მხატვარი გვანცა აფხაიძე, რომელსაც 20 წლის ასაკში დაუდგინეს სიმსივნის დიაგნოზი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც გვანცა წერს, წლების შემდეგ სიმსივნე დაამარცხა და სხვების მხარდასაჭერად ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“მე ვარ გვანცა აფხაიძე 28 წლის, ფსიქოდელიური ჟანრის მხატვარი და მე დავამაარცხე სიმსივნე!
გადავწყვიტე, ჩემი ისტორია დამეწერა და ამით მაგალითი მიმეცა სხვა ადამიანებისთვის რომ, მათაც საკუთარი ისტორიები გაგვიზიარონ.
კიბო განაჩენი არ არის და არც დასამალი ისტორიაა. ხანდახან მეამაყება კიდეც, რომ სიმსივნე მქონდა და გადავრჩი, თუმცა არ ვთვლი რომ ამის გამო გმირი ვარ !
20 წლის ვიყავი, როცა ძალიან შემთხვევით აღმომიჩინეს სიმსივნე, მახსოვს რამდენიმე დღე მამაჩემი სევდიანად დადიოდა და არ მელაპარაკებოდა, დედა ემიგრანტი მყავს და სკაიპით რომ რეკავდა სულ ტიროდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თუ უბრალოდ ცუდი ანალიზები მქონდა რატომ დამტიროდნენ, ბოლოს ჩემმა ყოფილმა ქმარმა გაბედა და მითხა: გვანცა ვარაუდობენ რომ ლიმფომა გაქვს და ბიოფსია აუცილებლად უნდა გაიკეთოო.
მე არ ვიცოდი ლიმფომა რა იყო, ავდექი და დავგუგლე, წავიკითხე რომ სიმსივნეა და მკურნალობას ექვემდებარება, მაშინვე გადავწყვიტე რომ გადავრჩებოდი, თუმცა მანამდე ძალიან რთული გზის გავლა მომიხდა, გავიკეთე 12 გადასხმა, თმა გამცვივდა და დავსივდი, სულ ცუდად ვიყავი და თავს მარტო ვგრძნობდი , იმიტომ რომ დედა არ იყო ჩემ გვერდით და არავინ მყავდა ვინც გულში ჩამიკრავდა და ვისთანაც გულამოსკვნილი ვიტირებდი, სულ ცოტა ხნით მაინც, მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად კარგად უნდა ვყოფილიყავი , რომ დედას ჯანმრთელი დავხვედროდი, თან 20 წლის ასაკში არაფერი ღირებული არ მქონდა შექმნილი და რადგან ვთვლი, რომ ყველა ადამიანი რაღაც მისიით იბადება დედამიწაზე, ალბათ იმისთვის რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს! გადავწყვიტე, რომ სანამ ამას არ გავაკეთებდი, მანამდე ჩემი სიკვდილი არ შეიძლებოდა.
უკვე ვთქვი, ყოველთვის მჯეროდა რომ გადავრჩებოდი, მაგრამ სიბრალულით რომ მიყურებდნენ ამაზე ვღიზიანდებოდი, მე სულ ვცდილობდი მეხუმრა ჩემ დაავადებაზე და სერიოზულად არ აღმექვა , ალბათ ამიტომაც გადავრჩი, გადავრჩი მაგრამ საშინლად გადავეჩვიე ხალხთან კონტაქტს მკურნალობის შემდგომ პერიოდში. ადაპტაციაში ხატვა და მუსიკა დამეხმარა.
როცა თმა გამცვივდა ძალიან ვნერვიულობდი, მაშინ ვფიქრობდი, რომ თუ კიდევ გამეზრდებოდა თმა, აღარასდროს შევიჭრიდი, მაგრამ მკურნალობის შემდეგ 6 წელი გავიდა და თმა ორჯერ გადავიხოტრე, მივხვდი, თმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ისევ მე ვარ, ყველა ჯერზე, უფრო ძლიერი და ჯანმრთელი მე! ჰო და კიდევ თუ სიმსივნე ოდესმე კიდევ დამემართება, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ღმერთთან , მე ისევ ვიმკურნალებ და ისევ გადავრჩები , ოღონდ ბავშვები ნუ დაავადდებიან!
და ბოლოს, ვინც ახლა მკურნალობს იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დამიკარგავს არასდროს და ნუ დაკარგავენ საკუთარი თავის რწმენას!”- წერს გვანცა აფხაიძე

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები