LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია ჯანდაცვის მინისტრს: ძალიან არასწორია გამოძიების პროცესში კვალიფიკაციის გამოცხადება

79
ლომჯარია და აზარაშვილი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დევნილების დასახლებაში – სანატორიუმ „ქართლში“ იმყოფებოდა და მათი პრობლემების შესახებ პირადად დევნილებისგან მოისმინა.

ნინო ლომჯარიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მედიასთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადება შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ გუშინ დევნილთა დასახლებაში მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევა იყო და „სამარცხვინოა გარდაცვლილის გარშემო აგორებული ნარატივი“.

ომბუდსმენის შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება, ძალიან არასწორია მაშინ, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია.

„მითუმეტეს, რომ გავესაუბრე შემთხვევის თვითმხილველებს, ვინც გარდაცვლილს იცნობდა, წინა დღეებში ჰქონდა ურთიერთობა და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა ან უბედური შემთხვევა, თუმცა, მე, რა თქმა უნდა, დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება ცალსახად არასწორად მიმაჩნია. მითუმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“,- განაცხადა ომბუდსმენმა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, იგი მზადაა შეასრულოს მედიატორის როლი ხელისუფლებასა და დევნილებს შორის, რომლებიც პანსიონატ „ქართლის“ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, სწრაფად მოაგვაროს ნგრევადი სტატუსის მქონდე შენობაში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც ობიექტი სახიფათოა საცხოვრებლად ადამიანისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილას განთავსება. მითუმეტეს, რომ აქ ცხოვრობენ ბავშვები.

ასევე მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფო თვლის, რომ იმ შემოთავაზებულ თანხად, რასაც დევნილებს ის სთავაზობს, ანუ 550 დოლარად, შესაძლებელია იმ ფართის ბინების შესყიდვა რისი ლიმიტიც აქვთ აქ დევნილებს, მაშინ პირველ რიგში, ეს მან უნდა განახორციელოს.

როგორც დევნილებთან გასაუბრებით მე დამრჩა შთაბეჭდილება, ისინი ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ მოეძებნათ ამ თანხის ფარგლებში ადეკვატური, საცხოვრებლად ვარგისი ობიექტები, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს სამინისტროს წაყენებული ამ თანხის გადმორიცხვის სანაცვლოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის ფარგლებში იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც სამინისტრო დევნილებისგან ითხოვს.

ამიტომ თუ სამინისტრო ფიქრობს, რომ შეთავაზებულ თანხად შესაძლებელია ბინების შესყიდვა, პირველ რიგში, ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს, თავად შეიყიდოს ეს ბინები და გადასცეს დევნილებს, რომლებსაც უამრავი ყოფითი პრობლემა აქვთ და ძალიან უჭირთ, ბევრი მათგანი არის ხანდაზმული. აქვთ სხვადასხვა პრობლემები და ძალიან რთულია ამ ბიუროკრატიულ პროცესებთან გამკლავება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ამ ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ დიდი ხანია ინფორმირებულია.

ცნობისთვის, დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ ტრაგედია გუშინ მოხდა – დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. უწყების ინფორმაციით, ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

სახალხო დამცველი დევნილთა სააგენტოს მოუწოდებს, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებლებისთვის, ქირით უზრუნველყოფის დაპირება გასცეს

ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ – ჯანდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

„ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო…“ – გარდაცვლილი დევნილის და

არც მინისტრი შეხვდა დევნილებს და არც პრემიერ-მინისტრი – ფეხებზე დაიკიდეს მათი პრობლემა: ნიკა გვარამია

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით: გიორგი ვაშაძე დევნილთა დასახლებაში მომხდარზე

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ „ქართლის“ დევნილების საკითხი: ელენე ხოშტარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები