LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინუცა მაყაშვილი: „იმდენი ემოცია, ენერგია და რესურსი დავახარჯე პირად ურთიერთობებს, რომ ახლა მირჩევნია, ჩემს თავთან ურთიერთობაზე ვიფიქრო“

1751
mayashviliex7

ნინუცა მაყაშვილი ამინდის რუბრიკის წამყვანობასთან ერთად,  „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის წამყვანიც გახდა.

ნინუცამ ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, როდესაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს დაშორდა. წლების შემდეგ მან მეორე ნახევართან დაძაბული ურთიერთობის შესახებ „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა და ამ აღიარებით მთელი საქართველო აალაპარაკა.

დღეს ნინუცას ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა – ახალ ურთიერთობებს არ ეძებს და მხოლოდ კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.

ნინუცა მაყაშვილი:

შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ახალი გამოწვევა, უფრო ახალი ეტაპია, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. მინდოდა და მიხარია, რომ ნელ-ნელა დგება ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. როცა ამბობენ, რომ 30 წლის შემდეგ სხვა ცხოვრება იწყებაო, მგონი, ნამდვილად ასეა. მზად ვარ ამგვარი გამოწვევებისთვის და მინდა, გამომივიდეს ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს. სავარაუდოდ, გამომივა კიდეც. ჯერ ვერ გეტყვით, რა მაქვს ჩაფიქრებული. მინდა, ჩემი საქმე მქონდეს, თუმცა დეტალურად მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებ, როცა გამოვა.

სულ გინდოდა მჭიდროდ ტელევიზიასთან თანამშრომლობა?

ძალიან დიდი ხანია, მაქვს ტელევიზიასთან შეხება და მიმუშავია თითქმის ყველა არხზე ყველა ამპლუაში. სულ მინდოდა „რუსთავი 2“-ში მუშაობა და ეს სურვილიც ამისრულდა. ვარ იქ, სადაც ყოფნა მთელი ცხოვრება მსურდა.

პირველი ეთერი წამყვანის ამპლუაში არ იყო ნერვიულობასთან დაკავშირებული?

რა თქმა უნდა. ზოგადად, ეს საქმე საპასუხისმგებლო, რთული და სანერვიულოა. „რუსთავი 2“-ში თავიდან ამინდის რუბრიკაზე ავეწყვე და თავისუფლება მქონდა, ახლა კი აკადემიურობაა მნიშვნელოვანი, სიმშვიდე და სიწყნარე. ეს ჩემი მეორე მხარეა. ვფიქრობ, ხალხს მოსწონს, რომ ასეთიც შემიძლია ვიყო და ისეთიც. ადამიანს ორი მხარე აქვს, ამას მხოლოდ ჩემს პროფესიას ვერ დავაბრალებ, უფრო პიროვნულ შტრიხებს. ჩემს პროფესიაში ბოლომდე ვერ შევდექი (იცინის).

ასე მიიჩნევ?

კი, რადგან არ მომეცა ბოლომდე ჩემი პოტენციალის, ენერგიისა და რესურსის გამოყენების საშუალება. რთულია, როცა ჭიდაობ ამისთვის. ახლა ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე იქ, სადაც აქამდე ვიყავი. მსახიობობაზე ცოტა ხანს უარი მაქვს ნათქვამი. თეატრიდან რომ გამოგვიშვეს, სიმართლე გითხრათ, არც მიტირია, არც მინერვიულია. პირიქით, ესეც ახალ გამოწვევად მივიღე. მარიონეტს რომ ძაფებს მოაჭრი და თავის ნებაზე მიუშვებ, სწორედ ასეთი თავისუფლების შეგრძნება დამეუფლა.

ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს შევძლებთ ბედნიერების შენარჩუნებას იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ, მით უფრო კარგი იქნება. ჩემი გადასახედიდან, ძალიან გვაკლია ბედნიერება და სიმშვიდე. ყოველდღე გარეთ რომ გავდივარ, ბრძოლის ველი მგონია. ვინარჩუნებ მხიარულ ხასიათს, თუმცა მის მიღმა არსებობს ნინუცა, რომელსაც ხალხს ნაკლებად ვაჩვენებ. ისედაც მძიმე გარემოა და ხალხს ყოველდღიური ყოფითი პრობლემები არ უნდა მოახვიო თავს, შენით უნდა შეებრძოლო.

ახსენე სიტყვა სიმშვიდე. მისი მოპოვება, როგორც ვიცით, ბევრი ბრძოლის შედეგად შეძელი.

სიმშვიდე ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არ ყოფილა… პროფესორივით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია – 30 წელი ვახსენე… მგონია, რომ ამ პერიოდამდე ადამიანს აქვს იმის უფლება, დაუშვას შეცდომები, რაღაც ისწავლოს, აზრი გამოიტანოს, მერე უნდა გააანალიზო და მიხვდე, რა და როგორ გინდა. საკუთარ თავთან ჰარმონიას მოაქვს სიმშვიდე. შეიძლება, ასაკის ბრალიც იყოს, – მე და ჩემი თავი ერთმანეთთან ჰარმონიაში ვართ და ძალიან კარგად ვგრძნობთ ერთად თავს…

შენი სატელევიზიო აღიარების შემდეგ ხომ არ მოხდა ეს უცაბედი გარდატეხა?

ამ პრობლემით ცხოვრება ადვილი არასდროსაა. ყველას გავეცი პასუხი. მწყინს, რომ სიმართლის თქმის გამო ამ ქვეყანაში თავის მართლება გიწევს, თუმცა ვიტყვი, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებმა გაიგეს ყველაფერი, ლოგიკურად და გვერდში დამიდგნენ. დანარჩენს ვერ მოვთხოვ და არც ვთხოვ გვერდში დგომას და ამის გაგებას.

მიხარია, რომ ჩემი აღიარების შემდეგ უამრავმა ადამიანმა თვალი გაახილა, რეალობას შეხედა, მეც ასე ვარ და მოდი, მეც შევცვლი, რადგან ნინუცამ შეცვალა და ახლა კარგად არისო. ბევრმა მომწერა, რომ ახლა კარგად არიან. სულ ერთი ადამიანიც რომ გადარჩენილიყო, ამად ღირდა ეს ყველაფერი. იმდენი ადამიანია ასეთივე სიტუაციაში, ვერც აგიღწერთ. წლების განმავლობაში ვიმკურნალე ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან და ნევროპათოლოგებთან, ამასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე და ვისწავლე, რომ ის არ დარჩენილიყო იმავე ტრავმად, რომელიც წლების განმავლობაში იყო. ახლაც არის ეს ტრავმა, მაგრამ უკვე გადაშლილი ფურცელია. გადალახული ეტაპია და ამიტომაც ვისაუბრე ტელევიზიით. ეს არ არის მარტივი. ყოველთვის არსებობს ქვეცნობიერში და შეიძლება ამოტივტივდეს ნებისმიერ სიტუაციაში. უბრალოდ, მასთან გამკლავება უნდა ისწავლო. მე აღარ ვაძლევ ამის საშუალებას, რომ ჩემზე იმოქმედოს და დამანგრიოს.

პირადი ცხოვრების შემდგომ მოწყობაზე რამდენად იმოქმედა და ხომ არ გიშლის ხელს ახლაც ურთიერთობებში?

არ მიშლის, მაგრამ ახლა უფრო სხვანაირად ვუყურებ ურთიერთობებს. ხაზი არაფრისთვის გადამისვამს. ბედნიერების უფლება ყველას აქვს. თითოეულმა ურთიერთობამ, რაც იმ ადამიანთან გამოთხოვების შემდეგ მქონია, რაღაც მასწავლა – უმეტესად გულისტკივილითა და მორალური ტრავმებით დასრულებულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი ერთნაირია. ეს გამონათქვამი სისულელედ მიმაჩნია. არ მაქვს ეს დამოკიდებულება. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, არაფერია ამაზე კარგი და ორივემ უნდა იმუშაოს, რომ ეს ურთიერთობა კარგი გამოვიდეს. ადრე გულის ფანცქალს მივყვებოდი, ახლა გონებით ვსაზღვრავ. სარფიანად უნდა გავთხოვდე-მეთქი, ამას არ ვგულისხმობ, ჩავრთე გონებაც, რადგან ემოციას ასეთ დროს არ მოაქვს ბევრი კარგი რამ.

და როგორი ადამიანისკენ მიგიწევს გული?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვიყოთ სასწაული მეგობრები. როცა ადამიანში ბოლომდე ხარ დარწმუნებული და ენდორფინების მოზღვავებაზე არ ხარ დამოკიდებული, ეს მნიშვნელოვანია. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია მეგობრული კომუნიკაცია, ერთი რომ იწყებს ფრაზას და მეორე ამთავრებს. იმასაც ვიტყვი, რომ ახლა არავისკენ მიმიწევს გული (იცინის). არ ვიცი, როგორ ჟღერს, მაგრამ ეს ემოცია საერთოდ გამეთიშა და ვფიქრობ მხოლოდ ჩემს გეგმებზე, რომელთა განხორციელებაც მინდა. იმდენი ემოცია, ენერგია და რესურსი დავახარჯე პირად ურთიერთობებს, რომ ახლა მირჩევნია, ჩემს თავთან ურთიერთობაზე ვიფიქრო. აღარც გართობის ასაკი მაქვს. როცა შენს თავთან კარგად ხარ, მერე სწორი ადამიანები მოდიან შენთან!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები