LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარიკო ხუციშვილი: „35 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო!..“

7675
nodariko-xucishvili_19

„რუსთავი 2“ 26 მაისს „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონის პირველ შესარჩევ ტურს თბილისში, „რუსთავი 2“-ის შენობაში ჩაატარებს. პოპულარული კონკურსი, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები სრულდება, საქართველოში, პირველ რიგში, ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა და მას ისეთი სახით წარუდგენს მსმენელს, რომ ძველი სიმღერები ხელახლა ჰიტდება.

ასევე პოპულარულები ხდებიან ის მომღერლები, რომელთაც ყოფნით გამბედაობა, მუსიკალურ კონკურსში გამოსცადონ თავი და დიდი მაყურებლის წინაშე წარდგნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.

ნოდარიკო ხუციშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც „მხოლოდ ქართულის“ წყალობით, პოპულარობა მოიპოვა და მსმენელისგან დიდი სითბო მიიღო. როგორც თავად გვითხრა ინტერვიუში, მისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ნოდარიკო ხუციშვილს ინტერვიუსთვის “ორანჟერიაში შევხვდით.

როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში „მხოლოდ ქართული“?

ნოდარიკო ხუციშვილი:

მთელი ცხოვრება მელომანი ვიყავი, თუმცა არასდროს მდომებია, რომ სცენაზე გავსულიყავი. შეიძლება, აქაური ამბავიც მოქმედებდა, პერსპექტივას ვერ ვხედავდი დიდ სცენაზე. ის, რომ მუსიკაში ვიყავი, ჩემმა წრემ განაპირობა, ბევრი მუსიკოსი მყავდა გარშემო. ჩემს სიმღერას მაინც გართობის ფორმა ჰქონდა. ბედნიერი ვიყავი ამ გარემოში და იქიდან გამოსვლა არ მინდოდა. რა საქმესაც ვაკეთებდი, ისიც მიხაროდა.

კომპლექსი არ გქონდა, როგორ შემოგხედავდნენ?

არა, სხვათა შორის, არ მქონია. საზოგადოების აზრი ნამდვილად მაინტერესებს, მაგრამ მუსიკაში კომპლექსი არასდროს მქონია. ვიღაცას მოეწონება, რასაც აკეთებ, ვიღაცას – არა. არ არსებობს, ისეთი მუსიკა შექმნა, რომელიც ყველას მოეწონება. ყოველთვის იქნება მეორე მხარე.

საბოლოოდ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა მაინც გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ასაკი მომცემდა იმის საშუალებას, რომ ადვილად გადამეტანა ის, რასაც 15-16 წლის ასაკში მარტივად ვერ შევხედავდი.

რამდენი წლის ხარ?

35-ის (იღიმის). ალბათ, რომ არ ვჩანდი, არავის ვეგონე, რომ ამხელა ვიყავი. ამ გადასახედიდან ძალიან სწორ დროს მივედი მუსიკალურ კონკურსში. უფრო ადვილია, ჩამოვყალიბდე, რას ვაკეთებ და საით მივდივარ. როცა ასეთ კონკურსში გამოდიხარ, სადაც მთელი საქართველო გიყურებს, ყველა გცნობს. 16 წლის ასაკში, პოპულარობა ყოველთვის არ იქნება მომგებიანი, ადამიანის ხასიათსაც არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, თავში აუვარდეს და ვერ გააკონტროლოს ბევრი რამ. 35 წლის ასაკში ბევრი რამ გაქვს ნანახი და იცი. რაც უფრო ფასეულია, იმას მეტად მიაქცევ ყურადღებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კიდევ იმიტომ ვიყავი მზად, რომ სოციალურ ქსელში კომენტარებსაც არ უმოქმედია ჩემზე. წერენ საშინელებებს. მე შორს ვარ „ფეისბუქისგან“, მაგრამ „მხოლოდ ქართულში“ ბავშვებზე სერიოზულად მოქმედებდა. არ მოვერიდები ამ სიტყვას, ზოგჯერ ავადმყოფურ კომენტარებსაც წერდნენ. ეს ყველაფერი ბევრად ადვილი იყო ჩემთვის და მძაფრად არ აღვიქვამდი. „მხოლოდ ქართულმა“ ბევრი კარგი რამ მომცა და იმ კარგზე უფრო ვკონცენტრირდი.

პირველი გამოსვლა უფრო ადვილი იყო თუ შემდეგი გამოსვლები?

პირველზე სხვანაირი გულისცემა იყო, ბევრი დადებითი წამოვიდა, მოულოდნელი და კარგი იყო. ყველაზე ემოციური იყო პირველი. მერე შესრულებული კომპოზიციები უფრო ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ პირველ გამოსვლას საუკეთესოდ ვიხსებ. მან ჩემთვის ახალი და საინტერესო ტალღა მოიტანა.

„მხოლოდ ქართული“ შენთვის რასთან ასოცირდება?

„მხოლოდ ქართულს“ საინტერესო ის აქვს, რომ ქართული სიმღერა ჩარჩოებიდან გამოიყვანა. ჩვენი მშობლების პერიოდში ეს მედიტაციაც იყო და იმ პერიოდიდან ასე ვთქვათ, გამოძვრომა. გიოს ვეუბნებოდი სულ, რომ თქვენ მუდამ რეპერტიციობდით-მეთქი, იკრობებოდნენ და სულ ერთად უკრავდნენ და მღეროდნენ… სუფრა, გიტარა და ქართული სიმღერა. ქართველებს ბევრი კარგი კომპოზიტორი გვყავს, რომელთა მელოდიებსაც არა აქვს ჩარჩო. მუსიკა დროს უნდა დაეწიოს. რთულია, „ჭრიჭინაში“ როგორც იყო, იმავე ტემპით შეასრულო სიმღერა. ტემპი აჩქარდა, ყველაფერი იცვლება, ძველს საინტერესოდ აახლებ. ამ კონკურსის მერე ქართულ სიმღერაზე შთაბეჭდილება ძალიან შეეცვლება. თან, როცა შენს ენაზე მღერი, სხვანაირად გამოხატავ ყველაფერს.

„მხოლოდ ქართულამდე“ შენთვის ქართული სიმღერა უფრო პრიორიტეტული იყო თუ უცხოური?

ვერ გამოვყოფ. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი რამეა. ჩემთვის მელოდია მელოდიაა. შეიძლება, ზოგისთვის ქართული უფრო მარტივად სრულდება, ზოგისთვის – უცხოური.

შენს საუკეთესო გამოსვლად რომელს მიიჩნევ?

ორი სიმღერა იყო ასეთი – ზვიად ბოლქვაძემ გამიკეთა მამუკა ჩარკვიანის „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“, მეორე კი ნიკოლოზ რაჭველის ვერსია იყო, ინოლა გურგულიას სიმღერაზე, ის ჩემი საყვარელი კომპოზიტორია, კარგი გაგებით ხულიგანი იყო იმ დროის. წინა დღეს მოვისმინე პირველად ორკესტრის ახალი ვერსია. სულ ორჯერ გავიარე რეპეტიცია. ძალია ბევრი მომღერალი კარიერას ისე ასრულებს, რომ ორკესტრთან ერთად ვერ გამოდის და ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო.

სცენაზე რაც დადექი, რა გამოსადეგი რჩევა გახსენდება?

დედაჩემისგან ვიცი, ბაბუა ჯაზკვარტეტში მღეროდა, მამაჩემსაც ეს უთქვამს, სცენაზე იყავი ის, რაც ხარო. პროცესით სიამოვნებას ვიღებ, არ ვნერვიულობ. კონკურსში ცოტა სანერვიულო იყო, მაგრამ გამოსვლისას მნიშვნელოვანია, იყო ინდივიდუალური და გულით გემღერებოდეს.

რა მოგიტანა „მხოლოდ ქართულმა“?

ბევრი კარგი რამ. დღეს ისეთი დროა, ადამიანს სჭირდება ტრამპლინი, პლატფორმა, რითაც ხალხს გაეცნობა. ასეთი კონკურსი ამის კარგი საშუალებაა. თუკი მონაცემები გაქვს, არ დაგჭირდება ბევრი წვალება და ეს კონკურსი მოკლე დროში მოგცემს ამას, ხალხიც გაგიცნობს და დიდ დარბაზში გამოსვლის გამოცდილებასაც მიიღებ.

თაყვანისმცემლების რაოდენობამ იმატა?

რა თქმა უნდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ სირთულეც აქვს – არანაირი აზრის მატარებელი, ცარიელი აგრესია წამოსულა, მაგრამ დადებითი ბევრად მეტი იყო.  გულწრფელად ვიტყვი, ცნობადობა ჩემი მიზანი არ ყოფილა. ბევრი თავგადასავალი მქონია ცხოვრებაში და შემიცვლია საქმიანობის სფერო. ამაზე კარგი რა უნდა მოეტანა? ადამიანებისგან ბევრ სითბოს გრძნობ, მუსიკაში ბევრი გზა ხსნილი გაქვს…

გაქვს გეგმები?

სულ არის რაღაც შემოთავაზებები. ბევრ რამეს ვაპირებ, გვინდა, სიმღერა ჩავწეროთ და კლიპი გადავიღოთ. ისედაც მსიამოვნებდა ეს პროცესი, ახლა კი ბევრად მოტივირებული ვარ. სხვა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. მაქვს ტურისტული კომპანია, რომლითაც საქართველოში დამყავს ტურისტები. ამ საქმიანობასაც არ მოვეშვი, მაგრამ ბევრი რამ ამოტრიალდა ჩემს ცხოვრებაში.

ბევრი რამ გადააფასე ამ ცვლილებებისას?

ძალიან ახალი ჩემთვის არაფერი ყოფილა ამ სფეროში. ყველაფერს ეჯახები, შენ თუ არა, შენი მეგობარი, ოჯახის წევრი. წლებმა და გამოცდილებამ მომცა იმის საშუალება, რომ იმედგაცრუებული არ ვყოფილიყავი.

შენი შვილისთვის მოგინდებოდა მომღერლის კარიერას?

შვილი არ მყავს, მაგრამ რომ მყავდეს, ყველაფერს ვინდომებდი, რაც თავად მოუნდებოდა. ჩვენს დროს იყო, რომ უნდა აგერჩია პროფესია, რომელიც პოპულარული იყო. მერე მივხვდი, რომ მშობლები ძლააუნებურად იმისკენ გიბიძგებენ, რაც თავად არ გამოუვიდათ. 17 წლის ასაკში ადამიანმა საერთოდ არ იცის, რა უნდა. მშობელი იხდის თანხას და ოთხი წლის შემდეგ შვილი მასთან ვალდებულად გრძნობს თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, შვილს თავისუფლება მისცე. მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ის საქმე, რითაც დაკავებული ხარ. ბევრ ადგილას მიმუშავია, სადაც მისვლა სულ არ მიხაროდა, კრედიტექსპერტიც ვყოფილვარ და მარკეტინგის მენეჯერი, გარემოს დაცვაშიც მიმუშავია. ტურიზმს შემთხვევით მივაგენი. და რაც მთავარია, მაქვს მუსიკა. ამაზე ვგიჟდები… ყველას ვურჩევ, თუკი შეუძლიათ დააბალანსონ, აარჩიონ ის საქმე, რომელიც უყვართ და უარსაც ნურაფერზე იტყვიან… გამოცდილება საინტერესოა.

ლოკაცია: კაფე „ორანჟერეა“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები