლების მიღებისთვის აუცილებელია.

რა უნარები ყალიბდება ონლაინ სწავლების დროს?

პირველ რიგში, ეს ძალიან პრაქტიკულია, რადგან არ გულისხმობს ერთ კონკრეტულ სივრცეში არაერთი საათის გატარებას. ონლაინ პლატფორმებზე მოწოდებული მასალა გაცილებით ინფორმატიული და დროზე მაქსიმალურად მორგებულია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს სრულიად თავისუფლად შეუძლია მიღებული მასალების შესწავლა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების დროში გადანაწილება. თან, თუ გავითვალისწინებთ ზეტ თაობის მთავარ განმასხვავებელ ნიშანს, მათ დიგიტალურობას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მომავალი ონლაინ განათლების და შესაბამისი პლატფორმებისაა. თავის მხრივ, ზეტ თაობის სწრაფვა „ტექნოლოგიური ცხოვრებისკენ“ სრულიად შეცვლის მომავალ სოციო-ეკონომიკურ სურათს და ამ ცვლილებაში დიდ როლს სწორედ კომუნიკაციის და სწავლების ახალი პლატფორმები ითამაშებენ.

ასევე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ონლაინ სწავლება აყალიბებს ადამიანში, არის თვითდისციპლინა. რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავისუფალ რეჟიმში სწავლა მოითხოვს დროში გადანაწილებულ საქმიანობას. შესაბამისად, როდესაც სწავლის დაგეგმვის პასუხისმგებლობა გადმოდის კონკრეტულ ინდივიდზე, ის გამოიმუშავებს თვითმოტივაციის უნარს და მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებას. ინტერაქციის ფორმები კი მოითხოვს მეტ სისხარტესა და მოქნილობას კომუნიკაციაში, აზროვნებაში და ქმედებებში.

სასკოლო განათლებაში ონლაინ პლატფორმების არსებობა, პირველ რიგში, გვაძლევს საშუალებას კონკრეტულ პროგრამებს ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომები თითოეულ მოსწავლესთან. ამასთანავე, ამ პროცესში ჩართულია არამხოლოდ მასწავლებელი ან სასკოლო პერსონალი, არამედ უშუალოდ მშობელი გაცილებით მეტი დოზით, ვიდრე ტრადიციული სასკოლო განათლების ფორმატში. მშობელი გამოდის ერთგვარი მენტორის როლშიც, რომელიც მუშაობს ბავშვის სამოტივაციო სისტემის ჩამოყალიბებაზე, აკვირდება პროცესს და აქვს საშუალება ბავშვთან ერთად გაზომოს პროგრესი. თუკი გავითვალისწინებთ ქოუჩინგურ მიდგომებს სასკოლო განათლების სისტემაში და მის მნიშვნელობას, ონლაინ წავლების პროცესში ეს მიდგომები მეტად დანერგილია როგორც მენტორიგნის, ასევე პიროვნული და პროფესიული განვითარების სახით.

დროის ფაქტორზე როგორ აისახება ეს მეთოდი?

ეს მეთოდი პრაქტიკულია – შეგიძლიათ არ შეჩერდეთ მხოლოდ ერთ პროფესიაზე და აირჩიოთ სხვა თქვენთვის საინტერესო მიმართულებები. ეს გაცილებით ხელმისაწვდომია კურსების ღირებულებიდან გამომდინარე. ზოგ შემთხვევაში კი სრულიად უფასოა. ონლაინ სწავლება თანამედროვეა, რადგან ტექნოლოგიური განვითარება პროგრესის სახით გამოხატულია სწორედ ამ სფეროში. მეტად მოქნილია, რადგან შეგიძლიათ თქვენი დრო გადაანაწილოთ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც მეტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას გაძლევთ. ასევე, თავად მოიწყოთ ის სასწავლო გარემო, რომელიც კომფორტული იქნება თქვენი სწავლებისთვის. განათლების ეს მეთოდი პასუხობს ახალ გამოწვევებს, რადგან ადამიანში ავითარებს თანამედროვე სამყაროში ადგილის დამკვირდებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ეკომეგობრულია, რადგან პროცესი მოიხმარს გაცილებით ნაკლებ მატერიალურ რესურსებს. და ბოლოს, ონლაინ სწავლება განათლების სფეროში ახალი სიტყვაა, რომელიც თავის სათქმელს უახლოეს მომავალში მასშტაბურად იტყვის.

მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05